ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგმა თამარ სულიაურმა ამ სკოლაში მუშაობა, განაწილებით, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტის დასრულებისთანავე დაიწყო.

მაშინ 22 წლისა იყო. დღესაც სითბოთი და სიყვარულით იხსენებს ამ სკოლის იმდროინდელ პედაგოგებს, რომლებიც მის პროფესიულ ზრდას ყველანაირად ხელს უწყობდნენ.

ქალბატონ თამარს, 50-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში, საკუთარ თავზე მუშაობა არასოდეს შეუწყვეტია. მუდმივად ვითარდებოდა და არც ცვლილებები აშინებდა.

დიდ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების მიმართ, სადაც, პარალელურად, 30 წლის განმავლობაში ასწავლიდა.

იმ სკოლის დატოვებაზე არასოდეს უფიქრია, სადაც მისი „პროფესიული ნათლობა“ შედგა. თავს ბედნიერად თვლის, რადგან სწორედ იმ საქმეს აკეთებს, რაც მისი ცხოვრებისეული მოწოდებაა.

ქალბატონო თამარ, როგორ ახერხებდით ქიმიის დისტანციურად სწავლებას?

– ქიმიის დისტანციურად სწავლა რთულია. მას თან ბევრი ხარვეზი ახლავს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცდილობდით და ვახერხებდით კიდეც გაკვეთილების კარგად წარმართვას.

დისტანციური სწავლების დროს განვლილი მასალა რომ გამოვკითხე, უკვე საკლასო ოთახებში დაბრუნებულ ჩემს მოსწავლეებს, გამოიკვეთა, რომ მათ ის კარგად გაიგეს და ისწავლეს.

ჩემი, როგორც პედაგოგის ჩვევაა, რომ მოსწავლეებს თვალებში ვუყურებ. მათი თვალებიდან ვიგებ, გაკვეთილი გაიგეს თუ არა. ამ შესაძლებლობას დისტანციური სწავლების დროს მოკლებული ვიყავი. ექსპერიმენტის ჩატარების საშუალებაც მოგვეცემა, რაც ქიმის შესასწავლად აუცილებელია. აქედან გამომდინარე, მიხარია სწავლა საკლასო ოთახებში რომ განახლდა.

ბოლოდროინდელი კვლევებით დგინდება, რომ საქართველოში მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა უჭირთ. თქვენი, როგორც დიდი გამოცდილების მქონე პედაგოგის, მოსაზრება გვაინტერესებს, – რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

– ეს, ბევრწილად, დამოკიდებულია იმ განწყობაზე, რაც მოსწავლეს ექმნება. ჩემთვის არასასიამოვნო ფაქტია ის, რომ მოსწავლეები საგნებს ორ ნაწილად ჰყოფენ – გამოცდებისთვის ეს საგანი მჭირდება და ეს კიდევ – არა. სამწუხაროდ, ქიმიამ „არ მჭირდებასკენ“ გადაიწია.

ამ საგნის მიმართ მოთხოვნა მისაღებ გამოცდაზე შესუსტდა.

მასწავლებლის ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია. ქიმიის პირველსავე გაკვეთილზე ვცდილობ, ბავშვებს ამ საგნის მნიშვნელობა დავანახო. ავუხსნა, რომ ქიმიას ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში, ქვეყნის ეკონომიკისა და თავდაცვითი ძლიერების განმტკიცების საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს.

საუზმიდან დაწყებული, კოსმოსური ხომალდის გაფრენამდე ყველგან ქიმიაა.

ქიმია მხოლოდ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად არ არის საჭირო. მისი ცოდნა იმაში გვჭირდება, რომ ესა თუ ის ნივთიერება სწორად გამოვიყენოთ. მაგალითად, რომ არ დავიწვათ, ან რომ არ მოვიწამლოთ, დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან და ა.შ.

ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ გაკვეთილები შეგნებულად ისწავლონ. მასალის წაკითხვის შემდეგ საკუთარ თავს ჰკითხონ – რატომ არის ეს ასე.

