ხარაგაულის რაიონის განათლების სფეროში მოღვაწეთაგან გამორჩეულია თენგიზ შერგელაშვილი, – პროფესიით პედაგოგი, რომელიც საყვარელ საქმეს 59 წლის განმავლობაში ემსახურა.

თენგიზ შერგელაშვილი ხარაგაულის განათლების განყოფილებაში ჯერ სასკოლო ინსპექტორად მუშაობდა, შემდეგ კი – განათლების განყოფილების გამგედ. მას ახლახან 87 წელი შეუსრულდა.

თენგიზ შერგელაშვილმა ხარაგაულის ვაჟთა საშუალო სკოლა 1951 წელს დაამთავრა. დამამთავრებელ კლასში სწავლისას სკოლას მოსკოვის საკავშირო უნივერსიტეტიდან გეოლოგები ეწვივნენ. მათი გავლენით, გეოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა. თუმცა მოსკოვში წასვლის საშუალება არ ჰქონდა და ბედი თბილისში სცადა. ცხრა გამოცდა ჩააბარა, მათ შორის ფრანგულ ენაში ფრიადი დაიმსახურა, თუმცა ქულები არ ეყო. მეორე წელს გორის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა და კმაყოფილია, მასწავლებლობა რომ აირჩია.

1956 წელს, ინტიტუტის დამთავრების შემდეგ, სწორედ იმ სკოლაში გაანაწილეს, სადაც თავად სწავლობდა. ამბობს, რომ მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა სკოლის დირექტორმა ვალიკო ბარბაქაძემ მოახდინა.

1975 წელს ხარაგაულის განათლების განყოფილებაში სასკოლო ინსპექტორად დანიშნეს, ხოლო 1988 წლიდან განათლების განყოფილების გამგედ.

„განათლების სისტემაში პროფესიონალი კადრები მუშაოდნენ, – იხსენებს ბატონი თენგიზი, – სკოლების პედაგოგიურ კოლექტივებში ძალიან იშვიათი იყო ურთიერთდაპირისპირება, საჩივრები. სკოლებთან აქტიურად ვთანამშრომლობდით. ხშირად ვამოწმებდით სკოლების დირექტორების, მათი მოადგილეების, დამრიგებლების საქმიანობას. ვსწავლობდით, როგორ მიმდინარეობდა საგნობრივი მეცადინეობები; ერთობლივად ვმსჯელობდით, – რა და როგორ აჯობებდა. სკოლის დირექციების წარმომადგენელთა მოსაზრებებს ხშირად ვიზიარებდით.

მეთოდკაბინეტში ათეული წლების განმავლობაში მუშაობდნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები: ენდი ბუაჩიძე, ნიკოლოზ შარიქაძე, მზია კახნიაშვილი, გოგი ჯღამაძე, თამარ გაჩეჩილაძე. ჩვენი მთავარი ბუღალტერი გახლდათ შესანიშნავი პიროვნება რუსუდან თაბუკაშვილი. ჩვენს განყოფილებას ყოველთვის გვერდით ედგა განათლების მუშაკთა პროფკავშირი და მისი თავმჯდომარე ნუგზარ ლომსაძე“.

განათლების სამინისტროში თენგიზ შერგელაშვილს დიდ პატივს სცემდნენ. ამას ხშირად სხვათა დასახმარებლად იყენებდა. ამბობს, – სიკეთე რომ გააკეთო, ამისთვის ზოგჯერ, შესაძლოა, კანონს გვერდი აუარო.

– დამსჯიდნენ, რომ გაეგოთ. თუმცა, მთავარია ადამიანს დავეხმარე, – ამბობს თენგიზ შერგელაშვილი.

წლების განმავლობაში ხარაგაულის #1 საშუალო სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა, მუშაობდა სკოლის დირექტორის მოადგილედ კლასგარეშე მუშაობის დარგში. პარალელულად, მოსწავლეებს სპორტული ოლიმპიადებისთვის ამზადებდა.

„ყოფილი მოსწავლეები მეუბნებიან, რომ ჩემგან ყველაზე მთავარი – ადამიანობა ისწავლეს. მხოლოდ საგნის სწავლება საკმარისი არ არის. მოსწავლეს საზოგადოებაში მოქცევა, საკუთარი თავისა და სხვების დაფასება უნდა ასწავლო. მთავარია, ცხოვრებაში ალალმართალი ადამიანის სახელი დატოვო, ცრუ და მატყუარა არ უნდა იყო. ცხოვრებას ფეხი უნდა აუწყო“.

თენგიზ შერგელაშვილსა და მის მეუღლეს, ინესა კელენჯერიძეს, წელს ქორწინებიდან 50 წელი უსრულდებათ. მათ ორი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავთ. ბატონი თენგიზი თვლის, რომ მტკიცე ოჯახის შესაქმნელად ურთიერთპატივისცემა და დაფასება უმნიშვნელოვანესია.

„ადამიანები უნდა გიყვარდეს. თანატოლებთან მეგობრული დამოკიდებულება უნდა იქონიო. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებს მეტი წიგნიერება სჭირდებათ, წიგნების კითხვა აუცილებელია. კითხვისას რაღაც ახალს აღმოაჩენ და ისწავლი. მუდამ ცხოვრების ფერხულში უნდა იყო.

ჩვენი რაიონის ცხოვრებას თქვენი გაზეთით ვეცნობი. ყველა ნომერს რამდენჯერმე ყურადღებით ვკითხულობ. ვიცი, რომ გაზეთის შექმნა ურთულესია. ახალგაზრდებმა რაც შეიძლება მეტი უნდა იკითხონ და განვითარდნენ“, – ამბობს თენგიზ შერგელაშვილი.

თამთა გოგოლაძე