
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი 30 ივნისს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე – „თეატრალური იმერეთი 2025“ სპექტაკლით – „მშვიდობით, თემურ“! წარსდგება. სპექტაკლი 19:00 სთ-ზე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება.
ეს სპექტაკლი რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ბასა ჯანიკაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა. ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ ამ პიესის დადგმა თავად ავტორმა შესთავაზა, რადგან ხარაგაულის თეატრის შემოქმედებას კარგად იცნობს. რეჟისორი მწერალს ნდობისთვის მადლობას უხდის.
სპექტაკლის მთავარ გმირს, თემურს, არ უმართლებს – კარგავს სამსახურს, ვერ იხდის ბანკის სესხს, ენგრევა ოჯახი. ამის გამო ის თვითმკვლელობას გადაწყვეტს.
„სპექტაკლი ეხება იმას, რომ ადამიანებმა ემპათიის უნარი დავკარგეთ. ერთმანეთის თანაგრძნობა და მხარდაჭერა ჩვენგან უკვე შორსაა, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ყველა ცდილობს, ადამიანის უკიდურესი მდგომარეობა – თვითმკვლელობის მცდელობა – სათავისოდ გამოიყენოს. ეს ყველაფერი სპექტაკლში „შავი იუმორით“ არის გადმოცემული, – კარგად შეზავებული სევდითა და ირონიით.
ეს პიესა ოცი წლის წინ დაიწერა და აქტუალობას არ კარგავს. სპექტაკლზე მუშაობა იოლი არ იყო. ვფიქრობ, რომ შევძლებთ ღირსეულად წარვსდგეთ ქუთაისელი და ხარაგაულელი მაყურებლის წინაშე. საინტერესო სპექტაკლს ვპირდებით ყველას, ვისაც უყვარს და ვინც აფასებს 125 წლის ისტორიის მქონე ხარაგაულის სახალხო თეატრს.
მნიშვნელოვანია, რომ სპექტაკლებს ჩვენ ყოველთვის საკუთარი ძალებით ვდგამთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არასდროს გვყოლია მოწვეული რეჟისორი და მსახიობები“.
„საინტერესო და თანამედროვე სპექტაკლია, – ამბობს მსახიობი ნიკოლოზ მაჭავარიანი, – ვასრულებ მომავალი პარლამენტარის როლს, რომელიც ცდილობს მთავარი გმირის ტრაგედიით პარტიის რეიტინგი გაზარდოს. რეჟისორი ირინე ჩხეიძე ყოველთვის ისეთ პიესებს არჩევს, რომელიც თანამედროვე პრობლემებს ეხმიანება. განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, ხარაგაულელ მაყურებელთან შესახვედრად ვემზადებით.“.
„თემური სუსტი ადამიანი აღმოჩნდა – პრობლემებთან შებრძოლების ნაცვლად ცხოვრებისგან გაქცევა და თვითმკვლელობა აირჩია, – ამბობს ვასილ კიკნაძე, მთავარი როლის შემსრულებელი, – ის ოჯახის წევრებისგან და საზოგადოებისგან თავს გარიყულად გრძნობს.
ყველაზე მეტად გულს ის წყვეტს, რომ ყოფით პრობლემებთან გასამკლავებლად მის გვერდით არავინ აღმოჩნდა. ყველა ცდილობს, მისი თვითმკვლელობა თავის საკეთილდღეოდ გამოიყენოს. ასეთი შემთხვევები დღევანდელ ცხოვრებაში ხშირია“.
სპექტაკლში მონაწილეობენ ვასილ კიკნაძე, ბათუ კიკნაძე, ირინე ჩხეიძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, მაია ბერაძე, ლია ჭიპაშვილი, დავით ჭყოიძე.
ხარაგაულის კინოთეატრში ეს სპექტაკლი 3 ივლისს 18:00 საათზე გაიმართება. ბილეთის ღირებულება 5 ლარია.
წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულის სახალხო თეატრს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე და ხარაგაულელ მაყურებელთან შეხვედრისას.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი 30 ივნისს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე – „თეატრალური იმერეთი 2025“ სპექტაკლით – „მშვიდობით, თემურ“! წარსდგება. […]
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის
ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხემაღალსა და ღვერკში
მეორე წელია, ხევში საბავშვო ბაღისა და საექიმო