კეთილსინდისიერება და პატიოსნება – ეს ღვაწლმოსილი ხარაგაულელის, მაღალპროფესიონალი ფარმაცევტის შალვა გელაშვილის ცხოვრების კრედოა.

ბატონ შალვას, საახალწლოდ, გოლათუბანში ქალიშვილთან და სიძესთან  ვესტუმრეთ. მასთან საუბარი ახალგაზრდობის წლების გახსენებით დავიწყეთ.

– ჩემს ბავშვობაში თითქმის ყველა ოჯახს უჭირდა, – გვიამბობს შალვა გელაშვილი, – ექვსი წლის ასაკში ვახანის სკოლაში დავიწყე სწავლა. საშუალო სკოლა მოლითში დავამთავრე.

შემდეგ თბილისში ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად წავედი. საბუთების შესატანად დედა წამომყვა. დედაჩემი, მათიკო ფერაძე, ისეთი ძლიერი ქალი იყო, რასაც მოიწადინებდა, უეჭველად მიაღწევდა.

ამ ინსტიტუტში ახალგაზრდებს 17 წლის ასაკიდან იღებდნენ. მე 16 წლის ვიყავი. დედას ძალიან უნდოდა, რომ მესწავლა. ამიტომ პირდაპირ რექტორთან შევიდა და უთხრა, – აქამდე თუ სკოლაში კარგად ისწავლა, თავს არც ინსტიტუტში შეირცხვენსო.

რექტორმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო და ჯანმრთელობის დაცვის „ნარკომთან“, ხელაძესთან გაგვაგზავნა. იმ პერიოდში სხვადასხვა უწყებებს, მინისტრების ნაცვლად, „ნარკომები“ მართავდნენ.

ხელაძე შვებულებაში ყოფილა და მისმა მოადგილეებმა დედაჩემი მასთან სახლში მიიყვანეს. დღეს ჩემს ხელმოწერას ძალა ვერ ექნება, შვებულებაში ვარო, – უთქვამს ხელაძეს. დედა არ მოშვებია და ჩემი საბუთების მიღებაზე ხელაძეს ხელი წინა დღის რიცხვით მოაწერინა.

ინსტიტუტის რექტორი ქუთათელაძე ძალიან კარგი კაცი იყო. სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებამდე სამსახურებში გვანაწილებდნენ.

განაწილების ამ პროცესს ცეკადან ესწრებოდნენ. ან სამხედრო სამსახური უნდა ამერჩია, ან ყაზახეთსა და უკრაინაში ფარმაცევტულ ქარხანაში სამუშაოდ უნდა წავსულიყავი.

ქუთათელაძემ კომისიას ჩემზე უთხრა – ამას ინსტიტუტში ვიტოვებო. თუ თქვენი ყურადღება დაიმსახურა, უარს როგორ გეტყვითო, – უპასუხეს.

ქუთათელაძე მთავაზობდა, რომ თბილისში მემუშავა. მე სოფელში მინდოდა დაბრუნება. საქმიანობის დაწყებას პატარა საფეხურიდან ვფიქრობდი.

სააფთიაქო სამმართველოს უფროსს, გელბახიანს ვთხოვე, სადმე რაიონში გავეგზავნე. კასპის რაიონის სოფელ ძეგვში აფთიაქის გამგედ გამამწესეს.

მალევე შევიტყვე, რომ მოლითის აფთიაქის გამგე დეკრეტში გადიოდა და მისი ადგილი მოვითხოვე. შემდეგ ხარაგაულის ცენტრალური რაიაფთიაქის მმართველად დამნიშნეს.

ხარაგაულის რაიონული აფთიაქის შენობა ჩემს ხელში აშენდა. ორი წელი ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის აფთიაქის გამგედაც ვმუშაობდი. 1966 წელს, ხარაგაულში 200 საწოლიანი რაისაავადმყოფო რომ გაიხსნა, იქ გადავედი აფთიაქის გამგედ.

მაშინ რაიონულ აფთიაქს რვა აფთიაქი ექვემდებარებოდა. დრო არ მრჩებოდა, რომ ჩემი სოფლისთვის მიმეხედა. მე კი მინდოდა, რომ სოფელში – ჩემს მეურნეობაშიც მემუშავა და აფთიაქშიც. რაისაავადმყოფოს აფთიაქიდან უფრო მივხედავდი სოფელს და საავადმყოფოში ამიტომ გადავედი.

– ბატონო შალვა, ოჯახი როგორ შექმენით?

– ჩემმა მომავალმა მეუღლემ, თინა არევაძემ რომ გინეკოლოგიური ტექნიკუმი დაამთავრა, ვახანში საკოლმეურნეო სამშობიარო სახლი გაიხსნა. თინამ ბებიაქალად დაიწყო მუშაობა. მეც ამ დროს გავიცანი, დავუახლოვდი, მომეწონა და მისი ცოლად შერთვა გადავწყვიტე.

თინას საშუალო სკოლა წარჩინებით ჰქონდა დამთავრებული. გავიგე, რომ თუ ორი წელი პრაქტიკული მუშაობის სტაჟი ექნებოდა, სამედიცინო ინსტიტუტში უგამოცდოდ მიიღებდნენ.

იმ დროს სამხედროში წამიყვანეს. იქედან მოვწერე თინას, რომ რაიკომი სამედიცინო ინსტიტუტში ჩასარიცხი სტუდენტების სიას აგზავნის და მიაკითხე-მეთქი. დამიჯერა და სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა. გამიხარდა, ჩემი მეუღლე ექიმი რომ იქნებოდა.

ვახანში თინა ვისთანაც მუშაობდა, ის ქალი ურთიერთობაში ხელს გვიწყობდა. ბოლოს თინაც დამთანხმდა და მისი ოჯახისთვის არც მიკითხავს, სახლში ისე წავიყვანე. მამამისს შევატყვე, რომ არ მოვეწონე. თინას ძმამ უთხრა, ჩემი თანატოლია, სკოლიდან ვიცნობ, კარგი ბიჭიაო.

მე და ჩემმა მეუღლემ სამი შვილი გავზარდეთ – ნათელა, ლილი და გია. ნამდვილად საამაყო შვილები მყავს. ქალიშვილებმა დაოჯახება რომ გადაწყვიტეს, ვუთხარი, – კარგად გაიკითხეთ ვისაც მიჰყვებით, თუ მუშაობა და საქმის კეთება უყვართ, გამოგადგებათ-მეთქი.

– რა არის ის, რისთვისაც ღირს ცხოვრება, რა გეამაყებათ ყველაზე მეტად პირადი ცხოვრებიდან და საზოგადოებრივი საქმიანობიდან?

– პატიოსანი უნდა იყო და შენ საქმეს კეთილსინდისიერად აკეთებდე. სხვები რომ დაგინახავენ, დაგაფასებენ და შენგან მაგალითს აიღებენ. ვფიქრობ, რომ დასაქადებელი ბევრი არაფერი მაქვს. თუმცა, ვამაყობ, რომ იმ გაჭირვებულ წლებში უმაღლესი განათლება მივიღე.

შრომა დედამ ბავშვობიდან შემაყვარა. დედაჩემი თავად ხნავდა, თესავდა, მარგლიდა. სამსახურში საზოგადო საქმეზე ბევრი უნდა იფიქრო. სხვებისთვის სამაგალითო უნდა იყო.

– ბატონო შალვა, რას უსურვებთ საახალწლოდ ხარაგაულელებს?

– ყველას ვულოცავ ახალ წელს. პანდემია რომ არის და ამდენი ადამიანი ეწირება, ძალიან ცუდია. პირველ რიგში, ჯანმრთელობას გისურვებთ. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ მდგომარეობას სხვა არავინ გაგიუმჯობესებს, თუ თავად არ ხარ მოწადინებული.

თუ მიზნის მისაღწევად იბრძვი და ყველაფერს აკეთებ, გარშემო მყოფებიც ხელს შეგიწყობენ.

2023 წელს ასი წლის გავხდები. ხანგრძლივად რომ ვიცოცხლე, ჩემი ოჯახის დამსახურებაა და კიდევ იმის, რომ ჩემს სულში ბოროტება არ იყო.

შალვა გელაშვილი ბედნიერია თავისი მონაგარით. მას სამი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ექვსი შვილთაშვილი ჰყავს. მხნეობასა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ ამაგდარ პიროვნებას.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე – შალვა გელაშვილი ქალიშვილ ლილი გელაშვილისა და გოგი ლაცაბიძის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად