ნახევარი საუკუნეა, ექიმი ზაური ჭუმბურიძე ადამიანთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას. თითოეული პაციენტის განკურნება და გადარჩენა, როგორც თავად ამბობს, ენით უთქმელ სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებს.

ზაური ექიმი სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა. ამ სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემთხვევაში სამხედრო აკადემიაში უგამოცდოდ ჩარიცხავდნენ. მოულოდნელად სამხედრო სასწავლებელი გაუქმდა და იძულებული გახდა დაბრუნებულიყო წაღვერში, სადაც იმ დროს მისი ოჯახი ცხოვრობდა.

ზაური ექიმი ამბობს, რომ სწავლის გზაზე ბევრი სირთულე შეხვდა. საფერშლო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა. ძალიან უხაროდა, საკუთარი ცოდნით უმაღლესი ქულები რომ დაიმსახურა და ამით, გავრცელებული აზრი – „სამედიცინოზე ფულის გარეშე ვერ ჩაირიცხებიო“, – გააბათილა.

მაშინ რა იცოდა, წინ როგორი უსიამოვნება ელოდა – სამედიცინო ინსტიტუტში ორი თვის სწავლის შემდეგ უთხრეს, შეცდომით ხარ ჩარიცხულიო. ვერაფერი გააწყო – მამამისი ცეკაშიც ჩავიდა, თუმცა სიმართლე ვერ დაამტკიცა.

„მიზნად დავისახე, რომ აუცილებლად ექიმი გავხდებოდი, – ამბობს ზაური ჭუმბურიძე, – ისევ ჩავირიცხე სამედიცინო ინსტიტუტში. კარგად ვსწავლობდი. ჩხოროწყუში მანაწილებდნენ. მე ხარაგაულში წამოსვლა ვარჩიე. თავიდან მუშაობა ფარცხნალში დავიწყე, შემდეგ ხარაგაულის საავადმყოფოში გადმოვედი.

ჩემი პირველი პაციენტი საოპერაციო მედდის ბიძაშვილი იყო. ვღელავდი, თუმცა, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ქირურგი იური ბერაძე მეხმარებოდა. მას შემდეგ წარმატებაც ბევრი იყო და ზოგჯერ, სამწუხაროდ, – დამარცხებაც.

უფროსი კოლეგების – სტეფანე დევდარიანისა და იური ბერაძის გვერდით გავიზარდე და ჩამოვყალიბდი როგორც ქირურგი. სტეფანე დევდარიანი დღე და ღამე საავადმყოფოში იყო, –  ავადმყოფს არაფრით დატოვებდა. იური ბერაძე ოპერაციებს სუფთად და დახვეწილად აკეთებდა. „პეწენიკა ქირურგს“ ვეძახდით. მათგან ვისწავლე, რომ შენს პირადულ, ოჯახურ საქმეზე, შესაძლოა, უარის თქმა მოგიწიოს, მაგრამ პაციენტი არ უნდა მიატოვო.

მახსოვს, ერთხელ საავადმყოფოში ობოლი გოგონა მოიყვანეს. მუცელი ჩირქით ჰქონდა სავსე და პერიტონიტი იწყებოდა. სწორედ იმ დღეებში რუსეთში უნდა წავსულიყავი ავტომანქანა „გაზ-24“-ის შესაძენად. ათ დღეში თუ არ წავიდოდი, მერე გაიყიდებოდა. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები არაფერს დააკლებდნენ, მაგრამ სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდა, ავადმყოფი ბავშვი ვერ დავტოვე.

პაციენტი გულით უნდა გიყვარდეს, ისე უნდა მოეპყრო, როგორც საკუთარი ოჯახის წევრს. როცა ასეთი განწყობა გაქვს, სირთულეს ადვილად მოერევი. შენს პროფესიაში მუდმივად უნდა ვითარდებოდე, სიახლეებს უნდა ეძიებდე.

იმისთვის, რომ წარმატებული ექიმის სახელი, საზოგადოების ნდობა და სიყვარული მოიპოვო, გულისხმიერი და შრომისმოყვარე უნდა იყო. ყველაფერი უნდა გააკეთო პაციენტის გადასარჩენად. ჩემი პროფესიით ისეთი სულიერი სიამოვნება მიმიღია, არჩევანის წინაშე რომ დავდგე, ისევ ექიმობას ავირჩევდი“.

ზაური ჭუმბურიძე ამბობს, რომ აუცილებელია ქვეყანაში სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი საავადმყოფოების რიცხვი გაიზარდოს. ეს პრობლემა, მისი შეფასებით, პანდემიის დროს უფრო მწვავედ გამოჩნდა. ზაური ექიმი წუხს, რომ უფულობის გამო ადამიანები ექიმს იმ დროს აკითხავენ, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამძიმებული აქვთ. მისი აზრით, სახელმწიფომ მეტად უნდა იზრუნოს პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და პროფილაქტიკური მედიცინის გაძლიერებაზე.

ახლახან ზაური ექიმმა კორონავირუსი გადაიტანა.

„ორი კვირა ხარაგაულის კოვიდცენტრში ვიწექი. ვერაგი დაავადებაა. აუცილებლად უნდა ავიცრა, როგორც კი ამის როცა ნებართვა მექნება. აცრა პანდემიის დასაძლევად ერთადერთი გამოსავალია.

ხარაგაულში საუკეთესო – მცოდნე და ყურადღებიანი მედპერსონალი გვყავს. კლინიკის ხელმძღვანელებმა – გიორგი ამურველაშვილმა და მაკა ქასრაშვილმა ყველა პირობა შექმნეს პაციენტების მაღალ დონეზე მომსახურებისთვის.

ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობები სწორად უნდა შეაფასო. ოპერაციებს აღარ ვატარებ. თუმცა, ყოველთვის ვეხმარები. ორი ქირურგი ოპერაციის დროს აუცილებელია. ხარაგაულის კლინიკაში მაღალი დონის პროფესიონალი – ქირურგი ლევან კობახიძე მუშაობს.

ნოემბერში 84 წლის ვხდები – უმცროს კოლეგებს იგივეს ვეტყვი, რასაც მე ჩემი უფროსი კოლეგები მასწავლიდნენ – პაციენტის მდგომარეობას იმედიანად უნდა მიუდგე“.

ნინო კაპანაძე

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:

ყველაზე ბედნიერი ავადმყოფის გადარჩენისას ვიყავი – ამბობს იუბილარი ექიმი

მასწავლებელმა მოსწავლეში ფარული ნიჭი უნდა აღმოაჩინოს და განავითაროს – ჯამბულ ბანცაძე

ხარაგაულში სკოლამდელი აღზრდის ბერმუხა თამარ გაჩეჩილაძე 80 წლისაა

განათლების განყოფილების გამგედ მუშაობის დროსაც კი, ერთი კლასს ყოველთვის ვასწავლიდი (ვიდეო)

ანზორ მაღრაძემ ბევრ ახალგაზრდას გაუკვალა გზა და ცხოვრებისეული სირთულეების დასაძლევადაც მოამზადა

„ცხოვრება ხუთჯერ რომ დავიწყო თავიდან, ხუთივეჯერ პედაგოგობას ავირჩევდი“