ბიბლიოთეკა – ადგილი, საიდანაც ჩვენთვის სასურველ წიგნს ვითხოვთ და ვიღებთ. ამ ერთი შეხედვით „იოლი საქმის“ უკან რამხელა შრომაა, ამაზე, ალბათ, ნაკლებად გვიფიქრია.
„ერთი მკითხველის მომსახურებაში, შესაძლოა, ნახევარი საათიც კი დამჭირდეს, – ამბობს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის აბონემენტის განყოფილების გამგე ნანა ბელაში, – ზოგ მკითხველს წიგნი ბიბლიოთეკარმა თავად უნდა შეურჩიო – ყველას გემოვნება და შესაძლებლობებია გასათვალისწინებელი.
35 წელია, ბიბლიოთეკაში ვმუშაობ და ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. ამ სიყვარულით, მკითხველის მიმართ უზომო პასუხისმგებლობის გამო ვმუშაობ ამდენი წელი. ჩვენი, ბიბლიოთეკარების შრომა, ხელფასის მიხედვით თუ ვიტყვით, ნამდვილად დაუფასებელია“.
ხარაგაულის ცენტრალური და 25 სასოფლო განყოფილება 2017 წლიდან თვითმმართველობისგან დაფუძნებულ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ გაერთიანდა.
ოცდახუთიდან სამ ბიბლიოთეკაში – ვერტყვიჭალაში, ლეღვანსა და პატარა ხარაგაულში, მკითხველებს ინტერნეტითაც ემსახურებიან. ამიტომ ეს სამი ბიბლიოთეკა, ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან ერთად, ყოველდღე მუშაობს; დანარჩენი ბიბლიოთეკები – კვირაში სამი დღე.
„ხარაგაულის სასოფლო განყოფილების ბიბლიოთეკარები ხელზე 200 ლარს იღებენ, – ამბობს საბიბლიოთეკო მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ლურსმანაშვილი, – ამ ანაზღაურებით როგორ შეიძლება, რომ კმაყოფილები იყვნენ. 2021 წლამდე მათი ხელფასი 125 ლარი იყო.
ახლა ბიბლიოთეკარებს ბევრი საქმე აქვთ – ელექტრონულ კატალოგს ვაკეთებთ და ყველა წიგნის კლასიფიკაცია იცვლება. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა. თითოეული წიგნი უნდა გადმოიღო, დაამუშაო, შემდეგ ინფორმაცია ელექტრონულად განათავსო.
პანდემიის მიუხედავად, ბიბლიოთეკა სრულად არ დაგვიკეტავს. მკითხველების მოთხოვნის შესაბამისად მოვდიოდი და მათ ვემსახურებოდი.
სოფლებში ერთადერთი კულტურული ცენტრი ბიბლიოთეკაა. ამიტომ ბიბლიოთეკარებს ხელისუფლებისგან მეტი თანადგომა გვჭირდება. სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებიც გვინდა მკითხველს მივაწოდოთ, მაგრამ ამის ფინანსები არ გვაქვს. სოფლებში მხოლოდ თქვენი გაზეთი – „ჩემი ხარაგაული“ მიდის სისტემატურად და ადგილზე თითქმის არასდროს გვხდება – სულ წაღებული აქვთ და კითხულობენ.
სასოფლო ბიბლიოთეკებს ახალ წიგნებს შეძლებისდაგვარად ვაწვდით. წელს ეროვნული ბიბლიოთეკიდან ვაუჩერები არ მიგვიღია. შარშან ამ ვაუჩერებით ახალი წიგნები ყველა სასოფლო განყოფილებაში გავანაწილეთ.
ზოგს ჰგონია, რომ ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნის მიღება-გაცემის ადგილია. ცენტრალურ და სასოფლო ბიბლიოთეკებში ბევრი კულტურული ღონისძიება ტარდება. მკითხველების მოზიდვა, მათთან ურთიერთობა, მათი გემოვნებისა და ინტერესების გათვალისწინება ადვილი არ არის.
ბიბლიოთეკარებს თავიანთი საქმე რომ არ უყვარდეთ, ამ მცირე ხელფასზე ნამდვილად არ იმუშავებდნენ“.
ბიბლიოთეკარებად, უმეტესად, ქალები მუშაობენ. რა არის ამის მიზეზი, – ამ შეკითხვაზე ნანა ლურსმანაშვილი გვპასუხობს, რომ ხელფასის სიმცირის გამო კაცები ბიბლიოთეკაში მუშაობით არ დაინტერესდებიან.
