გურამ კვირიკაშვილმა და მერი გოგნიაშვილმა ყველაზე კარგად იციან, თუ რა არის ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინების საფუძველი. მათ ხომ ცხოვრების 60 წელი ერთად გაატარეს. მათი სიყვარული წლების მატებასთან ერთად კიდევ უფრო მტკიცდებოდა.

ბატონი გურამისა და ქალბატონი მერის ურთიერთობა და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება ამტკიცებს, რომ სიყვარული დროის გამოცდას უძლებს.

გურამ კვირიკაშვილი, წლების განმავლობაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტის სასწავლო ნაწილის უფროსად, ხოლო ქალბატონი მერი გოგნიაშვილი – თბილისის საფინანსო-ეკონომიურ ტექნიკუმში მუშაობდა.

მათ ერთმანეთი საერთო ნაცნობმა გააცნო და მალევე დაქორწინდნენ. ახალგაზრდებმა 1961 წლის 21 ოქტომბერს თბილისში მოაწერეს ხელი და ქორწილიც დედაქალაქში გადაიხადეს. სადღესასწაულო სუფრა მეორე დღეს ხარაგაულში გაგრძელდა.

„ჩემს მეზობლად, პატარა ბინაში ხანშიშესული ქალი ცხოვრობდა,- იხსენებს ბატონი გურამი, – ამ ქალბატონის და, ჩემი მომავალი მეუღლის ბიცოლა იყო. მათ გადაწყვიტეს, რომ მე და მერის ერთმანეთს გაგვაცნობდნენ. ამის შესახებ ჩემმა მეზობელმა მითხრა და მერის ფოტოც მაჩვენა.

ერთმანეთს ერთი წლის თავზე შეგვახვედრეს. მერი იხსენებს ხოლმე, რომ ამ გაცნობის წინააღმდეგი ვიყავიო, მაგრამ ბიცოლას დაჟინებულ თხოვნას ვერ გადავიდა.

მერი დანახვისთანავე მომეწონა. ვთვლი, რომ სიყვარული პირველი შეხვედრისას იბადება. მე და მერი გაცნობის შემდეგ რამდენჯერმე შევხვდით. მერე ნიშნობა გვქონდა და მალევე დავქორწინდით. ჩემი მეუღლე მსაყვედურობს ხოლმე, რომ ჩემთვის ერთხელაც არ გითქვამს „მიყვარხარო“. იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანი გიყვარს, სიტყვები ზედმეტია“.

გურამ კვირიკაშვილსა და მერი გოგნიაშვილს სამი ქალიშვილი შეეძინათ – ნინო, თამუნა და ქეთევანი. მათ ერთი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ჰყავთ. მეუღლეები შვილების აღზრდაში თანაბრად იყვნენ ჩართულები.

რა არის ოჯახის სიმტკიცის საფუძველი? – ამ კითხვაზე ქალბატონ მერისაც და ბატონ გურამსაც ერთნაირი პასუხი აქვთ, – ურთიერთშეთანხმებულად მოქმედება და დათმობა მიაჩნიათ იმ მთავარ კომპონენტებად, რომელიც ოჯახის სიმტკიცის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

„60 წელი მშვიდად და ტკბილად ვიცხოვრეთ, – ამბობს ქალბატონი მერი, – სერიოზული კონფლიქტი არ გვქონია. ცოლ-ქმარმა უბრალო რაღაცისგან პრობლემა არ უნდა შექმნას. ასეთ შემთხვევაში კარგი ურთიერთობა ვერ ჩამოყალიბდება.

ხან ერთმა უნდა დათმოს რაღაც, ხან მეორემ. ერთმანეთს სიკეთითა და მზრუნველობით უნდა მოეპყრონ. ჩვენ სწორედ ასეთი ურთიერთობა გვაქვს. გურამი პირველივე დანახვისას მომეწონა. ასე რომ არ ყოფილიყო, დღეს ცოლ-ქმარი არ ვიქნებოდით. ის ყველანაირად კარგი ბიჭია“.

„როდესაც დავქორწინდით, მე 29 წლის ვიყავი, მერი – 24 წლის, – ამბობს ბატონი გურამი, – ნათქვამია, „ერთი ქოთანი ყველა ოჯახში დუღსო“, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ჩვენს შორის რაიმე სერიოზული დაპირისპირების გახსენება მიჭირს.

მცირე კამათი ადრეც გვქონდა და ახლაც გვაქვს ხოლმე; მაგალითად, ჩემი გარეთ გაშვება არ უნდა და მეუბნება, – მარტო რომ ვრჩები, ცუდად ვხდები, სულ ჩემს გვერდით იყავიო. დრო რაც უფრო გავიდა, მით უფრო მეტად დავახლოვდით. სამოცმა წელმა ძალიან სწრაფად გაირბინა“.

დაახლოებით ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბატონი გურამი და ქალბატონი მერი თბილისიდან ხარაგაულში დაბრუნდნენ საცხოვრებლად. ეს ბატონი გურამის დიდი სურვილი იყო, რადგან მას ხარაგაული ძალიან უყვარს.

სამსახურიდან გამომდინარე, აქ ხშირად ვერ ჩამოდიოდნენ ხოლმე. ახლა ხარაგაულში გატარებული ყოველი დღით იმ დეფიციტის შევსებას ცდილობენ. ხარაგაულში ცხოვრების დაწყების პირველ წელს გარკვეული პრობლემები შეხვდათ, მაგრამ ერთმანეთის გვერდით დგომითა და სიყვარულით ყველაფერი დაძლიეს.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ბატონ გურამსა და ქალბატონ მერის დღეგრძელობასა და ბედნიერ დღეთა სიმრავლეს უსურვებს.

ლიკა ხიჯაკაძე

ფოტოებზე: მერი გოგნიაშვილი და გურამ კვირიკაშვილი;

ქალბატონი მერი და ბატონი გურამი მოძღვართან, მამა ანტონთან (სულთანიშვილი) ერთად.