ღვაწლმოსილი პედაგოგი ნაზი თუთბერიძე 48 წლის განმავლობაში დიდი მონდომებით, ერთგულებითა და სიყვარულით უძღვებოდა მოსწავლეთა აღზრდის საქმეს.

დაწყებითი კლასების პედაგოგობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვური ფიქრები რეალობად აქცია. ქუთაისის პედინსტიტუტი 1965 წელს დაამთავრა და პედაგოგიური საქმიანობა კიცხის სკოლა-ინტერნატში დაიწყო.

ახალგაზრდა მასწავლებელი შრომისმოყვარეობით, ენერგიითა და ენთუზიაზმით გამოირჩეოდა. მოსწავლეებთან თანამშრომლობდა. განსაკუთრებულ ყურადღებას საქმიან და საინტერესო კლასგარეშე აქტივობებს უთმობდა. პირველმა წარმატებებმაც არ დააყოვნა.

„კიცხის სკოლა-ინტერნატში საუკეთესო პედკოლექტივი დამხვდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო იოსებ აბულაძე. პედაგოგიური განათლების კუთხით თუკი რამ კარგი შევითვისე, ამაში დიდი წვლილი იოსებ აბულაძეს მიუძღვის. მისი მეგობრული და მამა-შვილური რჩევები ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. პირველმა წარმატებამ მოტივაცია გამიძლიერა. მაშინ „ბუნება“ ახალი საგანი იყო და შეჯიბრებაში მონაწილეობა გადავწყვიტე. ამ შეჯიბრის ფარგლებში დავწერე პროექტი. მოსწავლეები ექსკურსიაზე დამყავდა, გავაკეთეთ კალენდარი.

გაკვეთილზე ქუთაისის მეთოდგაერთიანების სპეციალისტი დამესწრო და აქტივობებიც შემიფასა. ჩემი საქმიანობა იმდენად მოეწონათ, რომ შეჯიბრში გავიმარჯვე და მედლით დამაჯილდოვეს “.

ნაზი მასწავლებელი რამდენიმე წლის შემდეგ კიცხის საშუალო სკოლაში გადმოვიდა, რაც ძალიან გაუჭირდა. თუმცა მალევე მიეჩვია, რადგან აქაც კარგი კოლეგები და მოსწავლეები დახვდნენ. მოგვიანებით, ხარაგაულის რაიონის განათლების განყოფილების მეთოდგაერთიანების ხელმძღვანელად დანიშნეს.

მეთოდისტის სტატუსიც მალე მიენიჭა. ამ კუთხითაც არ დაახანა წარმატებამ და „სახალხო განათლების წარჩინებულის“ სამკერდე ნიშანი მიიღო. მალე, რაიონის მეთოდგაერთიანების ხელმძღვანელობის ნაცვლად, მხოლოდ კიცხის ზონის სკოლების მეთოდისტად მუშაობა გადაწყვიტა.

„ჩემი მთავარი იდეა იყო, რომ მოსწავლეს შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოემჟღავნებია. ამას საკუთარი მეთოდური მიდგომებით, დარიგებებითა და შრომით ვაღწევდი. ვცდილობდი, მოსწავლეებისთვის სამშობლოს სიყვარული ჩამენერგა. შრომითი ჩვევების ჩამოყალიბებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი.

მასწავლებელი მომთმენი, პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე უნდა იყოს; დაუზარებლად აკეთებდეს საქმეს და რაც მთავარია, თავისი პროფესია უნდა უყვარდეს. ვფიქრობ, ჩემი მიზანი შევასრულე. ჩემს მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან მართალი ვიყავი და სხვა ყველაფერი ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო“.

ნაზი თუთბერიძე კიცხის საშუალო სკოლაში გახანგრძლივებულ სწავლებაშიც იყო ჩართული. ამასთან დაკავშირებით დაწერა ნაშრომი სათაურით: „როგორ ვაწარმოოთ შრომითი აღზრდა გახანგრძლივებულ დღის ჯგუფში“. ამ ნაშრომში აქცენტი პრაქტიკულ საკითხებზე იყო გამახვილებული. ამიტომ დიდი მოწონება დაიმსახურა და ჟურნალში „სკოლასა და ცხოვრება“ გამოქვეყნდა.

„სწავლების ადრინდელი მეთოდების დიდი ნაწილი კარგი იყო, – მიაჩნია ნაზი თუთბერიძეს, -უმთავრესი ყურადღება აღმზრდელობით საკითხებს ენიჭებოდა. იაკობ გოგებაშვილზე წინ ვერავის დავაყენებ. ახალ მეთოდებს რაც შეეხება, პედაგოგების კატეგორიებად დაყოფას არ ვემხრობი. მასწავლებელი საკუთარმა ცოდნამ, გამოცდილებამ და შედეგებმა უნდა წარმოაჩინოს.

ახალ თაობას რაც შეეხება, ძალიან განვითარებულები არიან. თუმცა, ვფიქრობ, რომ წიგნს დაშორდნენ. ადრე უფრო ვგრძნობდი ახალგაზრდებში წიგნის სიყვარულს. კარგია, რომ თავიანთი უფლებები რომ იციან, მაგრამ ახალგაზრდები მოვალეობებსაც არ უნდა ივიწყებდნენ“.

ნაზი თუთბერიძის მეუღლე, ბორის ზვიადაძე, კიცხის საშუალო სკოლის პედაგოგი და ანსამბლ „ოდილას“ წევრი იყო. ის ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ქალბატონი ნაზი სკოლას ათი წლის წინ გამოემშვიდობა. ამჟამად 86 წლისაა. ჰყავს სამი შვილი და შვილიშვილები. აქტიურადაა ჩართული შვილიშვილების აღზრდაში. ამ გადმოსახედიდან თვლის, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანური ღირსება და ჰუმანიზმია.

„ცხოვრება ხუთჯერ რომ დავიწყო თავიდან, ხუთივეჯერ პედაგოგობას ავირჩევდი. მიყვარს ღირსეული ადამიანი. მოსწავლეებს ხშირად ვახსენებდი მამია გურიელის სტრიქონებს:

„ცხოვრებაში რა შესვლასა იწყებ
და ბედიც კეთილგუნებიანი
თან დაგდევს, იმ დროს ნუ დაივიწყებ,
რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!“

ნაზი თუთბერიძე პოეზიით ბავშვობიდან დაინტერესდა და თავადაც წერს ლექსებს. იხსენებს, რომ პირველი ლექსი მე-7 კლასში დაწერა და მას შემდეგ საკუთარ გულისნადებს ყოველთვის პოეტური სიტყვით გამოხატავს.

„პოეზია ძალიან მიყვარს. ნიკოლოზ ბარათაშვილი, ლადო ასათიანი, გალაკტიონი, – ეს ის პოეტებია, რომელთა შემოქმედებაც ძალიან ახლოსაა ჩემთან. გალაკტიონის „მესაფლავე“ ზეპირად ვიცი და დაძინებისას ყოველთვის ჩუმად ვყვები. ეს მამშვიდებს“.

ლიკა ხიჯაკაძე