„ერთადერთი შემთხვევა მახსენდება, როცა მოლითის ბიბლიოთეკარი დეკრეტში წავიდა, მის ადგილზე იმ ქალის ქმარი მივიღეთ, – ამბობს ნანა ლურსმანაშვილი, – მაშინ ბიბლიოთეკარების ხელფასი 40 ლარი იყო. სხვათაშორის, იმ კაცმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ძალიან კარგად გაართვა.
საქართველოში ბევრ ბიბლიოთეკაში ვარ ნამყოფი, – ხელმძღვანელებად მუშაობენ კაცები და ბიბლიოთეკარებად – ქალები. ხელფასი რომ მაღალი იყოს, ქალს ვინ შეახედებს ბიბლიოთეკაში?!
„360 ლარს ვიღებ ხელზე და ამ ხელფასით ოჯახის რჩენა ხომ წარმოუდგენელია, – ამბობს ნანა ბელაში, – მეუღლეს შრომის უნარი შეეზღუდა და ოჯახის ტვირთი ახლა ჩემზეა. ოჯახური მდგომარეობის გამო ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ხელს მიწყობს. თუმცა, სახელფასო ანაზღაურება ჩვენს შრომასთან შესაბამისი ნამდვილად არ არის.
ამ წლის დასაწყისში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთანაც ვიყავით და ხელფასების გაზრდა მოვითხოვეთ. დაგვპირდა ისიც, მაგრამ არაფერი შეცვლილა.
საქმისადმი გულგრილობა არ შემიძლია. მკითხველს იმას ხომ ვერ ვეტყვი, არ მოგემსახურები, დაბალი ხელფასი მაქვს-მეთქი. პროფესიული დაავადება – სოკო დამემართა და ექვსი თითის ფრჩხილი დამიზიანდა. წიგნს მტვერი აქვს. მტვერსასრუტი შეგვიძინეს, გვაქვს პირბადეები და ხელთათმანები, რის გარეშეც წიგნებთან ვერ იმუშავებ.
მადლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, ბიბლიოთეკარების საქმიანობით და შრომითი პირობებით რომ დაინტერესდით“.
ხარაგაულის „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი ამბობს, რომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენისას ბიბლიოთეკარების ხელფასების მატება არ დაუგეგმავს.
ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ მერიაში გვითხრეს, რომ შესაძლოა ხელფასების მატება განხორციელდეს, – ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი, – ზუსტად არ ვიცი, რა და როგორ მოხდება; თუმცა, პირველ რიგში, ბიბლიოთეკარებს გავითვალისწინებთ“.
დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებიც. ამ გაერთიანების დირექტორი მარინა გოგშელიძე ამბობს, რომ ბიბლიოთეკარების საშუალო ანაზღაურება 220 ლარია.
„ჭიათურის საბიბლიოთეკო გაერთიანება 28 განყოფილებას აერთიანებს, – ამბობს მარინა გოგშელიძე, – ბიბლიოთეკები ყოველდღე მუშაობენ. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში მათი ხელფასების ათი პროცენტით მატებაა განსაზღვრული.
ყველა ბიბლიოთეკარი თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს. ინტერნეტით, ცენტრალური ბიბლიოთეკის გარდა, ხუთი ბიბლიოთეკაა უზრუნველყოფილი – კაცხის, სვერის, მანდაეთის, წირქვალისა და ზოდის.
ბიბლიოთეკარების ხელფასი დაბალია და დღევანდელ ცხოვრებაში ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. თუმცა, მომავალს იმედით ვუყურებთ და ვფიქრობთ, შრომა თანდათან დაგვიფასდება“, – ამბობს მარინა გოგშელიძე.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე – ნანა ლურსმანაშვილი და ნანა ბელაში
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
„დამლაგებლის ხელფასი წამლებშიც კი არ გვყოფნის“
პანდემიამ ვაჭრობა ძალიან შეაფერხა, ადამიანები საჭმლის ფულსაც ძლივს შოულობენ
ქალები არაფორმალურ შრომაში – უხილავი საფრთხე სიბერეში
კოორდინატორი ქალების საქმიანობა გენდერული ძალადობის სპეციფიური ფორმაა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი