არჩევნების პროცესების გაშუქებისას მედია ორგანიზაციების ინფორმაციებსა და სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში ხშირად ვაწყდებით პარტიული კოორდინატორების საქმიანობის ამსახველ ვიდეო თუ დოკუმენტურ მასალებს, რაზეც საზოგადოებას არაერთგვაროვანი რეაქცია აქვს.
სწორედ ამ თემას მიეძღვნა „ქალთა მოძრაობის“ მიერ გამართული პრესკონფერენცია, რომელშიც ქალთა უფლებათა დამცველი ბაია პატარაია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე და ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი მონაწილეობდნენ.
„ქალთა მოძრაობა“ შეშფოთებას გამოთქვამს ახლადჩატარებული არჩევნებისა და კონკრეტულად ქალი კოორდინატორების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, – ამბობს ბაია პატარაია, – გვაწუხებს ის ფაქტი, რომ კოორდინატორი ქალები ამ საქმიანობაში ერთვებიან სიღარიბის გამო და ხშირად არანაირი იდეური ბმა კონკრეტულ პარტიასთან არ გააჩნიათ.
ანაზღაურების გამო მათ უწევთ უკანონო საქმიანობების განხორცილება, – იქნება ეს ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება თუ ხმების სანაცვლოდ ფულის დარიგება. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, ისინი გარკვეული პირების მიმართ შანტაჟსა და მუქარის მსგავს საქმიანობას აწარმოებენ.
მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის შრომითი ექსპლუატაცია წარმოადგენს გენდერული ძალადობის სპეციფიურ ფორმას. ისინი არ არიან დაცულები, არ აქვთ ხელშეკრულებები და დაცვის მექანიზმი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას დაპირებული თანხა არ მისცეს“.
„დემოკრატიულ საზოგადოებაში ის, რომ პარტიას ჰყავს თავისი წარმომადგენლები, რომლის მეშვეობითაც ახორციელებს აგიტაციას და ამომრჩევლის მობილიზებას, პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში ამან მანკიერი ხასიათი შეიძინა, – მიაჩნია ნინო დოლიძეს, – ამ ადამიანებს წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს უწევთ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
წინასაარჩევნოდ ისინი მოიძიებენ და ზემდგომებს გადასცემენ ადამიანთა პირად მონაცემებს, არჩევნების დღეს მობილიზებულნი არიან უბნებზე ან საარჩევნო უბნების ახლომახლო და ახორციელებენ აგიტაციას, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვას, რაც ცალსახად სისხლის სამართლის დანაშაულია.
ხშირ შემთხვევაში კოორდინატორები ამ დანაშაულს ვერ აცნობიერებენ და ამას უნებლიეთ, სხვისი დავალებით აკეთებენ. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში სწორედ მათი უფლებები არის დასაცავი.
ჩვენ, საზოგადოებას, ამ ადამიანების მიმართ აგრესია გვიჩნდება და ხშირ შემთხვევაში სამართლიანადაც; თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ქალები არ არიან ან დანაშაულებების ავტორები და ისინი მხოლოდ განმახორციელებლები არიან.
კოორდინატორები, შესაძლოა, იყვნენ დასაქმებული ადამიანებიც, რომლებიც იმ მწირი ხელფასის დაკარგვის შიშით დათანხმდნენ ამ საქმიანობას. შესაძლოა, ისინი თავიანთ მუნიციპალიტეტებსა და თემებში ავტორიტეტით სარგებლობენ – არიან პედაგოგები, ან საჯარო სექტორში დასაქმებულები.
შეიძლება ითქვას, რომ ქალი კოორდინატორების ჩართვა ამ საქმიანობაში სხვადასხვა მიზეზით ხდება, – ზოგი ანაზღაურების გამო, ზოგი იძულებით. ასევე არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეს ქალები, შესაძლოა, იდეურად კონკრეტული პარტიის მხარდამჭერებიც არიან.
ჩვენ განსაკუთრებით ყურადღებას მივაქცევთ იმ ქალებს, რომლებიც ამ საქმიანობას იძულებით დათანხმდნენ და მათი სურვილის შემთხვევაში მზად ვართ, მოვუსმინოთ მათ და დავიცვათ მათი უფლებები“.
ანა არგანაშვილი ამბობს, რომ, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს ყველა ის დანაშაული, სადაც კოორდინატორ ქალებზე ძალადობას აქვს ადგილი, – იქნება ეს შანტაჟი, იძულება, ფსიქოლოგიური ძალადობა თუ სხვა რამ.
„მივმართავ ამ ქალებს, – თუ საკუთარი უფლებების დასაცავად სახელმწიფოს მიმართავთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით, – ამბობს ანა არგანაშვილი, – აუცილებელია, რომ საქართველოს პარლამენტამ მიიღოს და შეუერთდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 190-ე კონვენციასა და 206-ე რეკომენდაციას, რომლიც ღირსეული შრომის პირობებსა და სამუშაო ადგილზე შევიწროვებულთა დაცვაზე საუბრობს.
ქალს, რომელიც ამ საქმიანობაში ერთვება, უნდა გაუფორმონ ხელშეკრულებები კანონმდებლობის დაცვით იმისათვის, რომ ამ ქალებმა საკუთარი შრომითი უფლებები დაიცვან; თუ გახდებიან შევიწროების ან არასათანადო ანაზღაურების მსხვერპლი, სასამართლოსთვის მიმართვა უნდა შეძლონ.
მოვუწოდებთ საზოგადოებას, ცესკოს, ყველა ორგანიზაციას, რომ ამ ქალებს საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაცია გააცნონ, რადგან რამდენადაც დიდხანს იქნებიან კოორდინატორი ქალები ჩუმად, იმდენად უფრო ხანგრძლივად დაირღვევა მათი უფლებები; რაც მთავარია, საზოგადოება იქნება დაზარალებული არასწორად ჩატარებული საარჩევნო და წინასაარჩევნო პროცესების გამო“.
„თუ ეს ქალები თავად არ გადაწყვეტენ ჩივილს, თავად არ გამოთქვამენ უკმაყოფილებას, ამას მათ მაგივრად ვერავინ გააკეთებს. თუმცა ყველა მათგანს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათ დაიცავს სახელმწიფო, რომ მათ უკან სამართალი დგას, – ამბობს ბაია პატარაია, – ხშირ შემთხვევაში ისინი იყენებენ ე.წ. სამაგიდო სიებს, რომელშიც ამომრჩეველთა პირადი ინფორმაციაა განთავსებული.
მათ ეს სიები პარტიიდან მიეწოდებათ. პერსონალური ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება სამართლებრივ ჩარჩოს სცდება. ჩვენ ვნახეთ სიები, სადაც ადამიანების სახელებისა და გვარების გასწვრივ გარკვეული თანხები წერია, რაც საფუძვლიან ეჭვს გვიქმნის – ეს არ არის მათი პირადი არც ფული, არც ნება, რომ ასეთი რაღაც აკეთონ.
ისინი იძულებულებით არიან ჩართული ამ სივრცეში და იძულება ხშირად სიღარიბეზე დგას“.
თამთა გოგოლაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
„ხელფასი რომ მაღალი იყოს, ქალს ვინ შეახედებს ბიბლიოთეკაში“?!
„დამლაგებლის ხელფასი წამლებშიც კი არ გვყოფნის“
პანდემიამ ვაჭრობა ძალიან შეაფერხა, ადამიანები საჭმლის ფულსაც ძლივს შოულობენ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი