დღეს, 14 აპრილს, ღირსეულ ხარაგაულელს, ღვაწლმოსილ ექიმს, ლიანა თარგამაძეს 89 წელი შეუსრულდა.
53 წლის განმავლობაში ლიანა ექიმი ხარაგაულში საქმიანობდა.
1955 წელს, სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ლიანა თარგამაძემ მუშაობა დმანისში დაიწყო. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე ბესიკ ორჯონიკიძე. დაქორწინდნენ და 1958 წლიდან ცხოვრება ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშაში დაიწყეს. ლიანა ექიმს ღორეშის ათსაწოლიანი საავადმყოფო ჩააბარეს.
„ექიმობა დეიდაჩემის გავლენით გადავწყვიტე, – გვიამბობს ლიანა თარგამაძე, – მინდოდა, მეც ისევე დავხმარებოდი ადამიანებს, როგორც დეიდაჩემი. მართლაც თავდაუზოგავად ვმუშაობდი – დღე ჩემთვის არ იყო და ღამე. მაშინ მანქანა სად იყო და ღორეშაში პაციენტებთან ფეხით დავდიოდი.
რა დამავიწყებს, ცხენით რომ წავედით მე და ჩემი ექთანი ნაზიკო ებანოიძე ელუბრაში მესხიშვილის ოჯახში მშობიარესთან. პირველად მივიღე მშობიარე, თან – ლამპის შუქზე. ტყუპები გაჩნდნენ. ღორეშაში ყველა ოჯახში ვარ ნამყოფი. ვცდილობდი, პაციენტებს გულიანად მივხმარებოდი.
ღორეშიდან ხუნევის ათსაწოლიან საავადმყოფოში გადავედი. 1966 წლის მაისიდან ხარაგაულის ახალგახსნილ საავადმყოფოში თერაპიული განყოფილების გამგედ დავიწყე მუშაობა. საავადმყოფოს მთავარი ექიმი მაშინ დიმიტრი მემანიშვილი იყო.
დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვიხსენებ ჩემს კოლეგებს. საუკეთესო ექიმები დამხვდნენ – სტეფანე დევდარიანი, ლოლა გურგენიძე, ირაკლი კიკვაძე, შოთა გურგენიძე, იური ბერაძე, ციალა კიკნაძე, ანგელინა კვირიკაშვილი, მერი გოგიჩაძე, მერი ჩიკვაიძე, ვარლამ ჯულაყიძე, თინა არევაძე, თინა დევდარიანი, ლუბა მჭედლიძე. მათთან კოლეგიალური დამოკიდებულება მქონდა, ყველასგან სიყვარულსა და თანადგომას ვგრძნობდი.
დღემდე მეხმიანებიან კოლეგები – ალექსანდრე ბარბაქაძე, აზა ფურცელაძე, ზაური ჭუმბურიძე, ნანი არევაძე, ჯუმბერ ფერაძე, რომან შავიძე, ნაზი არევაძე, იამზე კიკნაძე.
დღესასწაულებს მილოცავენ ხარგაულელები – ქეთინო ამაშუკელი, ლალი ორჯონიკიძე, ვალოდა კელენჯერიძე, მერი გიორგიძე.
ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში განსკუთრებულად მახსენდება ის ფაქტი, როცა მე და იური ბერაძე მიროწმინდაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, დავით V დევდარიანს, ვმკურნალობდით. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო.
კარგი ექიმის სახელი, საზოგადოებაში ნდობა და ავტორიტეტი რომ დაიმსახურო, პაციენტს ყურადღებით უნდა მოეპყრო, უნდა მოუსმინო და მისი ყველა სურვილი გაითვალისწინო. მთავარია, სხვისი გაჭირვება და გულისტკივილი შენად მიგაჩნდეს, იყო თავმდაბალი და მოსიყვარულე.
მე და ჩემი კოლეგები მძიმე ავადმყოფების მკურნალობისას ერთმანეთს ვეხმარებოდით, გამოცდილებასა და მოსაზრებებს ვუზიარებდით. მაშინ სად იყო კომპიუტერული კვლევები. ფონედოსკოპით ვსვამდით უტყუარ დიაგნოზებს. შემდეგ შემოვიდა რენტგენისა და კარდიოგრამის აპარატები. ახლა ყველაფერი ხელის გულზე ჩანს – დაააყენებენ ავადმყოფს კომპიუტერთან და ყველაფერს ხედავენ. პრობლემებს ერთმანეთისა და საქმის სიყვარულით ვწყვეტდით. საერთო მიზანი გვაერთიანებდა – ხარაგაულის საავადმყოფო უნდა ყოფილიყო საუკეთესო და განვითარებას არ ჩამოვრჩენოდით.
ექიმები თავად დავდიოდით ოჯახებში და სამედიცინო შემოწმებას ვატარებდით. აღრიცხვაზე გვყავდა ქრონიკული ავადმყოფები და მათ საავადმყოფოში რეგულარულად ვიბარებდით. ისინიც მოდიოდნენ და პროფილაქტიკურ გამოკვლევებს ვუტარებდით. დღეს ასე აღარაა. ადამიანი ექიმთან იმ დროს მიდის, როცა მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სოფლებში ამბულატორიების გაძლიერება, სოფლის ექიმს უნდა შეექნმას პირობები, რომ გულდასმით იმუშაოს.
…ექიმი თავს ყველაზე ბედნიერად მაშინ გრძნობს, როცა მომაკვდავი ავადმყოფის საწოლთან გაიმარჯვებს და მას სიცოცხლეს დაუბრუნებს. იმ ბედნიერებასა და სიხარულს არაფერი შეცვლის. ასეთი დღე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრია“.
ლიანა თარგამაძე ორი შვილის დედა, სამი შვილიშვილისა და ხუთი შვილთაშვილის ბებიაა. ის ამბობს, რომ უსაზღვროდ ენატრება ხარაგაული და ხარაგაულელები.
„ყველას ჯანმრთელობას, ერთმანეთის სიყვარულსა და გატანას ვუსურვებ. ჩემი საუკეთესო მოგონებები ხარაგაულს უკავშირდება“.
ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვეთ ღვაწლმოსილ ქალბატონს.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ლიანა თარგამაძე – ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახითა და ხარაგაულელთა მადლიერებით (ვიდეო)
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,