
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი იმერეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით „მშვიდობით, თემურ“! წარსდგა.
ეს სპექტაკლი ბასა ჯანიკაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ დადგა.
თემურმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა. ამ ფაქტის შემსწრე ადამიანები, იმის ნაცვლად, რომ თემური გადაარჩინონ, მისი გადაწყვეტილებით სარგებელს ეძებენ. მთავარი გმირის სუიციდის მცდელობას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ ბანკის სესხის ოფიცერი, მხატვარი, პოლიტიკოსი, დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენელი, ჟურნალისტი…
მხოლოდ ყოფითი პრობლემები არ არის თემურის გადაწყვეტილების მიზეზი. ის გაუცხოებულია საკუთარი ოჯახისგან, საზოგადოებისგან. მისი სულის ტკივილი არავის ესმის.
თვითმკვლელობის მცდელობის ბოლო წუთებში მას ცხოვრების ახლიდან დაწყების სურვილი ძლევს. თუმცა, ჟურნალისტს პირდაპირი ჩართვა აქვს, მხატვარს მასზე შედევრის შექმნა სურს, ბანკის ოფიცერს ფული სჭირდება, დამკრძალავ ბიუროს – რეკლამა, პოლიტიკოსს – ამომრჩევლის ხმები… ამიტომ თემურს ურჩევენ, თოკზე ისე ჩამოეკიდოს, როგორც თავად გამოადგებათ…
„ამ სპექტაკლმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა ყველაზე მნიშვნელოვან ამბავზე – ადამიანები ერთმანეთს არ ვუფრთხილდებით. შეიძლება გავწიროთ ისინი, სხვისი ტრაგედია პირადი წარმატებისა და კეთილდღეობისთვის გამოვიყენოთ“, – შთაბეჭდილება გაგვიზიარა პრემიერის შემდეგ მაყურებელმა ეკა მესხმა.
„თანამედროვე საქართველოს რეალობა დავინახე ამ სპექტაკლში, – ამბობს ზაზა ლურსმანაშვილი, – ეს არის იუმორით გადმოცემული ტრაგედია. ხარაგაულის სახალხო თეატრს ძალიან ნიჭიერი რეჟისორი და მსახიობები გვყავს. მადლობა მათ ასეთი კარგი სპექტაკლისთვის“.
სპქატაკლში მონაწილეობენ – ვასილ კიკნაძე, ბათუ კიკნაძე, ნიკო მაჭავარიანი, ირინე ჩხეიძე, დავით ჭყოიძე, მაია ბერაძე, ლია ჭიპაშვილი.
რეჟისორი ირინე ჩხეიძე ამ სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებელიცაა. დეკორაცია შექმნა თეატრის მხატვარმა გაიოზ შუბითიძემ. სპექტაკლის ტექნიკურ გამართულობა უზრუნველყვეს ოპერატორებმა დავით კვირიკაშვილმა, ირაკლი შარიქაძემ და ზაზა ტაბატაძემ.
იმერეთის თეატრალურ ფესტივალში იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მოქმედი თეატრები მონაწილეობენ. რა მნიშვნელობა აქვს ამ ფესტივალს თეატრალური დასებისთვის, – ამ შეკითხვით ფესტივალის ჟიურის წევრს, თეატრმცოდნე ნერონ აბულაძეს მივმართეთ.
„საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენაა, – ამბობს ნერონ აბულაძე, – ეს ფესტივალი ხელს უწყობს ადგილობრივი თეატრების განვითარებას. წლიდან წლამდე იზრდება ფესტივალში მონაწილეობის მსურველი უცხო ქვეყნებში მოქმედი თეატრების რიცხვი.
მუნიციპალურ თეატრებს შორის კონკურენციაა. ამიტომ თეატრები ცდილობენ, მაყურებელს კარგი სპექტაკლები შესთავაზონ, მოიწვიონ პროფესიონალი რეჟისორები და მსახიობები. ეს ხელს უწყობს ადგილზე მოქმედი დასის განვითარებას.
ხარაგაულის თეატრს რაც შეეხება, ერთ რამეს თამამად ვიტყვი – ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამჯერ გადაიღო ხარაგაულის თეატრის სპექტაკლები, ნიშნავს იმას, რომ ეს თეატრი საკმაოდ ღირებულ და მაღალი დონის სპექტაკლებს დგამს.
არც ერთი სხვა მუნიციპალური თეატრის ამდენი სპექტაკლი არ გადაგვიღია ტელესპექტაკლის სახით. უახლოეს მომავალში ხარაგაულის სახალხო თეატრის ორი სპექტაკლის გადაღებას კიდევ ვაპირებთ.
ეს ყველაფერი რეჟისორ ირიმე ჩხეიძის და მისი დასის დამსახურებაა. იშვიათად მინახავს ასე ერთ მუშტად შეკრული გუნდი.
მუნიციპალიტეტებში მოქმედი თეატრები, უახლოეს ხანში, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ცალკე მუნიციპალურ თეატრებად ჩამოყალიბდებიან და მათი დაფინანსებაც გაიზრდება. ამ ცვლილებებს რომ განვიხილავდით, ზოგი სამოყვარულო თეატრების ხელშეწყობას მნიშვნელოვნად არ მიიჩნევდა, მაშინ მე მათ ვუთხარი, რომ ენახათ ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლები, რომლებიც სახელმწიფო თეატრების სპექტაკლებს არაფრით ჩამოუვარდება და ხშირად მათზე უკეთესიცაა.
გულწრფელად წარმატებებს ვუსურვებ ხარაგაულის სახალხო თეატრს“.
იმერეთის თეატრალური ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია 2 ივლისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
3 ივლისს კი სპექტაკლს – „მშვიდობით, თემურ!“ ხარაგაულის სახალხო თეატრი ხარაგაულის კინოთეატრში 18:00 საათზე წარმოადგენს.
ამავე თემაზე
„მშვიდობით, თემურ!“ – ხარაგაულის თეატრი პრემიერას გვთავაზობს
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი იმერეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით „მშვიდობით, თემურ“! წარსდგა. ეს სპექტაკლი ბასა ჯანიკაშვილის ამავე სახელწოდების […]
ხარაგაულის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში, სადაც მეწყრული
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის
ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში