საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჩემი იმერეთი“, ევროკავშირის დაფინანსებითა და „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ქალთა შრომითი უფლებების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა ზემო იმერეთში“ (კერძოდ, ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში).
„ჩემი იმერეთი“ 1998 წელს დაფუძნებული მედიაორგანიზაცია „ჩემი ხარაგაულის“ გუნდმა 2016 წლის დეკემბერში შევქმენით, ჩვენი შესაძლებლობების გასაზრდელად, რათა ეფექტურად შევძლოთ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მონიტორინგი და კონკრეტული პრობლემების, მათ შორის – ქალთა საკითხების ადვოკატირება.
ა/ო „ჩემი იმერეთის“ მისია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დამყარებული ფასეულობების დამკვიდრებაზე ხელშეწყობაა; ერთ-ერთი მიზანი კი – ქალთა და ბავშვთა უფლებების, გენდერული თანასწორობის დაცვაზე ზრუნვაა.
„ჩემი იმერეთის“ დამფუძნებელმა ლაურა გოგოლაძემ და ჩვენი გუნდის წევრმა ნინო კაპანაძემ 2003-2004 წლებში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მომავალ ლიდერ ქალთა ერთწლიანი პროგრამა გავიარეთ. მას შემდეგ მედიაგაშუქებით, მუდმივად ფოკუსირებულნი ვართ ქალთა გაძლიერებაზე, სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემების მოგვარებაზე, სოციალურად აქტიური ქალების საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე. ხარაგაული პოლიტიკაში ქალთა ჩართულობით ლიდერობს. ამაში ჩვენი გუნდის მუშაობის შედეგიც არის.
ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ხელისუფლების წარმომადგენელთა ანგარიშვალდებულების გაზრდას და ქალების წინაშე მდგარ თითოეულ პრობლემას მის სრულ მოგვარებამდე ვაშუქებთ.
2019 წელს ევროკავშირის დაფინანსებითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, განვახორციელეთ პროექტი – „პირველადი ჯანდაცვა, როგორც ჯანდაცვის სისტემის კარიბჭე ანუ ჯანდაცვის ეფექტურობა პრევენციაშია“.
ამ პროექტის ფარგლებში ჯანდაცვისა და სოციოლოგიის ექსპერტებთან (თენგიზ ვერულავა, იაგო კაჭკაჭიშვილი) თანამშრომლობით, ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში მოქმედ სოფლის საექიმო ამბულატორიებში მომსახურების ხარისხი შევისწავლეთ და რეკომენდაციები შევიმუშავეთ.
ა/ო „ჩემი იმერეთისგან“ მომზადებული კვლევა „პირველადი ჯანდაცვის გამოწვევები საქართველოში ხარაგაულისა და ჭიათურის მაგალითზე“ გამოქვეყნდა ვებგვერდზე asocireba.ge და გამოიცა ბროშურის სახით.
2018 წელს, ევროკავშირის დაფინანსებითა და საქართველოს პოლიტიკის ინტიტუტის (GIP) მხარდაჭერით განვახორციელეთ პროექტი – „ანტრე ბატონო, ევროკავშირში!“
ამ პროექტის ფარგლებში ჭიათურაში, ზესტაფონსა და ხარაგაულში შეხვედრების ორგანიზებით, ვებგვერდით chemikharagauli.com და „ჩემი ხარაგაულის“ საგაზეთო ჩანართებით, ექსპერტებთან (ნინო ჩხობაძე, ვახტანგ კობალაძე, ქეთევან ლაფაჩი) თანამშრომლობით, მოსახლეობას გავაცანით ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა გარემოს დაცვასთან, სურსათის უვნებლობასთან და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ამჟამად, „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით, ვაპირებთ, რომ „ჩემი იმერეთის“ სახელით, ქალთა შრომითი უფლებების დაცვას შევუწყოთ ხელი.
შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობა და ქალთა შრომითი უფლებების დაცვა საქართველოში ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ღირსეულ, დისკრიმინაციისგან თავისუფალ და უსაფრთხოდ მუშაობის უფლებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მიგვიწვდება ხელი ადამიანის სხვა ფუნდამენტურ უფლებებზე, – იქნება ეს სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვ.
შრომით ბაზარზე გენდერული უთანასწორობის გამომწვევი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი სქესის ნიშნით დისკრიმინაციული გამიჯვნაა. არათანაბარი განაწილებისას – როგორც იერარქიულ საფეხურებზე, ასევე პროფესიებში – ქალებს, კაცებთან შედარებით, უფრო ცუდი სამუშაო პირობები და დაბალი ანაზღაურება აქვთ.
ამავდროულად, ქალების გარკვეული ნაწილი არაფორმალურად არის დასაქმებული და შრომითი დაცვის მინიმალური მექანიზმებითაც კი ვერ სარგებლობს.
შრომის კოდექსში 2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისგან მიღებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, პრობლემები რჩება; მათ შორის – რეფორმა არ ითვალისწინებს ისეთ გარანტიებს, როგორიცაა, მაგალითად, ქალებისთვის დეკრეტული შვებულების ღირსეული ანაზღაურება და მამობის შვებულება.
ყველაზე დიდი პრობლემა კი ისაა, რომ დასაქმებულ ქალებს და ხშირად თავად დამსაქმებლებსაც, – განსაკუთრებით, რეგიონებში, – შრომითი უფლებების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნიათ. ამიტომ უფლებადარღვეული დასაქმებულები საკუთარი შრომითი უფლებების დაცვას ვერ ახერხებენ. დამსაქმებლები კი მიმართავენ ისეთ პრაქტიკას, როგორიც მათ სურთ.
„ქალთა ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი ამ პროექტის ფარგლებში, შემდეგი ორი თვის განმავლობაში, მომზადდება საგაზეთო პუბლიკაციები და ქალთა შრომითი უფლებების საკითხები გაშუქდება ვებგვერდზე chemikharagauli.com
უკვე დავიწყეთ ონლაინტრენინგები თემაზე „გენდერული დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და ქალთა შრომითი უფლებები“. ეს ტრენინგები ტარდება სხვადასხვა სფეროებში დასაქმებული, დასაქმების მსურველი ქალებისა და დამსაქმებლებისთვის.
ვიმედოვნებთ, რომ „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით, ხელს შევუწყობთ ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალთა გაძლიერებას, ქალთა შრომით უფლებებზე ცოდნის დონის ამაღლებას, ქალთა შრომასთან დაკავშირებული პრაქტიკების, შეხედულებებისა და მიდგომების გაუმჯობესებას; დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ცნობიერების ამაღლებას; თვითმმართველობის ორგანოებში არჩეული ქალების საქმიანობის მხარდაჭერას.
ლაურა გოგოლაძე
„ჩემი იმერეთის“ დირექტორი
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
ქალებს დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროებაზე ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეთ
ხარაგაულის მერი გედსამანიის სკოლაში დასაქმებულთა უფლებების დაცვას გაზაფხულიდან აპირებს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი