ქალთა შრომით უფლებებზე „ჩემი იმერეთის“ პროექტის განხორციელებისას გამოიკვეთა, რომ კერძო სექტორში ქალთა გარკვეული ნაწილი არაფორმალურადაა დასაქმებული.
ამის გამო ისინი სოციალური და შრომითი დაცვის მექანიზმებით მინიმალურადაც ვერ სარგებლობენ.
კორონავირუსის პანდემიის დროს, როცა შეზღუდვები დაწესდა, მთავრობამ კერძო სექტორში დასაქმებულებ და იმ პერიოდში უმუშევრად დარჩენილ პირებზე ფულადი კომპენსაციები გასცა. ამ შეღავათებით არაფორმალურად დასაქმებულებმა ვერ ისარგებლეს.
ის ქალები, რომლებიც ოჯახებში ძიძებად, კვების ობიექტებში მცხობელებად ან სხვა პოზიციებზე არაფორმალურად არიან დასაქმებულები, ვერც მძიმე შრომის პირობებს აპროტესტებენ და როგორც თავად ამბობენ, „დინებას მიჰყვებიან.“
მანანა, რომლის გვარსა და დასაქმების კონკრეტულ ადგილს მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებთ, ზესტაფონში ერთ-ერთ საცხობში მუშაობს. მისი ყოველდღიური 30-ლარიანი ანაზღაურება ოჯახის ერთადერთი შემოსავალია.
მას დამსაქმებელთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია. მანანა ზოგჯერ 8 საათზე მეტ ხანს მუშაობს, რაც ზეგანაკვეთური შრომაა და მან ამის შესახებ არც კი იცის.
„ზეგანაკვეთური შრომა რას ნიშნავს, თქვენგან გავიგონე, – ამბობს მანანა, – წლებია, არც შვებულებით მისარგებლია. ერთხელ დამსაქმებელთან ვთქვი, იქნებ ხელფასი მომიმატო-მეთქი. მან მიპასუხა, თუ არ გაწყობს, კარი ღიაა და მიბრძანდიო. მას შემდეგ აღარაფერი მითქვამს. ირგვლივ ბევრი უმუშევარია და მას მიიღებს. ასეთივე დღეშია ჩემი ხუთი თანამშრომელი“.
„გული შემტკივა, როცა ვიცი, რომ საცხობებსა და სწრაფი კვების ობიექტებში ქალები კაბალურ პირობებში მუშაობენ, – ამბობს ზესტაფონის დღის ცენტრ „ორიონის“ ხელმძღვანელი ჟანა ფერაძე, – ქალაქში თითქმის ყოველ თვეში ახალი საცხობი იხსნება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესია.
სამწუხარო ფაქტი და რეალობაა, რომ იქ დასაქმებული ქალები არსად არ არიან აღრიცხულები, 12-13 საათი გახურებულ ღუმელთან საქმიანობენ, ფულს ხელზე იღებენ და დღეში მხოლოდ ერთ ხაჭაპურს თუ შეჭამენ. მათ არ იციან, ვის მიმართონ, ვინ და როგორ დაიცავს მათ უფლებებს“.
სამი თვეა, რაც ზესტაფონში საცხობი გახსნა თამარ აბულაძემ. ის პროფესიით იურისტია და კარგად იცის, „შრომის კოდექსით“ დამსაქმებელს რა ევალება. ამიტომ, როგორც თავად ამბობს, სამ დასაქმებულ ქალთან ხელშეკრულებაც გაფორმებული აქვს და მათი შრომითი პირობების დაცვას მაქსიმალურად ცდილობს.
თამარ აბულაძე მიიჩნევს, რომ მასთან დასაქმებულებს იმდენს ვერ უხდის, რა შრომასაც ისინი ეწევიან, თუმცა, საცხობის ფუნქციონირებაში თავადაც ჩართულია – ხშირად ცომსაც ზელს, ჭურჭელსაც რეცხავს და ხაჭაპურებსაც აცხობს.
„ადამიანს არაფორმალურად და ხელშეკრულების გარეშე ვერ დავასაქმებ, – ამბობს თამარი, – ეს ძალიან სარისკოა, რადგან ყოველ წუთას შეიძლება შრომის ინსპექციამ შემამოწმოს. თავი რატომ უნდა ჩავიგდო ცუდ მდგომარეობაში? მსმენია, რომ ზესტაფონში არის საცხობები, სადაც ქალები ოფიციალურად გაფორმებულები არ არიან“.
რა რისკებს შეიცავს დამსაქმებლისა და დასაქმებულისთვის არაფორმალური შრომა, – ამ შეკითხვით საქართველოს პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილეს, რაისა ლიპარტელიანს მივმართეთ.
„არაფორმალურად დასაქმებულ ადამიანებზე ის გარანტიები, რაც ბაზისურ შრომით უფლებებს უკავშირდება, არ ვრცელდება – იქნება ეს სამუშაო დროის რეგულირება, ანაზღაურებადი შვებულება, დეკრეტი, ბიულეტენი თუ სხვა რამ, – ამბობს რაისა ლიპარტელიანი, – რამდენიმე წელია, დაგროვებით საპენსიო სქემაზე გადავედით.
ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენი პენსია სამომავლოდ იქნება პროპორციული იმ შენატანებისა, რასაც ჩვენი ხელფასიდან საპენსიო ფონდში ვრიცხავთ – ხელფასიდან 2%-ს დამსაქმებელი, 2%-ს დასაქმებული, 2%-ს კი სახელმწიფო. გარკვეული ფონდი გროვდება იმისთვის, რომ ღირსეული პენსია გვქონდეს. არაფორმალურად დასაქმებული ადამიანები საერთოდ საბაზისო პენსიის იმედად დარჩებიან.
პრობლემაა ის, რომ დამსაქმებლები არაფორმალურ დასაქმებას მიმართავენ იმ მიზნით, რომ გადასახადები დამალონ. ვგულისხმობ 20%-იან საშემოსავლო გადასახადს, რაც დასაქმებულის ხელფასიდან არის გადასახდელი, მაგრამ ადმინისტრირებას დამსაქმებელი უწევს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაფორმალურ შრომაში ჩართულები, უმეტესად, ქალები არიან. ისინი შრომით ურთიერთობებში ისედაც მოწყვლადები არიან, სიღარიბე ქალებისთვის უფრო მეტად დამახასიათებელია, ფულად შემწეობებს უმეტესად ქალები იღებენ.
არაფორმალურად მომუშავე ქალები პარალელურად სოციალურ შემწეობებსაც იღებენ, რაც ბიუჯეტის ტვირთია.
თუ არაფორმალურად დასაქმებული ქალები პროფესიულ კავშირს დააფუძნებენ, ან უკვე არსებულ პროფკავშირებში გაერთიანდებიან, ეს კარგი გამოსავალი იქნება. დამსაქმებელი ცალკეულ პირებთან არანაირ მოლაპარაკებაზე არ წავა. თუმცა, როდესაც პროფკავშირი ჩაერთვება, ვალდებულია, მოლაპარაკებები დაიწყოს.
არაფორმალურად დასაქმებულებმა ნაბიჯები, საკუთარი უფლებების დასაცავად, თავად უნდა გადადგან. თუმცა, აბსოლუტურად გასაგებია ის შიშები, რომ ის სამსახურიც არ დაკარგონ, რომელიც ყოველგვარი სტანდარტების მიღმა აქვთ.
ხშირად ადამიანები ვერც კი აცნობიერებენ, რომ მათი უფლებები ირღვევა. ამიტომ ხელისუფლებამაც და არასამთავრობი სექტორმაც ამ მიმართულებით მეტი უნდა ვიმუშაოთ“.
ნინო კაპანაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ქალებს დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროებაზე ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეთ
„ხელფასი რომ მაღალი იყოს, ქალს ვინ შეახედებს ბიბლიოთეკაში“?!
„დამლაგებლის ხელფასი წამლებშიც კი არ გვყოფნის“
პანდემიამ ვაჭრობა ძალიან შეაფერხა, ადამიანები საჭმლის ფულსაც ძლივს შოულობენ
კოორდინატორი ქალების საქმიანობა გენდერული ძალადობის სპეციფიური ფორმაა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი