ხარაგაულში თავისუფალი ჭიდაობის აღორძინება და ამ კუთხით ძლიერი სკოლის შექმნა ანზორ მაღრაძის სახელთანაა დაკავშირებული. მან სპორტით დაინტერესებულ უამრავ ახალგაზრდას გაუკვალა გზა, ბევრი წარმატებული სპორტსმენი აღზარდა და ისინი ცხოვრებისეული სირთულეების დასაძლევადაც მოამზადა.

ანზორ მაღრაძე არის ხარაგაულის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, რესპუბლიკის დამსახურებული მწვრთნელი.

მთელი მისი ცხოვრება ხარაგაულთან არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებები ჰქონდა, თავისი საყვარელი რაიონის დატოვებაზე არასდროს უფიქრია. ყოფილი მოსწავლეები ანზორ მაღრაძეს კეთილშობილ, პატიოსან და სამართლიან პიროვნებად ახასიათებენ. ის მართლაც, შინაგანი კულტურითა და ერუდიციით გამორჩეული ადამიანია, რომელმაც აღზრდილებს, გარდა სპორტისა, ბევრი კარგი რამ ასწავლა.

ანზორ მაღრაძის აქტიურად მუშაობის პერიოდში ხარაგაულელ სპორტსმენთა გუნდი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სხვადასხვა საერთაშორისო, თუ ქვეყნის მასშტაბით გამართულ ტურნირებზე.

„სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო სამსახურს ქალაქ კრასნოიარსკში გავდიოდი. იქ ყოფნის დროს მწვრთნელმა დიმიტრი მინდიაშვილმა შემამჩია, დიდებული ადამიანი იყო. შეჯიბრი ჩაატარა და პირველი ადგილი ავიღე. ამის შემდეგ ხარაგაულში დავბრუნდი. დიდვაკეში თავისუფალი ჭიდაობის მეთოდისტად ვმუშაობდი და პარალელურად, სპორტის აკადემიაში დაუსწრებელზე ვსწავლობდი.

ხარაგაულში სამუშაოდ 1964 წელს გადმოვედი. ჩემი, როგორც მწვრთნელის, პირველი წარმატება იყო, როდესაც ძმები გოგნაძეები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ამ დროს ვიგრძენი თავი ყველაზე ამაყად და ეს განსაკუთრებულად მახსოვს“.

ანზორ მაღრაძე წლების განმავლობაში ხარაგაულის სპორტსკოლის დირექტორად მუშაობდა. ასევე იყო ხარაგაულის რაიონის სპორტული კომიტეტის თავმჯდომარე. მას უამრავი წარმატებული მოსწავლე ჰყავდა. მათ, უპირველესად, ასწავლიდა, რომ არასოდეს დანებებულიყვნენ. აღსაზრდელებს ყოველთვის სტიმულს აძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ რთულ პირობებში უწევდა მუშაობა, მის გუნდს ეს საერთოდ არ ეტყობოდა.

„ახალგაზრდებს ვუნერგავდი, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ეცხოვრათ. მაქსიმალურად გამოეყენებინათ თავიანთი მონაცემები და ძალიან ბევრი ევარჯიშათ. მე ჩემს მოსწავლეებს დღის განმავლობაში 4-5 საათი ვავარჯიშებდი. მომავალ თაობას ვურჩევ, რომ თუ უნდათ წარმატებას მიაღწიონ, ბევრი იშრომონ და ისწავლონ“.

ანზორ მაღრაძეს ჯანმრთელობის პრობლემების შექმნის შემდეგაც არ დაუტოვებია საყვარელი საქმიანობა. 2015 წლიდან, სამი წლის განმავლობაში, სპორტსკოლაში კონსულტანტად მუშაობდა. ბავშვებს თავისუფალი ჭიდაობის ისტორიას ასწავლიდა და რაც მთავარია, პრაქტიკულ რჩევებს აძლევდა.

79 წლის დამსახურებული მწვრთნელი ანზორ მაღრაძე, ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, თავს ბედნიერად თვლის, რადგან ჰყავს ძალიან კარგი მეუღლე, შვილები და შვილიშვილები.

ანზორ მაღრაძის შესახებ საინტერესოდ საუბრობენ მისი აღზრდილები:

ნოდარ ებანოიძე: – ხარაგაულში თავისუფალი ჭიდაობის განვითარებაში ბატონ ანზორს დიდი წვლილი მიუძღვის. მას ჰქონდა არა მხოლოდ ჭიდაობის ამ სახეობის ღრმა ცოდნა, არამედ ის იყო ძალიან კარგი ფსიქოლოგი. მახსოვს, როგორ განგვაწყობდა ხოლმე გამარჯვებისთვის.

პირველად რომ დავიწყე ტურნირებზე გამოსვლა, სამი შეხვედრიდან ორი წავაგე. დაჯილდოებაზე კი მეც გამომიძახეს და გადმომცეს პრიზი, როგორც პერსპექტიულ მოჭიდავეს. ძალიან გვიან გავიგე, რომ ეს პრიზი ანზორ მაღრაძემ შეიძინა, პრეზიდიუმს გადასცა და სთხოვა, რომ მეც დავეჯილდოვებინე.

ბატონმა ანზორმა ხარაგაულში შექმნა თავისუფალი ჭიდაობის დიდი სკოლა, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი იყო საქართველოს მასშტაბით. მახსოვს, რა პირობებში უწევდა მას მუშაობა. გარკვეული პერიოდი, ხარაგაულში სპორტული დარბაზიც კი არ იყო. გარდა ამისა, მიზერული ანაზღაურება ჰქონდა. ასეთ პირობებში მიღწეული წარმატებები საქმისადმი მისი დიდი სიყვარულისა და თავდადების შედეგია.

რევაზ შერგელაშვილი: – 12 წლის ვიყავი, ჭიდაობის სექციაში ვარჯიში რომ დავიწყე. თავიდანვე ბატონი ანზორი მასწავლიდა. ის, როგორც პიროვნება და როგორც მწვრთნელი, მართლაც გამორჩეული იყო. ეს საქმე შემაყვარა და დღეს მეც ამ მიმართულებით ვაგრძელებ მუშაობას. მან ბევრი რამ მასწავლა მან. ხარაგაულში თავისუფალი ჭიდაობის აღორძინება სწორედ მისი დამსახურებაა.

დავით გელაშვილი: – ბატონი ანზორი ძალიან კარგი პიროვნებაა. მთელი თავისი ცხოვრება შეალია ხარაგაულში ჭიდაობის ამ დარგის განვითარებას. სამართლიანი ადამიანი იყო და  შრომისმოყვარეობა მასწავლა.

ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ ამაგდარ, ღირსეულ, დამსახურებულ ადამიანსა და შესანიშნავ პიროვნებას.

ლიკა ხიჯაკაძე