ხარაგაულში, ყოფილი უნივერმაღის შენობის მეორე სართულის ნაწილი თვითდასაქმებულ ხუთ ინდმეწარმე ქალს უჭირავს.
25 წელია, ისინი აქ სხვადასხვა პროდუქციის ვაჭრობით ირჩენენ თავს და არჩენენ საკუთარ ოჯახებს. ეს ქალები თავად არიან პასუხისმგებლები სამუშაო გარემოზე. მათ თავად უწევთ ბუღალტრობა, რომ ყოველ თვეში დეკლარაცია შეავსონ და ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი გადაიხადონ, ყოველთვიურად წყლის, ნარჩენების გატანისა და დენის გადასახადსაც იხდიან.
ზოია ბუხნიკაშვილი ინდმეწარმისგან დაქირავებულია. ის ამბობს, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში არსებულ პრობლემებს მეტ-ნაკლებად უმკლავდება.
„შენობა, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, ავარიულია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, – ამბობს ზოია ბუხნიკაშვილი, – ვშიშობთ, ესეც არავინ გამოგვაცალოს ხელიდან. პროდუქციას, ძირითადად, „ნისიად“ ვყიდით, რადგან სხვაგვარად ხარაგაულში ვერ ვიმუშავებთ.
პანდემიამ ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ძალიან შეაფერხა. საყოველთაო ეკონომიური გაჭირვების გამო ადამიანები საჭმლის ფულს ძლივს შოულობენ. ამიტომ ჯამ-ჭურჭელი და ტანსაცმელი აღარავის უნდა.
შვებულებით არასდროს მისარგებლია. თუმცა, ჩემს დამსაქმებელს როცა ვეტყვი, რომ საოჯახო საქმის ან სხვა საჭიროებისთვის გათავისუფლება მჭირდება, უარს არასდროს მეუბნება.
ჩემ ოჯახს სჭირდება ეს ორი კაპიკი, რასაც აქ ვშოულობ. ორი წელიწადი ვიწვალებ კიდე ასე, საპენსიო ასაკამდე და მერე, ალბათ მუშაობას აღარ გავაგრძელებ“.
„ჩვენ ვართ საკუთარი თავის დამსაქმებლები და ბატონ-პატრონები, – ამბობს ინდმეწარმე ნინო ლომიძე, – უფროსი არავინ მყავს და მინდა წავალ, მინდა მოვალ. შრომით პირობებს რაც შეეხება, ნეტა მუშაობა იყოს, კლიენტი შემოვიდეს და არაფერს დავეძებ.
ზამთარში შეშის ღუმელს ვანთებთ. სრულფასოვნად ვერ ვთბებით, ხელებს თუ გავითბობთ ხოლმე. რა ვქნათ, აბა. ელექტროღუმელი რომ ჩავრთოთ, დენის გადასახადს ჩვენი შემოსავლებიდან ვერ დავფარავთ. დენი, წყალი, სველი წერტილი გვაქვს.
ამ დრომდე ჩვენ ამ ფართის ქირას არ ვიხდით, რადგან შენობის საკუთრების საკითხი გასარკვევი იყო. ახლა მგონი შენობა მუნიციპალიტეტს გადმოეცა და როგორ იქნება ჩვენი საქმე, რას შემოგვთავაზებენ, არ ვიცით“.
ხარაგაულის თვითმმართველობა უნივერმაღის ყოფილი შენობის მდგრადობის გარკვევას გეგმავს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ რადგან მდგრადობა დადგენილი არ იყო, ეს შენობა „განახლებული რეგიონების პროგრამაში“ ვერ მოხვდა.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა შენობის ვიზუალური დათვალიერებით შენობა შეაფასეს, როგორც არამდგრადი, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – გამომდინარე აქედან, სამი ვარიანტი განიხილებოდა:
პირველი – მოხსნილიყო მესამე სართული, თუმცა ამას პროექტის განმახორციელებელი მხარე არ ეთანხმებოდა;
მეორე – ეს შენობა სრულად დაშლილიყო და ამ ტერიტორიაზე სკვერი მოწყობილიყო. ეს ავტომატურად წარმოშობდა იქ არსებული ფართის მესაკუთრეებისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდის საკითხს;
მესამე პოზიციაა, რომ ბოლომდე შევისწავლოთ შენობის მდგომარეობა და მის რეაბილიტაციაზე ვიზრუნოთ.
უკვე მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს. მათგან მოვითხოვეთ, რომ ამ წლის ბოლომდე შენობის მდგრადობა გამოიკვლიონ. ჩვენ ყველა შემთხვევაში მოგვიწევს იქ დასაქმებული ადამიანების უფლებების დაცვა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ექსპერტიზამ უნდა გაგვცეს პასუხი – ვინარჩუნებთ ამ შენობას თუ არა.
ექსპერტიზა დასაჩქარებელია და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. წინ ზამთარი გველოდება და მალევე უნდა ვიცოდეთ, შენობის გამაგრებითი სამუშაოების გარეშე იქ დასაქმებულების ყოფნა უსაფრთხოა თუ არა.
უახლოეს თვეებში, თუ იმ შენობას საფრთხე არ ემუქრება, შენობის კეთილმოწყობის შემდგომ ღონისძიებებს დავგეგმავთ“.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე – ნინო ლომიძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
„ხელფასი რომ მაღალი იყოს, ქალს ვინ შეახედებს ბიბლიოთეკაში“?!
„დამლაგებლის ხელფასი წამლებშიც კი არ გვყოფნის“
ქალები არაფორმალურ შრომაში – უხილავი საფრთხე სიბერეში
კოორდინატორი ქალების საქმიანობა გენდერული ძალადობის სპეციფიური ფორმაა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი