
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – ხემაღალისა და ღვერკის მოსახლეობა შიშით იძინებს და იღვიძებს. მათი ყოველდღიური საფიქრალი ახლა ისაა, მოიმატა თუ არა მიწაზე ნაპრალებმა, კიდევ რამდენ ოჯახს გაასახლებენ დამეწყრილი სოფლებიდან, როგორ და სად იცხოვრებენ მომავალში?!
ამ ორ სოფელში ივნისის ბოლოს გააქტიურებულმა მეწყერმა სახლებისა და საავტომობილო გზების ნგრევა, წყაროების დაშრობა გამოიწვია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, მეწყერულ ზონაში ამ დროისთვის გეოლოგიური მონიტორინგის ქვეშ 50 ოჯახი იმყოფება, 30-მა ოჯახმა საცხოვრებელი სახლები დატოვა.
ყველა ოჯახს, რომელმაც საცხოვრებელად სახლი დაიქირავა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქირას გადაუხდიან. პირველადი საჭიროებისთვისაც, ოჯახისგან მოთხოვნის შემთხვევაში, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევენ.
რა ვითარებაა დამწეყრილ სოფლებში, – ამის გასარკვევად ხემაღალის მაცხოვრებლებს დავუკავშირდით.
„დასაიმედებელს ვერაფერს გეტყვით. დამეწყრილ ადგილებში ბზარები ყოველდღე მატულობს, მიწა იშლება და მასა მდინარე ყარნებასკენ იწევს, – ამბობს ოთარ კვინიკაძე, – იმ ტერიტორიას რკინიგზის, პოლიციის წარმომადგენლები და გეოლოგები მუდმივად აკვირდებიან. წყლის დინება თუ შეწყდა, ეს ნიშნავს, რომ მეწყერმა მდინარე დააგუბა და სანაპირო ზოლში, სოფელ ლაშეში მცხოვრები მოსახლეობა სასწრაფოდ უნდა გაასახლონ. მეწყერის ჩამოწოლის შემთხვევაში საფრთხე ემუქრება რკინიგზასაც.
სოფლამდე მოსასვლელი გზა უმძიმეს მდგომარეობაშია. ბეტონის ფილები მთლიანად აიყარა. მაღალგამავლიანი მანქანებით კიდევ შეიძლება გადაადგილება, მსუბუქი მანქანები ვეღარ ამოდიან.
ხემაღალში ახლა ცხრა ოჯახი ვრჩებით. ჩვენს სახლებსა და ეზოებში, ჯერჯერობით ბზარები არ შეინიშნება“.
„ხემაღალისა და ღვერკის მოსახლეობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს 22 ივლისს შევხვდით, – ამბობს ხემაღალში მცხოვრები ეშხა პაპავა, – ვითხოვთ თანხის დროულად ჩარიცხვას, დაზამთრებამდე სახლები რომ შევიძინოთ და საცხოვრებლად გადავიდეთ.
ამჟამად ზედა ხემაღალში, იქ სადაც ჯერ მეწყერული პროცესები არ შეინიშნება, ნაქირავებ სახლში ვცხოვრობ. საქონელი მყავს და სხვაგან ვერ მივდივარ. ეკომიგრანტების სააგენტოდან მეწყერისგან დაზარალებული ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა, 30 000 ლარი, მცირეა და სახლის ყიდვას ვერ შევძლებთ. მოქალაქეები ვითხოვეთ, რომ ჩვენი სახლები და ქონება საბაზრო ღირებულების მიხედვით შეფასდეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა გვითხრა, რომ ეკომიგრანტების სააგენტოს წერილობით მიმართა. მან დაგვაიმედა, რომ საკომპენსაციო თანხა გაცილებით მეტი იქნება. მერი დაგვპირდა, რომ უახლოეს მომავალში ისევ შეგვხვდება და ეკომიგრანტების სააგენტოდან მიღებულ სიახლეებს გაგვაცნობს.
შეხვედრაზე მერმა აღნიშნა, რომ ღვერკში შეაკეთებენ შემოვლით გზას, ხოლო ხემაღალის მიმართულებით ახალ, 1.5 კმ სიგრძის გზას გაჭრიან“.
გეოლოგები მეწყერის გამომწვევ მიზეზებს ამ დრომდე სწავლობენ. საბოლოო დასკვნის შემუშავებამდე ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ
რას შეეძლო ხემაღალსა და ღვერკში მეწყერი გამოეწვია, – ამ შეკითხვით „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძეს მივმართეთ.
„ეგ მთიდან წამოსული მეწყერი არ არის, ძალიან უჩვეულოა – ტექტონიკური მოძრაობით გამოწვეული, – ამბობს ნინო ჩხობაძე, – დედამიწის შიდა სიღრმისეული ქანებია გახლეჩილი. ქანებში რაღაც პროცესი მიმდინარეობს, რასაც გეოლოგები გამოიკვლევენ.
მესმის, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს საკუთარი სახლ-კარის დატოვება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. გეოლოგების რეკომენდაცია ყველამ უნდა გაითვალისწინოს და მეწყერსაშიში ადგილები სასწრაფოდ დატოვონ“.
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – ხემაღალისა და ღვერკის მოსახლეობა შიშით იძინებს და იღვიძებს. მათი ყოველდღიური საფიქრალი ახლა ისაა, […]
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად