„ბავშვი ჭურჭელი არ არის, რომ აავსო; არამედ ჩირაღდანია, რომელიც უნდა აანთო“, – ოთხ ათეულ წელზე მეტ ხანს ამ აზრს უნერგავდა ხარაგაულის სკოლამდელი განათლების დარგის მუშაკებს.

მისი ჩართულობით უამრავი ჩირაღდანი აინთო და ეს სინათლე მრავალი წელი გაანათებს ხარაგაულის საზოგადოებას.

ხარაგაულის სკოლამდელ აღზრდის ამაგდარ მეთოდისტს, თამარ გაჩეჩილაძეს, 27 მარტს 80 წელი შეუსრულდება.

„1941 წელს დავიბადე. დედა ჩემს მშობიარობას გადაყვა, მამა ომში წაიყვანეს. მე და ჩემი და ბიძამ და ბიცოლამ გაგვზარდეს. პედაგოგობა ბავშვობიდან მინდოდა. ეზოში ბავშვებთან თამაშისას ყოველთვის მასწავლებლის როლს ვირგებდი. არასოდეს მიფიქრია საბავშვო ბაღის აღმზრდელობაზე, თუმცა მთელი ჩემი ცხოვრება ამ სფეროში ვიმუშავე.

ჩემი საბავშვო ბაღი ხარაგაულის გიმნაზიის გვერდით რომ ბინებია, იმ ადგილზე იყო. ბაღის გამგე ნადია კიკნაძე, ხოლო პედაგოგი დარეჯან კიკნაძე გახლდათ. ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის დღეს არსებული შენობა 1968 წელს გაიხსნა,“ – გვიამბობს თამარ გაჩეჩილაძე.

ხარაგაულის ქალთა სკოლის (დღევანდელი #2 საჯარო სკოლა) დასრულების შემდეგ სწავლა გოგებაშვილის პედაგოგიურ სასწავლებელში სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით გააგრძელა. 1963 წლიდან ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში აღმზრდელად დაიწყო მუშაობა. პარალელურად ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.

აღმზრდელად ხუთი წელი იმუშავა. შემდეგ განათლების განყოფილებაში სკოლამდელი აღზრდის ინსპექტორ-მეთოდისტის შტატი შეიქმნა და 1968 წელს ამ თანამდებობაზე გადმოიყვანეს. 2000 წლამდე ხარაგაულის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ხელმძღვანელობდა.

„განათლების განყოფილებაში მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობდნენ, მათგან ბევრი რამ ვისწავლე. მინდა სიყვარულით გავიხსენო შოთა ჩხიკვაძე, შოთა ღონღაძე, თენგიზ შერგელაშვილი  და ყველა თანამშრომელი, რომელთა გვერდით ოთხი ათეული წელი ვიმუშავე.

მე რომ მუშაობა დავიწყე, ხარაგაულში მხოლოდ ერთი ბაგა-ბაღი იყო. ამავე პერიოდში დიდვაკეში ფუნქციონირებდა ბაგა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა. ხარაგაულის საბავშვო ბაღის გამგე ეთერ კიკნაძე არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, – სკოლამდელი განათლების სისტემისთვის დაბადებული, საუკეთესო პედაგოგი და ფსიქოლოგი. შესანიშნავად იცოდა როგორც ბავშვის, ასევე მოზრდილების ფსიქოლოგია. თანამშრომლების მიმართ თბილი და ყურადღებიანი იყო და ამიტომ ყველას უყვარდა. მის გვერდით მუშაობდა შესანიშნავი პიროვნება დარეჯან კიკნაძე.

ეთერ კიკნაძე და დარეჯან კიკნაძე ხარაგაულის კოლორიტები იყვნენ. მათ გვედრით გავიზარდე. მათ გამიკვლიეს გზა ამ ურთულეს პროფესიაში. ეთერ კიკნაძის საქმე გააგრძელა ნანა მენაბდემ, რომელმაც საბავშვო ბაღის საქმიანობაში თავისი ხელწერა დატოვა“.

მთავრობის დადგენილებით, რეგიონებში სკოლამდელ დაწესებულებათა რიცხვი უნდა გაზრდილიყო,  თამარ გაჩეჩილაძე ამ კამპანიაში წარმატებით ჩაერთო და რამდენიმე წელიწადში ხარაგაულის რაიონში 16 საბავშვო ბაღი ამოქმედდა.

„ჩვენი საბავშვო ბაღები, რესპუბლიკის მასშტაბით, წარმატებებს აღწევდნენ. ზვარეს, ხევის, ვერტყვიჭალის, კიცხის, წყალაფორეთის საბავშვო ბაღები რესპუბლიკურ კონკურსებში წარმატებით მონაწილეობდნენ. ჩვენი რაიონის აღსაზრდელებმა თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ ღონისძიებაში ორჯერ მიიღეს მონაწილეობა.

1988 წელს ჩავატარეთ თათბირ-სემინარი თემაზე „ესთეტიკური აღზრდის პროპაგანდა მშობელთა შორის“. სემინარზე აღმზრდელთა მოხსენებებს დიდი წარმატება ხვდა წილად და დაიბეჭდა ჟურნალში „სკოლამდელი აღზრდა და დაწყებითი განათლება“. ჩვენი საქმიანობა მაშინ რესპუბლიკაში სამაგალითო გახდა“, – იხსენებს თამარ გაჩეჩილაძე.

მიუხედავად ასეთი წარმატებებისა, საბავშვო ბაღებში დიდ პრობლემად რჩებოდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგება. საბავშვო ბაღები ძველ შენობებში ფუნქციონირებდა და მათი განახლება ძალიან ჭირდა. რამდენიმე საბავშვო ბაღი ნაქირავებ შენობებშიც კი გახსნეს.

თამარ გაჩეჩილაძე განსაკუთრებული სიამაყით იხსენებს საბავშვო ბაღში თავის პირველ ჯგუფს, რომელშიც 40 აღსაზრდელი ირიცხებოდა.

„გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვი იყო ლამარა ამაშუკელი. ახლაც მახსოვს მისი სიტყვები საბავშვო ბაღის გამოშვების ზეიმზე. ლამარა დღეს არაჩვეულებრივი პედაგოგია. ჩემი აღზრდილების წარმატებები ყოველთვის მახარებს. ვთვლი, რომ ადრე უფრო სხვანაირი, დამჯერე თაობა იყო. ბავშვები მშობლებსაც და პედაგოგებსაც უჯერებდნენ. დღევანდელი ბავშვები უფრო მეტად თავისუფლები გახდნენ.

თაობათა ცვლის მიუხედავად, საბავშვო ბაღი ყოველთვის დარჩება განათლების პირველ და უმთავრეს საფეხურად. თითოეული აღსაზრდელი აქ ივითარებს  გუნდური მუშაობის უნარებს, სწავლობს შრომას, უფროსებთან ურთიერთობასა და მათ პატივისცემას. ოჯახი როგორი აკადემიურიც უნდა იყოს, ბავშვს მაინც ვერ მისცემს იმ განათლებასა და უნარ-ჩვევებს, როგორსაც საბავშვო ბაღში დაეუფლება“, – ამბობს ქალბატონი თამარი.

მისი მუშაობის პერიოდში გამოცდილი აღმზრდელები – ციალა ხარაძე, მედული ბოგვერაძე, ელენე  ვეფხვაძე, ჟენია ნიკოლეიშვილი, ციცინო ბუცხრიკიძე დამწყებ აღმზრდელებს საკუთარ გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს უზიარებდნენ.

საბავშვო ბაღების გამგეთა მეთოდგაერთიანებას ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის გამგე ნანა რევაზიშვილი ხელმძღვანელობდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია კიცხის, ხევის, ზვარეს, წიფის, ხუნევის, ვერტყვიჭალის, წყალაფორეთისა და მოლითის საბავშვო ბაღების გამგეების – ლიანა ვეფხვაძის, მარინა ტაბატაძის, მარინა ფანქველაშვილის, პაშა ხარატიშვილის, მარო ნოზაძის, მანანა ღამბაშიძის, გულო ხარატიშვილისა და მედული ბოგვერაძის საქმიანობა.

1990 წელს ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა საბავშვო ბაღებზეც აისახა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო საბავშვო ბაღების დაფინანსება და ამის გამო მათი უმრავლესობა დაიხურა. „ხარაგაულის რაიონში მხოლოდ ექვსი ბაღი განაგრძობდა მუშაობას. გამგეებსა და აღმზრდელებს ბავშვებისთვის საჭმელი სახლებიდან მოჰქონდათ, რომ საბავშვო ბაღები გადაერჩინათ. წლების შემდეგ ქვეყანა წელში გაიმართა და საბავშვო ბაღები კვლავ გაიხსნა,“ – ამბობს თამარ გაჩეჩილაძე.

30 წელზე მეტი ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში იმუშავა. მოსწავლეებს მხატვრულ კითხვასა და სწორად მეტყველებას ასწავლიდა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის, მაია ბლუაშვილის, ხელშეწყობით თოჯინების თეატრი შექმნა.

„2000 წლიდან დღემდე ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღში ლოგოპედად ვმუშაობ. დიდი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყეტილება, რომ მუშაობას თავი დავანებო. ახლა ჩემს ცხოვრებას ჩემი ანა გაჩეჩილაძე და მისი ოჯახი მილამაზებს. ანას მეუღლე დავით გველესიანი და მათი შვილები – დემეტრე და ელენე გველესიანები ჩემი სიბერის ყვავილები არიან, მე მათით ვხარობ.

მიხარია, რომ ხარაგაულში სკოლამდელ დაწესებულებათა რიცხვი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით, იზრდება. ეს ჩვენი დაწყებული საქმის ღირსეული გაგრძელებაა. ვთვლი, რომ ამჟამად ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას ნიჭიერი, პერსპექტიული და ნათელი გონების ახალგაზრდა მამუკა ჭიპაშვილი ხელმძღვანელობს.

მას გვერდით უდგანან გამოცდილი სპეციალისტები თამარ ავალიშვილი, ირმა სებისკვერაძე, თამარ ლაცაბიძე და სხვები. მჯერა, რომ ისინი გუნდური მუშაობით ბევრ საინტერესო ფურცელს ჩაწერენ სკოლამდელი აღზრდის ისტორიაში. ჩემმა აღზრდილმა თამარ ავალიშვილმა ახლახან ტრენერის წოდება დაიმსახურა. მწამს, რომ ჩემი ცუცნა ღირსეულად შეასრულებს თავის მოვალეობას.

ყველა აღმზრდელს ვულოცავ გაზაფხულს და მარტის დღესასწაულებს. მინდა ვუთხრა მათ – გიყვარდეთ ბავშვები, აჩუქეთ  მათ სიყვარული, გულის სითბო და მშობლებთან მჭიდრო კონტაქტით სასურველ შედეგს ყოველთვის მიაღწევთ. დაე, დიდხანს გენთოთ, ძვირფასო აღმზრდელებო, ეს ჩირაღდანი ჩვენი რაიონის სასიკეთოდ“.

თამთა გოგოლაძე

P.S. 2023 წლის 27 მარტს, ღვაწლმოსილი პედაგოგის, თამარ (თადული) გაჩეჩილაძის, დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღში, მერიის კულტურისა და განათლების სამსახურის ორგანიზებით.