მარინა გოგიამ საკუთარი ბიზნესი ათი წლის წინ წამოიწყო. დღეს კაფე „დევების“ მენეჯერია და ამავდროულად, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ხატვის წრეს ხელმძღვანელობს.

„კვების ობიექტის გასახსნელად ფართი ქირავდებოდა, მე და ჩემმა მეუღლემ რომ ბიზნესის წამოწყებაზე ფიქრი დავიწყეთ. სესხი ავიღეთ და კაფე გავხსენით. კერძების კეთება ჩემს მეუღლესაც ეხერხება, მე ხინკლის გაკეთება ვისწავლე, ჩვენი დამხმარე – სხვა კერძებს აკეთებდა.

თავიდან მომხმარებელთან მუშაობა ძალიან მიჭირდა, – მსმელ კაცების სუფრასთან მისვლა სიკვდილივით მეზარებოდა. რეგიონში ეს კომპლექსი ძლიერია, მომსახურება „ტეხავდა“. დამხმარე მყავდა, რომელმაც კვების ბიზნესში „ფეხი ამადგმევინა“ – ის გადიოდა და მე ფანჯრიდან ვუყურებდი.

საქმეს გულით რომ აკეთებ და კლიენტისგანაც მადლიერებას იღებ, ეს გაძლიერებს. ნელ-ნელა მოვერგე, როცა დავინახე, რომ ვალიც გავისტუმრე და კიდევ რაღაც დამრჩა, – ამან სტიმული მომცა.

ცხოვრებას მივყევი, – ერთი საქმე გაჩერდებოდა, მეორეს ვიწყებდი. რამდენიმე წლის განმავლობაში მაღაზიაც ვამუშავე. ორი წლის წინ კი, პანდემია რომ დაიწყო, ყველაფერი გაჩერდა.

წამოვედი სახლში, 4-5 დღე ვერაფერს ვაკეთებდი. ვერ მოვისვენე,.. – ვიფიქრე, კლიენტი ვეღარ მოდის და ისეთ რამეს გავაკეთებ, რასაც გავყიდი.

გაყინული ნახევარფაბრიკატების წარმოება და რეალიზება დავიწყე. სააღდგომოდ პასკები დავაცხვე და გავყიდე, – არ გავჩერდი; ჩემი შემოსავალი, – ცოტა იყო თუ ბევრი, – სულ მქონდა. მსოფლიო იყო გაჩერებული და ჩვენ ვმუშაობდით. მერე კოვიდკლინიკის პაციენტების კვებაში ჩავერთე. ახლა ყველაფერს ერთად ვაკეთებ.

გარდა იმისა, რომ, როგორც ქალს, თავად მქონდა შინაგანი კომპლექსი, არასწორი დამოკიდებულება სხვისგან არასოდეს მიგვრძვნია. მადლობის მეტი რა მეთქმის საზოგადოების მიმართ, ჩემი მეუღლისადმი, რომელიც მუდამ ხელს მიწყობს.

ახლა ყველაფერს თავად ვაკეთებ, – თუ საჭიროა, ტომრებსაც ვეზიდები, სამზარეულოშიც ვდგავარ, ბუღალტერიასაც ვუძღვები, კურიერიც ვარ და იატაკსაც ვასუფთავებ. იმხელა წარმოება არ მაქვს, რომ ყველა საქმეზე ადამიანი დავიქირაო და ვმართო.

მით უმეტეს, ასეთ არაპროგნოზირებად სიტუაციაში, – ზოგჯერ სულ მარტო მიწევს მუშაობა, შემოსავალი იმდენად მცირეა; ზოგჯერ – დამხმარე მჭირდება.

2012-2013 წლები უფრო სტაბილური პერიოდი იყო და ხალხს შემოსავალიც ჰქონდა; დღე არ გავიდოდა, ხარაგაულში ტურისტი არ მოსულიყო, რაიმე ღონისძიება არ ჩატარებულიყო, – სტუმრები ჩამოდიოდნენ, ორგანიზაციები მიკავშირდებოდნენ. ახლა სტიქიურად ვმუშაობ,- იმის მიხედვით, როგორც საქმე მიჩვენებს.

რამდენიმე წლის წინ საგადასახადო კუთხით ტრენინგები გავიარე; გავიგე, რა და როგორ უნდა გავაკეთო, ესა თუ ის შეზღუდვა მეწარმეებისთვის რას ითვალისწინებს.

ხარაგაულში საგადასახადო სამსახური რომ შემოდიოდა, მაღაზიები იკეტებოდა. მე არასოდეს დავმალულვარ; პირიქით, მათ ვეუბნებოდი, რომ მოსულიყვნენ, ჩვენთვის ახალი წესები და ნორმები ესწავლებინათ.

ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ინფორმირებულები არ არიან. კანონს რომ მიიღებენ და რომელიმე საიტზე ატვირთავენ, საიდან გავიგო, ეს კანონი რას ითვალისწინებს.

მომხრე ვარ, რომ კვების ობიექტებში სურსათის უვნებლობის შემოწმება ხშირად ჩატარდეს. კი არ უნდა დამაჯარიმონ, რაც არ ვიცი, უნდა მითხრან და მასწავლონ. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მომხმარებელი არ დავაზარალო.

ჩვენგან მომზადებულ კერძებს, მომხმარებლებამდე რომ მიდის, მე და ჩემი შვილებიც მივირთმევთ. ჯერ ტრენინგები უნდა ჩატარდეს, თუნდაც ადგილობრივი სამსახურების მიერ და რასაც გამაცნობ, თუ არ შევასრულებ, მერე დამაჯარიმე.

ხატვა-ხაზვის სპეციალისტი ვარ და ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ხატვასაც ვასწავლი. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო რაღაცები გაუკეთებელი მრჩება – უფრო მეტად, საოჯახო საქმეები.

ახლა უკვე შვილებიც წამოიზარდნენ და მეხმარებიან. სანამ პატარები იყვნენ, სახლში ვიჯექი და ვერაფერს ვაკეთებდი. ძალიან მეცოდება ქალი, რომელსაც სახლში პატარა შვილი ჰყავს და მთელი დღე სამსახურშია, ბავშვს დედა ძალიან სჭირდება.

ხშირ შემთხვევაში შემოსავალი შრომის პროპორციული არ არის, მაგრამ მაინც გაუჩერებლად ვშრომობ. ზოგჯერ სახლში ისეთი დაღლილი მივდივარ, მხოლოდ საწოლს ვხედავ – სად დგას, ოჯახის წევრებთან საუბრის ენერგიაც აღარ მრჩება.

ხარაგაულში, ასეთ მწირ შემოსავლიან მუნიციპალიტეტში, წინასწარ ვერ გათვლი, მცირე ბიზნესს რა მოგება მოჰყვება. ხშირად მეუბნებიან, რომ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში თუ ამდენს ვიშრომებდი, ბევრად მეტი შემოსავალი მექნებოდა.

ალბათ, ასეა, მაგრამ აქ ჩემი შვილების მშვიდად აღზრდის გამო ვარ. ხარაგაულში მშვიდი გარემოა და მგონია, რომ აქ კარგ ადამიანებად ყალიბდებიან.

წასვლაზეც მიფიქრია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიტიკური სიტუაცია ძალიან ირევა და აქ ყოფნის აზრს ვეღარ ვხედავ. თუმცა, ჯერჯერობით, სხვაგან წასვლის გადაწყვეტილება ვერ მივიღე.

2020 წელს ხარაგაულისა და ბორითის საავადმყოფოები კოვიდცენტრებად გადაკეთდა. მაშინ საავადმყოფოს მენეჯერმა პაციენტების გამოკვება მთხოვა. წელს აგვისტოში ტენდერში გავიმარჯვე და იანვრამდე კოვიდცენტრებს საკვებით ვამარაგებ.

ჯანდაცვის სამინისტროდან ტენდერის ხელშეკრულებას თან ერთვის მენიუ, რომლითაც ვხელმღძვანელობ. თუმცა, არის მომენტები, როცა  ვცდილობ, მენიუ გავამრავალფეროვნო. მხოლოდ ის რომ ვაკეთო, რასაც ხელშეკრულება ითვალისწინებს, არა მგონია, პაციენტი კმაყოფილი დარჩეს.

კერძების მომზადების პროცესში მთელი ძალით, სულითა და გულით ვარ ჩართული; თავს მათ ადგილას წარმოვიდგენ, – თავად მომეწონება თუ არა ეს საჭმელი და ამის მიხედვით ვამზადებ.

ბოლო თვეებში პროდუქტები ძალიან გაძვირდა, კერძების საფასური ოდნავ გავზარდე, მაგრამ ძალიან მერიდება. ვხედავ, რომ ადამიანებს შემოსავალი აღარ აქვთ. ხანდახან მიკვირს, შეკვეთას როგორ მაძლევენ.

ფასებს რომ გადავხედავ, ვფიქრობ, რომ მუშაობას აზრი აღარ აქვს. ვთვლი, რომ ქვეყანაში თუ პოლიტიკური სტაბილურობა დაიწყო, ეკონომიკური სტაბილურობაც დადგება.

ადამიანი ასეთ სიტუაციას რომ ხედავს, ვეღარ შრომობს და ვეღარაფერს ქმნის. პოლიტიკური ვითარება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება.

ჩემი ოცნება რა არის? – მინდა, მქონდეს საკუთარი რესტორანი დიდი აივნებით, სადაც ადამიანებს მოვემსახურებით. მსურს, ჩვენი ქვეყანა დამშვიდდეს და ჩემი შვილები საცხოვრებლად საქართველოში დარჩნენ.

ახალგაზრდები, სკოლის დამთავრებისთანავე, ქვეყნიდან წასვლაზე იწყებენ ფიქრს. ეს უნდა შეიცვალოს.

ახალგაზრდები შრომას უნდა შევაჩვიოთ. ბავშვობაში სახლში საქმეს რომ მავალებდნენ, ანაზღაურებას ვითხოვდი; იქიდანვე მივეჩვიე შრომასა და ფინანსურ დამოუკიდებლობას.

საკუთარი შემოსავლით უფრო ძლიერი ხარ და გარკვეულ საკითხებზე გადაწყვეტილებასაც დამოუკიდებლად იღებ.

სოციალური შემწეობები ძალიან არ მომწონს, – ადამიანებს ენთუზიაზმი წაართვა, ყველა ამ მიზერული თანხის აღებაზე ფიქრობს და არა იმაზე, რომ იშრომონ და რაღაცა შექმნან, ოჯახში პირუტყვი შეიძინონ, ყანა და ბოსტანი დაამუშაონ. თუ ყველა ჩვენგანმა არ იშრომა, აბა, ქვეყანას რა გააძლიერებს?!

იმდენად რთული ორი წელი გადავიტანეთ, რომ საახალწლო განწყობა საზოგადოებაში ნაკლებადაა. თუმცა, ახალი წელი, ახალი მოლოდინები და იმედები ძალიან მიყვარს. მომავლის იმედი მაქვს, – ყველაფერი დასრულდება, მშვიდად და სტაბილურად ვიცხოვრებთ“.

თამთა გოგოლაძე