60 წელზე მეტია, სკოლაში სპორტის მასწავლებელია. ახლახან გიმნაზიის კოლექტივმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით, სკოლიდან გაცილების საღამო მოუწყვეს. სკოლიდან წამოვიდა, თუმცა ყოფილი მოსწავლეების დიდი სიყვარული მთელი სიცოცხლე თან გაჰყვება. ჯამბულ ბანცაძეს 13 აპრილს 80 წელი შეუსრულდება.

1941 წელს ბორჯომის რაიონის სოფელ ბანიხევში დაიბადა. მალე მამა სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ომიდან დაბრუნებულმა შვილი ხარაგაულში, სოფელ ღარიხევში ბებიასთან – კატო მაღრაძესთან ჩამოიყვანა. ათი წლის ასაკში დედა გარდაეცვალა. მამამ მეორე ცოლი მოიყვანა, რომელიც ჯამბულიზე საკუთარი შვილივით ზრუნავდა.

„თუ ჩემში რაიმე კარგი თვისებაა, ეს ყველაფერი ჩემი დედინაცვლის დიდი შრომის შედეგია. მისი დამსახურებაა, რომ ეს პროფესია ავირჩიე და სკოლაში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა,“ – ამბობს ჯამბულ ბანცაძე.

ხარაგაულის ვაჟთა სკოლაში შეიყვანეს. მისი პირველი პედაგოგები ჟენია ბუბულაშვილი და თამარა მუმლაძე იყვნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ ფიზკულტურის ინსტიტუტში დაუსწრებელ განყოფილებაზე ჩაირიცხა. პარალელურად, ვაჟთა სკოლაში ფიზკულტურას ასწავლიდა.

„მასწავლებელმა დიმიტრი სახვაძემ ფიზკულტურის საათები გამინაწილა, – იხსენებს ჯამბულ ბანცაძე, – მაშინ ხარაგაულის ვაჟთა სკოლაში შრომას იოსებ ბექტურაშვილი ასწავლიდა. შრომის კაბინეტი ახლანდელი ბანკის ტერიტორიაზე დიდი ხის შენობაში იყო განთავსებული. სკოლის დირექტორი ვალიკო ბარბაქაძე გახლდათ. მე, ახალგაზრდა მასწავლებელი, მათ ხელში ვიზრდებოდი. ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში ამ ორ შესანიშნავ ადამიანს დიდი წვლილი მიუძღვის“.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თანაკურსელ – ანზორ მაღრაძესა და ღუტუ ღონღაძესთან ერთად ჯარში გაიწვიეს. სამხედრო სავალდებულო სამსახური სამივე მათგანმა ციმბირში სარაკეტო ბატალიონში გაიარეს. ბატონი ჯამბული დღესაც სიამაყით იხსენებს, როგორ გაუშვეს მეგობრებმა პირველი რაკეტა. მაშინ უფროსი ბრიგადირის წოდება დაიმსახურა.

„სპორტულ აქტივობებში ყოველთვის პირველ ადგილს ვიკავებდი. განსაკუთრებით კალათბურთი მიყვარდა და ამაში აღნაგობაც ხელს მიწყობდა. სპორტი ყველა ბავშვისთვის აუცილებელია. თუმცა მოსწავლეს არაფერი უნდა დააძალო. მასწავლებელს მოსწავლის ხასიათის გაგება უნდა შეგეძლოს.  უნდა გამოიცნო, რისი ნიჭი აქვს მოსწავლეს. ამ მხრივ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დაწყებითი კლასების პედაგოგებს ენიჭებათ. ბავშვში დაფარული ნიჭი სწორედ მათ უნდა აღმოაჩინონ და განავითარონ“.

მკაცრი მასწავლებელი არასოდეს ყოფილა და მოსწავლეებს ნიშანს ყოველთვის უმატებდა. ამბობს, რომ ყველა მოსწავლეს სპორტსმენობას ვერ მოსთხოვ და იმის გამო, რომ სპორტში მაღალ შედეგებს ვერ აღწევს, ნიშანი არ უნდა გაფუჭო. ალბათ, სწორედ ამ დამოკიდებულების შედეგია, რომ ყოფილი მოსწავლეებისგან უდიდეს სიყვარულს დღესაც გრძნობს და მიაჩნია, რომ ამაზე დიდი ჯილდო ამქვეყნად არაფერია.

„სკოლაში 60 წელზე მეტხანს ვიმუშავე. სკოლის კოლექტივი ჩემთვის მეორე ოჯახი იყო. კოლეგებისთვის არასოდეს მიწყენინებია და არც მათგან მახსოვს წყენა. გიმნაზიაში ჩემი საქმის ღირსეული გამგრძელებელი დავტოვე, – ვლადიმერ შავიძე გამორჩეული პიროვნება და პედაგოგია. რაც მთავარია, თავისი სპეციალობა ძალიან უყვარს. თუ მასწავლებელს შენი საგანი არ გიზიდავს, ისე მოსწავლეს როგორ შეაყვარებ“.

ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ, ჯამბული მასწავლებელო!

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე: ჯამბული ბანცაძე მეუფე მელქისედეკთან (ხაჩიძე) ერთად