პასუხს ადვილად რომ გასცემენ, მერე საგანში ცოდნის გაღრმავების სურვილი თავისთავად უჩნდებათ, მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას და ა.შ.

პედაგოგობა როგორ და რატომ გადაწყვიტეთ?

– მთავარი, რამაც პედაგოგობა გადამაწყვეტინა, ბავშვების სიყვარული იყო. ჩემი განვლილი ცხოვრების გზას როდესაც ვაანალიზებ, ვხვდები, რომ პედაგოგობა ზუსტად ის საქმეა, რომელიც უნდა მეკეთებინა.

რა სირთულეებს აწყდებოდით თქვენი პედაგოგობის სხვადასხვა ეტაპზე?

– სირთულეების გადალახვის ჩემეული მეთოდი მაქვს. ჩემი პედაგოგიური მუშაობის განმავლობაში ბევრი ცვლილება იყო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, ფეხი ამეწყო და საკუთარ თავზე მემუშავა. სწავლების ხარისხი, რომელიც მე მქონდა, არ ვიცი დაბალი იყო, თუ მაღალი, მაგრამ ვცდილობდი, ნიშნულს ქვემოთ არ ჩამოვსულიყავი. სირთულედ არ ვთვლი იმას, რომ საკუთარ თავზე მუშაობა მიხდებოდა.

რა არის ყველაზე თვალშისაცემი, რაც 30-40 წლის წინანდელ თაობას დღვანდელი მოსწავლეებისგან განასხვავებს?

– ვგრძნობ, რომ დღეს ბავშვები ერთმანეთისა და უფროსების მიმართ უფრო გაცივდნენ. ქიმია ტექნიკური საგანია, მაგრამ მაინც ვნახულობ ხოლმე დროს იმისათვის, რომ მოსწავლეებს მივანიშნო იმაზე, თუ როგორები უნდა იყვნენ საზოგადოებაში; როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ერთმანეთისა და უფროსების მიმართ.

ვცდილობ ავუხსნა, რომ  მათი საქციელი შეუმჩნეველი არ რჩება. მათდა შეუმჩნევლად, ვიღაც თვალს აყოლებს და აკონტროლებს. ისინი სკოლაში ოჯახის დესპანები არიან, სხვა ქალაქში რომ წავლენ – ხარაგაულის, ხოლო ქვეყანას რომ დატოვებენ – საქართველოსი. ეს ერთგვარი ჯაჭვია და პასუხისმგებლობა.

რას ნიშნავს თქვენთვისკარგი მასწავლებელი“?

– კარგ მასწავლებელს თავისი საქმე და ბავშვები ძალიან უნდა უყვარდეს. ის უნდა იყოს საგნის კარგი მცოდნე და პასუხისმგებლობის მქონე. პასუხისმგებლობის გარეშე კარგი ვერცერთ საქმეში ვერ იქნები.

ბავშვთან უნდა მიხვიდე როგორც მეგობარი. მისი სიხარული უნდა გიხაროდეს. მის ნაღვლიან თვალებს რომ დაინახავ, მისი ტკივილიც უნდა გეტკინოს. სიყვარული მართლაც ყველაფრის საწყისია.

– 5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. რას უსურვებთ კოლეგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ამ დღესთან დაკავშირებით?

– პირველ რიგში, მათ ჯანმრთელობას ვუსურვებ, რადგან ეს დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამავე დროს სიკეთეს, სიხარულსა და წარმატებებს იმ უდიდესი პასუხისმგებლობის საქმეში, რასაც მასწავლებლობა ჰქვია.

ჩვენი წარმატება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის წარმატებასთან.

პიროვნების ჩამოყალიბება, მისი ფორმირება და შემეცნების პროცესი მასწავლებლის ხელშია. აქედან გამომდინარე, დღევანდელი დღის არსებობა მათთვის მადლობის გადახდის კარგი საშუალებაა.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ყველა პედაგოგს ულოცავს პროფესიულ დღეს. მათ წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებთ.

ლიკა ხიჯაკაძე