კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადი სამედიცინო პერსონალის, ექთნების შრომითი პირობები კიდევ უფრო მეტად დამძიმდა.
საავადმყოფოების კოვიდკლინიკებად გადაკეთების შემდეგ ექთნებს კვირების განმავლობაში საავადმყოფოდან გაუსვლელად შრომა უწევთ.
ორ ათეულ წელზე მეტია, ხარაგაულის საავადმყოფოს ექთნად მუშაობს გულნაზი გაჩეჩილაძე. ის ამბობს, რომ აქ დასაქმებული ცხრა მორიგე ექთნის ანაზღაურება ძალიან დაბალია.
„საავადმყოფოს ემერჯენსში, სტაციონარსა და რეანიმაციაში ვმუშაობ, – ამბობს გულნაზი გაჩეჩილაძე, – ნოემბერში აგვისტოს თვის ხელფასს ავიღებთ, როგორც ეს ხელშეკრულებაში გვიწერია. ორი თვე საავადმყოფოდან გაგზავნილი დოკუმენტაციის გადამოწმებას სჭირდება. გასულ წლებში ექვსთვიანი სახელფასო დავალიანებით ვმუშაობდით.
„ჩემი ხარაგაულის“ მხარდაჭერითა და ძალისხმევით, ხშირად რომ ახსენებდით რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელობას ჩვენს ხელფასებს, მდგომარეობა შეიცვალა. მაშინ ერთ თვეში ორი-ორი თვის ხელფასი ჩაგვირიცხეს.
მორიგე ექთნების ანაზღაურება საათში 1 ლარი და 65 თეთრია. ავადმყოფის სიცოცხლეზე პასუხისმგებლები ვართ, ყველა მანიპულაციას პაციენტს ჩვენ ვუტარებთ, ღამეებს ვათენებთ. თვის განმავლობაში რვა მორიგეობის შემდეგ 250-270 ლარს ვიღებთ.
საავადმყოფო რომ კოვიდცენტრად გადაკეთდა, ერთ მორიგეობაში 110 ლარს გვიხდიან. 700-800 ლარი გამოდის. სულ პანდემია ხომ არ იქნება. 2022 წლის პირველი იანვრიდან როგორ ხელშეკრულებას შემოგვთავაზებენ, არ ვიცით.
კოვიდინფიცირებულებთან მუშაობა რთულია. ყოველ წუთს შეიძლება დავინფიცირდეთ. მცირე ანაზღაურების გამო ექთნობა აღარავის უნდა. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბოლქვაძემ მადლობა გამოგვიცხადა, – თქვენი მუშაობით ყველა პაციენტი კმაყოფილიაო. მარტო მადლობა ოჯახების სარჩენად საკმარისი არ არის.
ვინ და როგორ იცავს ექთნების უფლებებს, – ამ შეკითხვით მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარეს ირაკლი ამირანაშვილს მივმართეთ.
„საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საავადმყოფოებში უმცროსი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება 300 ლარს არ აღემატება. მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის მოთხოვნით, კოვიდკლინიკებში მომუშავე მედპერსონალის ხელფასები 50%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა შესაბამისი დადგენილება გამოსცა.
პროფკავშირის მოთხოვნაა, რომ მედპერსონალის ხელფასები გადაიხედოს და მათ ღირსეული ანაზღაურება კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგაც მიიღონ.
ახლა დამსაქმებლების ხელფასი ათჯერ აღემატება ექთნის ხელფასს. დამსაქმებელი თბილად ზის ტყავის სავარძელში იმ დროს, როცა ექიმები, ექთნები და სანიტრები უხილავ ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე იბრძვიან.
ექიმებს რომ საზოგადოებამ ტაში დაუკრა, გამეხარდა, მათი პროფესიონალიზმი და თავდადება ამ ფორმით მაინც შეაფასეს, მაგრამ ჩვენი, პროფკავშირების მოთხოვნაა – „ხელფასი ტაშის ნაცვლად“!
ეს მოთხოვნა პროფკავშირების მხრიდან გაგრძელდება მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებთ. რეგიონებში მედპერსონალს ვუკავშირდებით. თუმცა, ხმა მათაც უნდა ამოიღონ. მხოლოდ პროფკავშირის ლიდერების პროტესტი ვერაფერს შეცვლის, თუ სოლიდარობა არ გამოხატეს და მედპერსონალი გვერდით არ დაგვიდგა.
მოვითხოვთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გადახედოს ბიუჯეტს, რაღაც ხარჯები შეამციროს და მედპერსონალის ხელფასები გაზარდოს“.
გეგმავს თუ არა ექთნების ხელფასების გაზრდას შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“, – ამ შეკითხვით ცენტრის დირექტორს, ნუგზარ ბოლქვაძეს მივმართეთ. მან გვიპასუხა, რომ ამ საკითხზე კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ იფიქრებს.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე – „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორი ნუგზარ ბოლქვაძე ხარაგაულის საავადმყოფოს მედპერსონალს ხვდება (2020 წლის მაისი)
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
„ხელფასი რომ მაღალი იყოს, ქალს ვინ შეახედებს ბიბლიოთეკაში“?!
„დამლაგებლის ხელფასი წამლებშიც კი არ გვყოფნის“
პანდემიამ ვაჭრობა ძალიან შეაფერხა, ადამიანები საჭმლის ფულსაც ძლივს შოულობენ
ქალები არაფორმალურ შრომაში – უხილავი საფრთხე სიბერეში
კოორდინატორი ქალების საქმიანობა გენდერული ძალადობის სპეციფიური ფორმაა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი