დასაქმების ადგილზე სექსუალური ნიშნით შევიწროება საქართველოში საკმაოდ გავრცელებული ფორმაა და ის სერიოზულ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. ძირითადად, ასეთი შემთხვევების მსხვერპლი ქალები არიან. სექსუალური შევიწროების ფაქტები არ ხმაურდება და შესაბამის ორგანოებთან შეუტყობინებელი რჩება.

ქალები დუმილს ამჯობინებენ სამსახურის დაკარგვის, ან შურისძიების გამო. ამას გარდა, დამაბრკოლებელი ფაქტორია საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები, რაც მსხვერპლი ქალების სტიგმატიზაციას ახდენს.

2021 წლის ივლისში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ხშირად ქალებმა თეორიულად იციან სექსუალური შევიწროების ფენომენის შესახებ, მაგრამ პრაქტიკაში მის ამოცნობას ნაკლებად ახერხებენ.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ქალებმა სექსუალური შევიწროება არ უნდა მოითმინონ. ასეთი ფაქტების მიმართ ადეკვატური რეაგირება ჰქონდეთ და არ შეეშინდეთ საკუთარი უფლებების დაცვის.

ქალბატონო ანა, რა არის სექსუალური ნიშნით შვიწროება და რა ნიშნებით გამოიხატება ის?

– სექსუალური შევიწროება ღირსების შემლახველი სექსუალური შინაარსის ქცევაა. იგი დასაქმების ადგილზე უხამსი სიტყვებით, პაემნის მოთხოვნითა და სექსუალური კავშირის შეთავაზებით გამოიხატება. სექსუალურ შევიწროებას მეორე ფორმაც აქვს და ეს არის დასაქმების ადგილზე გენდერულად მტრული გარემოს არსებობა. სექსუალური შევიწროება შეიძლება განათლების ადგილზე, საჯარო სივრცესა და ტრანსპორტშიც გამოიხატოს.

ქალების გარკვეული ნაწილი ვერ ხვდება, რომ ის სექსუალური შევიწროების მსხვერპლია. როგორ უნდა ამოიცნონ მათ ეს?

– პირველი და უმთავრესი ნიშანი არის საკუთარი თავის განცდა ღირსების შელახულად, – როცა ქალის გენდერზე, ჩაცმულობასა და ქცევაზე მინიშნებას აკეთებენ და თან ამას სექსუალური შინაარსი აქვს.

სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე კონსულტაცია კონფიდენციალურია. სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნებისმიერ დაინტერესებულ ქალს კარგად განუმარტავენ, თუ როგორი ქცევა შეიძლება იყოს სექსუალური შევიწროება. ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქალები დუმილს ამჯობინებენ.

1481 – ეს არის სახალხო დამცველის ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, მათ შორის არასამუშაო დღეებსა და საათებში.

რას ნიშნავს დასაქმების ადგილზე გენდერულად მტრული გარემო?

– ხშირად ქალებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ ვინმეს მათთვის ისეთი რაღაცის მოთხოვნის უფლება აქვთ, რაც მათ საქმიანობაში არ შედის. ზოგჯერ მათ ისეთი რამის გაკეთებას ავალებენ, რასაც კაცს არ დაავალებენ; მაგალითად, ყავის მოდუღება, ან სხვა საოჯახო საქმის გაკეთება. ეს გენდერულად მგრძნობიარე თემაა. შეიძლება იმ მომენტში სექსუალური შევიწროება არ იყოს, მაგრამ ქალმა სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს.

შრომით ურთიერთობებში ვინ ახდენს ქალზე სექსუალურ შევიწროებას?

– ხელმძღვანელების გარდა, რიგითი თანამშრომლებისგანაც მოსალოდნელია სექსუალური შევიწროება. ასეთ შემთხვევაში ხელმძღვანელი პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება. რატომ? მას პრევენციული ღონისძიებები რომ გაეტარებინა, მაშინ ეს არ მოხდებოდა.

ქალბატონო ანა, რას გულისხმობთ როცა პრევენციულ ღონისძიებებზე საუბრობთ?

– შეიძლება შემვიწროებელმა არ იცოდეს, რომ ესა თუ ის ქცევა ამ სამსახურში აკრძალულია. შეიძლება ეგონოს, რომ უხამსი კომენტარები ქალი თანამშრომლის მიმართ პრობლემას არ წარმოადგენს.

სამსახურის ხელმძღვანელი ვალდებულია, წესები შეიმუშაოს და თანამშრომლებს გააცნოს. აუხსნას მათ, რომ უხამსი ხუმრობები და კომენტარები, საქართველოს კანონმდებლობით, სექსუალური შევიწროებაა. ასევე გააფრთხილოს, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ მათთან ინფორმაცია თუ მივა, მსხვერპლს გვერდით დაუდგებიან.

ამით ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანამშრომლებს შორის სექსუალური ხასიათის შევიწროებას საგრძნობლად შეამცირებს. ბოლო დროს ისეთი სასამართლო დავები წამოვიდა, სადაც უშუალო შემვიწროებელი ხელმძღვანელი არ იყო. ქალები კი მათ წინააღმდეგ დაობენ, რადგან არავინ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროება მიუღებელი ქცევა ყოფილიყო.

სექსუალური შევიწროების შემთხვევაში სამსახურიდან წასვლა გამოსავალია?

– კონტრშეკითხვით მინდა მოგმართოთ. რატომ უნდა წამოვიდეს ქალი სამსახურიდან? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. შესაძლოა, მსხვერპლს ეგონოს, რომ თვითონ არის დამნაშავე, ან რცხვენოდეს; ეშინოდეს იმის, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ოჯახის წევრები და ფართო საზოგადოება გაიგებს; ეს მიზეზები ჩემთვის ლოგიკური არ არის. ქალი თუ სამსახურიდან მიდის, ე. ი. იქ კიდევ რაღაც სხვა ხდება; მაგალითად, შურისძიების მოლოდინი.

ჩვენს პრაქტიკაში არის ისეთი შემთხვევები, როცა მსხვერპლმა სახალხო დამცველს მიმართა და ამის გამო თავად ის დასაჯეს, – შური იძიეს. კანონით ეს აკრძალულია და შესაბამისი სასჯელია განსაზღვრული.

ასეთ შემთხვევებში რამდენად ძლიერია სახელმწიფოს დაცვის მექანიზმი?

– ბოლო წლებში კანონმდებლობაში გაუმჯობესდა. შრომით კოდექსშიც შევიდა ცვლილებები. მარტო კანონის ჩანაწერი საკმარისი არ არის. მის აღსრულებას კვალიფიციური სამართალდამცავი სჭირდება.

სექსუალური შევიწროება, ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, თუ ის სხვა ტიპის ძალადობაში არ გადავიდა. ქალი თუ სასამართლოში იდავებს და სექსუალური დისკრიმინაციის ფაქტი დადგინდება, შემვიწროებელმა კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

მთავარი მაინც, ჩვენი შინაგანი კულტურაა. ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ თემაზე საუბრები და მოწოდებები სჭირდება. ასევე თვითრეფლექსია. მთავარი მაინც ისაა, რომ ამ მსგავს საკითხებზე ხმამაღლა ვისაუბროთ.

როგორ უნდა დაამტკიცოს ქალმა, რომ მას დასაქმების ადგილზე სექსუალურად ავიწროებენ?

– ეს ფარული უფლებადარღვევაა, რომელსაც მოწმეები არ ჰყავს. შესაბამისად, სასამართლო დავების დროს ამ კუთხით პრობლემები იქმნება. სწორედ ამიტომ, ქალებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, განიცდიან თუ არა სექსუალურ შევიწროებას, რომ მტკიცებულებების შეგროვება დაიწყონ. მტკიცებულება შეიძლება იყოს მოკლე ტექსტური შეტყობინება.

ამ ფაქტის შესახებ მეგობრებსაც უნდა მოუყვნენ, რადგან შესაძლოა ისინი მოწმეებად გამოდგნენ. ფარული ჩანაწერების გაკეთება საქართველოში უკანონოა და მტკიცებულებად არ დაიშვება. თუ ის უდანაშაულობის დამტკიცების ერთადერთი საშუალებაა, მაშინ სასამართლო მას იღებს.

ქალებს ვთხოვ, კონსულტაცია იურისტთან გაიარონ, რომელიც მათ მტკიცებულებების შეგროვებაში დაეხმარებათ. არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტები უფასოდ ვემსახურებით მათ. თანხმობის გარეშე არც სასამართლოში მივდივართ და კონფიდენციალობასაც ვიცავთ. აუცილებლად უნდა მიმართონ სახალხო დამცველს, ხშირად თავად ის მოიპოვებს ხოლმე მტკიცებულებებს.

ლიკა ხიჯაკაძე

ამავე თემაზე:

„ქალების სექსუალური შევიწროება – პრობლემა, რომელზეც ხმამაღლა არ საუბრობენ“

სექსუალური შევიწროება და სექსიზმი საქილიკო თემა არ არის

 

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:

შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაცია ყველაზე ხშირად გენდერული ნიშნით ხდება

უმუშევრად დარჩენილი კაცები დაასაქმეს, ქალებს გვითხრეს ეტაპობრივად, რაღაცას მოგიხერხებთო“ 

ქალები ზრუნვით შრომაში, კაცებთან შედარებით, სამჯერ უფრო მეტ დროს ხარჯავენ 

ლია ფუტკარაძე ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი სამუშაო გარემო უნდა შეიქმნას

ეკა ქარდავა – „დეკრეტული შვებულების ადეკვატური ანაზღაურების გარეშე ქალთა უფლებების გაძლიერებაზე საუბარი მესირცხვილება“   

ჩვენი უფლებები რომ არ დაირღვეს, უნდა ვიცოდეთ!

ზრდასრულთა განათლების ცენტრი დასაქმებას უწყობს ხელს