საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში დამლაგებლებად ქალები მუშაობენ და მათი ანაზღაურება ძალიან მცირეა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 25 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა. თითო სკოლაში 2-3 დამლაგებელი მუშაობს. მათი ანაზღაურება 150-ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს.
პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების გამო დამლაგებელთა შრომა ერთიორად გაიზარდა, მათ იატაკები და ზედაპირები ჯერ სველი წესით და შემდეგ სადეზინფექციო ხსნარით უნდა დაამუშაონ.
23 წელია, მარინე მანჯავიძე ხარაგაულის გიმნაზიაში დამლაგებლად მუშაობს.
„თავიდან მუშაობა 7 ლარზე დავიწყე და ხელფასი წლების განმავლობაში ნელ-ნელა მომემატა. ახლა ანაზღაურება 200 ლარი მაქვს, თუმცა შრომაც ბევრი მიწევს. სკოლებში სწავლის განახლებისთვის რომ ვემზადებოდით, მიუხედავად იმისა, რომ დასვენება იყო, ყველა დამლაგებელმა მთელი დღე ვიმუშავეთ.
იატაკები, კედლები, ფანჯრები, კარებები ჯერ ზოგადად დავასუფთავეთ, შემდეგ სადეზინფექციო ხსნარით დავწმინდეთ. ბავშვები როცა სკოლაში დადიან, ყოველ საღამოს ყველა ოთახს ვწმენდთ და ვანიავებთ, დილით კი მერხებსა და სხვა ზედაპირებს ხსნარით ვამუშავებთ.
დირექცია ძალიან გვეხმარება, საჭირო ინვენტარით – ხელთათმანებით, ტილოებითა და ხსნარებით გვამარაგებენ. წყალი სკოლის შენობაშია, თუმცა მეორე სართულზე ვედრით რამდენჯერმე გვიწევს ატანა“, – ამბობს მარინე მანჯავიძე.
„დღეს მთელი დღე სკოლაში გავატარე. დილით მისული სახლში 4 საათზე დავბრუნდი, ცივ წყალში რეცხვით ხელები ახლაც დაწითლებული მაქვს, – ამბობს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დამლაგებელი ჟუჟუნა ჩერქეზიშვილი, – ხელფასი ძალიან მიზერულია.
სამი წლის განმავლობაში 140 ლარზე ვმუშაობდი. შარშან 20 ლარი მოგვიმატეს, მაგრამ მთელი თანხა წამლებში მჭირდება.
ახლახან ვიავადმყოფე და ორ აბ წამალში 85 ლარი გადავიხადე, მთელი თვე 160 ლარი როგორ ვიმყოფინო?! სულ ვალებში გვიწევს ყოფნა. ხელფასი ცოტაა, სამუშაო კი – ძალიან ბევრი.
წყალი სკოლის შიგნით ტუალეტში გვაქვს, მაგრამ იატაკის ტილოს და ვედროს იქ ვერ გავრეცხავთ. ამიტომ გარეთ ონკანზე გვიწევს რეცხვა და წყალი ყინულივით ცივი მოდის.
ხშირად დასვენების დღეებშიც გვიმუშავია. თუ დასუფთავება პარასკევს სრულად ვერ მოვასწარით, შაბათს უნდა დავასრულოთ. სკოლაში როცა ღონისძიებები იმართება, გვიანობამდე ვმუშაობთ“.
დამლაგებელებისთვის ხელფასის მომატება სკოლებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ. თუმცა აქვთ რეკომენდაცია, რომ თუ სკოლის ბიუჯეტი საშუალებას იძლევა, ხელფასზე დანამატი გაუკეთონ.
„ბოლო დროს ჩვენს დამლაგებლებს ბევრმა შრომამ მოუწიათ, – ამბობს კიცხის სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი, – სკოლის ახალ შენობაში გადავდიოდით და იქაურობა დასალაგებელი იყო, დამლაგებლებს დირექცია და პედაგოგებიც გვერდით ვედექით.
ახლა საქმე მოემატათ, ამ თეთრ იატაკზე ტალახიანი ფეხი ძალიან ცუდად ჩანს, ამიტომ თითქმის მთელი დღე შრომობენ.
ჩვენს სკოლაში დამლაგებელს 152 ლარი აქვთ ხელფასი. საახალწლოდ ვაპირებთ, ხელფასთან ერთად დანამატი გავუკეთოთ, – ვნახოთ, სკოლის ბიუჯეტი რამდენის საშუალებას მოგვცემს, მაგრამ ყოველთვიურად დანამატს ნამდვილად ვერ შევძლებთ.
2022 წლიდან პედაგოგებისთვის ხელფასის მომატებაა დაანონსებული. ანაზღაურება სკოლის ადმინისტრაციასაც ემატება, ოღონდ 10 %-ით, ე.ი. გამოდის, რომ დამლაგებლებს 15 ლარი უნდა მოემატოთ, რაც ძალიან მიზერულია. ეს საკითხი რესურსცენტრშიც დავაყენეთ და ვნახოთ, რა გადაწყდება“.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის მარიამ ადეიშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, სკოლის პერსონალისთვის ხელფასების მატება ეტაპობრივად იგეგმება.
„გასულ წელს პანდემიის დაწყების შემდეგ დამლაგებლებს ხელფასი 20 ლარით მოემატათ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მცირეა. თუმცა, სკოლის ადმინისტრაციისა და ტექპერსონალისთვის ხელფასების მატება, ეტაპობრივად, 2022 წელსაც არის დაგეგმილი.
ზუსტად რამდენით გაიზრდება შრომის ანაზღაურება, ამას ამ ეტაპზე ვერ დავაკონკრეტებთ“, – ამბობს მარიამ ადეიშვილი.
თამთა გოგოლაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
„ხელფასი რომ მაღალი იყოს, ქალს ვინ შეახედებს ბიბლიოთეკაში“?!
პანდემიამ ვაჭრობა ძალიან შეაფერხა, ადამიანები საჭმლის ფულსაც ძლივს შოულობენ
ქალები არაფორმალურ შრომაში – უხილავი საფრთხე სიბერეში
კოორდინატორი ქალების საქმიანობა გენდერული ძალადობის სპეციფიური ფორმაა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი