„კარგი პედაგოგობა მხოლოდ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით არ განისაზღვრება. კარგი მასწავლებელი, პირველ რიგში, მოსწავლეების მეგობარი, მრჩეველი და მხარდამჭერია. მომავალი თაობისთვის სამაგალითო უნდა ვიყოთ – ჩვენგან უნდა ისწავლონ ურთიერთობები, საკუთარი უნარების გაძლიერება“, – ამბობს ხევის საჯარო სკოლის დირექტორი გვანცა ხადილაშვილი.
ქალბატონ გვანცას ზოგადი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და ხევის თემში არსებულ პრობლემებზე ვესაუბრეთ. გვანცა ხადილაშვილი, ცამეტი წელია, ხევის სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის.
– ქალბატონო გვანცა, ინგლისური ენის პედაგოგობა რატომ გადაწყვიტეთ, რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით თქვენი პროფესიული არჩევანით?
– ბავშვობაში იურისტობაზე ვოცნებობდი. თუმცა, ახლა პედაგოგობის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია. 2011 წელს, მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში ჩასართავად გამოცდები რომ დაიწყო, საგანსა და პროფესიულ უნარებში გამოცდა პირველივე წელს ჩავაბარე. დირექტორობის გამოცდაც პირველივე ცდაზე დავძლიე. თუ მოინდომებ, მიზანს აუცილებლად მიაღწევ.
სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ საუკეთესო პროფესია ავირჩიე. ერთია, რა გსურს და მეორეა, ცხოვრებაში რა გამოგადგება. ინგლისური ენის მცოდნე სახლიდანაც იმუშავებ, თარგმნი, აბიტურიენტებს მოამზადებ. ყველგან გამოსადეგი და პერსპექტიული პროფესიაა.
– თქვენთვის „კარგი პედაგოგობა“ რას გულისხმობს?
– ვფიქრობ, რომ ჩემი მოსწავლეების მეგობარი ვარ. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა მოსწავლეს ჩემთვის ისეთი რამ უამბნია, რის შესახებაც დღემდე არავინ იცის. ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია მოვიდეს და საკუთარ პრობლემაზე მესაუბროს. ავუხსნი, გავერკვევი, თუ საჭიროა, ბოდიშსაც მოვიხდი.
უფროსი რომ ხარ და მასწავლებელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი გეშლება. საუკეთესოდ სწავლა ყველას არ შეუძლია. ადამიანური თვისებების, უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში კი მასწავლებელი მოსწავლისთვის სამაგალითო უნდა იყოს. ზოგადად, კონფლიქტური ადამიანი არ ვარ. ბევრის მოთმენა შემიძლია. რაღაც თუ მეწყინება, მირჩევნია გავჩუმდე და დამშვიდებულ გულზე გავაანალიზო.
– ამჟამად ხევის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბრძანდებით. თქვენს შემთხვევაში რა ეტაპებია გასავლელი დირექტორად დანიშვნამდე?
– მხოლოდ გასაუბრება უნდა გავიარო. ხევის სკოლის დირექტორად კენჭისყრის უფლება ისევ მაქვს, რადგან დირექტორად მუშაობის ორი ვადა (12 წელი) ჯერ არ გამსვლია. სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კონკურენცია დაბალია და კარგა ხანს, ალბათ, ასეც იქნება. ხევის სკოლის დირექტორის ხელზე ასაღები ხელფასი 667 ლარია. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია.
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში რეფორმები და ცვლილებები ხშირია. ბევრი მასშტაბური პრობლემა დაგროვდა და ამიტომ სკოლის დირექტორობის მსურველი, ასეთი ხელფასის პირობებში, ნაკლებადაა. მე ინგლისური ენის საათებიც მაქვს და კმაყოფილი ვარ. ჯერჯერობით, სოფლიდან წასვლას არსად ვაპირებ და სკოლის დირექტორის პოზიციაზე კენჭისყრას ვგეგმავ.
– ხევის სკოლის საჭიროებები რამდენად გვარდება სკოლის ფინანსური შესაძლებლობებით; თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს სკოლის დაფინანსების უკეთესი მოდელი.
– ხევის სკოლაში 123 მოსწავლე სწავლობს. ჩვენი ფინანსური მდგომარეობა ძალიან რთულია. წლიდან წლამდე თავი ძლივს გაგვაქვს. სკოლის შენობა მთლიანად სარემონტოა. მომავალ წელს ცენტრალური გათბობის გაკეთებას გვპირდებიან. 2011 წელს 100 ათასი ლარი დაიხარჯა ხევის სკოლაში ცენტრალური გათბობის დამონტაჟებაზე და სისტემას ერთი დღეც არ უმუშავია.
ამ წლის ბოლოსთვის იქნებ როგორმე გათბობის სისტემის ხარჯთაღრიცხვის მომზადების თანხა – 1500 ლარი მოვაგროვოთ. შეშის ღუმელებით ვთბებით და ზოგი საკლასო ოთახი, ქარიან ამინდში, სულ კვამლით ივსება. მასწავლებლები სასწავლო რესურსებს საკუთარი ხელფასით ვიძენთ.
2023 წლის ბიუჯეტი რომ გავანაწილეთ, დეკემბერში ნაშთის სახით 85 ლარი მრჩება. ზოგ მცირეკონტინგენტიან სკოლას წლის ბოლოს იმდენი ფული აქვს, როგორ გახარჯოს, აღარ იცის. ჩვენ კი თითოეულ თეთრს ვითვლით. სასკოლო გარემო მოსწავლეებზე მოქმედებს.
განათლების სამინისტრო სკოლების ინფრასტრუქტურას ეტაპობრივად აწესრიგებს. ავტორიზაციისთვის ყველა სკოლის ინფრასტრუქტურული და ლიჯისტიკური პრობლემები უნდა მოგვარდეს.
– გადაწყვეტილების მიმღები პირი რომ იყოთ, რას და როგორ შეცვლიდით ზოგადი განათლების მიმართულებით?
– პირველ რიგში, სკოლის რეფორმაზე ვინც მუშაობს, მას სკოლაში პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ რეფორმებზე მუშაობას იწყებენ და სკოლის შიდა სამზარეულოს არ იცნობენ. კონკრეტული ქვეყნის განათლების მოდელს რომ იღებენ, ჩვენი ქვეყნის განათლების სპეციფიკა უნდა გაითვალისწინონ.
კომპლექსურ დავალებებზე რომ გადავედით, ძალიან მომეწონა, მაგრამ მის მომზადებას კომპიუტერი და ინტერნეტი სჭირდება. ამ დროს არათუ მოსწავლეს, სკოლას არ აქვს კომპიუტერი. ამიტომ ჯერ საბაზისო პრობლემები უნდა მოგვარდეს და რეფორმები მერე უნდა დავიწყოთ. ხშირად კონკრეტული პროექტის ხელმძღვანელს ჩვენს შეკითხვებზე პასუხი არ აქვს.
ვჩქარობთ და ამ სიჩქარეში მთავარი მიზანი გვეკარგება.
– ქალბატონო გვანცა, თანამედროვე მოსწავლის ინტერესებს, საჭიროებებს, გამოწვევებს რამდენად აკმაყოფილებს, ზოგადად, სკოლა, მასწავლებელი, სასწავლო რესურსები, გარემო პირობები.
– კორონავირუსის პანდემიამ გვიჩვენა, რომ სკოლა ბევრი გამოწვევის დასაძლევად მზად არ იყო. მოსწავლეებს რომ ვუყურებ, თითქოს ყველა გაღიზიანებულია. სკოლაში ფსიქოლოგი აუცილებელია.
დედების ნაწილი სახლიდან სამუშაოდ სხვაგანაა წასული, ზოგი სამსახურიდან გვიან ბრუნდება. სახლში თითქმის ყველა ბავშვს სჭირდება იმის შეხსენება, რომ უნდა იმეცადინოს. მშობლების მხრიდან ყურადღების ნაკლებობა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე უარყოფითად მოქმედებს.
სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნებისთვის ლაბორატორია არ გვაქვს და ჩვენი დაფინანსების პირობებში ვერც შევიძენთ. რესურსები, თვალსაჩინოება აუცილებელია, სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში არც ერთი კომპიუტერი არ მუშაობს.
მასწავლებლებმაც რა ვქნათ, რამდენი ტრენინგიც უნდა ჩაგვიტარონ, როცა ცარცისა და დაფის ამარა ვართ, ისევ ისე ჩავატარებთ გაკვეთილს, როგორც ათი წლის წინ ვატარებდით. იდეალურ ტრენინგს გაივლი და დგები ფაქტის წინაშე – მოსწავლე სახლში პრეზენტაციას ვერ მოამზადებს – არ აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი, რადგან მობილური ინტერნეტპაკეტები საკმაოდ ძვირი ღირს, პირველ კლასში მიღებული ბუკი აღარ მუშაობს. მასწავლებელი გაკვეთილზე ერთ პრეზენტაციასაც ვერ ააწყობს, რადგან სკოლაში ყველა კომპიუტერი ამორტიზებულია. გამოდის, რომ თანამედროვე გამოწვევებს ვერ ვპასუხობთ.
– ქალბატონო გვანცა, რიკოთის ავტობანის მშენებლობამ ხევის სკოლას რაიმე სახის დისკომფორტი ხომ არ შეუქმნა?
– ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნა. ჩვენი სკოლა უშუალოდ ავტობანის მშენებლობის არეალში მოექცა. მშენებლობის პროცესში დენისა და ინტერნეტის კაბელები ხშირად წყდება. ეს მუშაობაში ხელისშემშლელია. დენისა და ინტერნეტის გარეშე დოკუმენტებზე ხელს ვერ ვაწერ, რესურსცენტრიდან გამოგზავნილ დოკუმენტებს დროულად ვერ ვეცნობი.
ავტობანის ინტენსიური მშენებლობის დროს მთელი სკოლა ფეხზე ვიდექით, რომ მოსწავლე ეზოს გარეთ არ გასულიყო. მშენებლობის პროცესში სკოლის ეზო დაპატარავდა. ორი წელია, წყლის პრობლემა წარმოიქმნა. გვაქვს წყლის რეზერვური, რომელსაც ვავსებთ; თუმცა, წყლის სათავედან დაწყებული, მილები მთლიანად მშენებლობის არეალშია. მანქანები გადაადგილებისას როგორც სათავეს, ისე მილებს აზიანებენ და დღეში რამდენჯერმე შესაკეთებელია.
ეს პრობლემა ჩვენთვის ჯოჯოხეთად იქცა. მივწერეთ საავტომობილო გზების დეპარტამენტს და გვიპასუხეს, რომ მშენებელი კომპანია ვალდებულია, პროექტის დასრულებამდე წყალმომარაგების პრობლემა მოგვიგვაროს.
ხევის სკოლასთან გზაგამტარი ეწყობა. ზოგიერთი უბნიდან აქამდე ფეხით მოსვლა გაჭირდება, თუმცა ხევის თემის სოფლები, ავტობანის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ისე არ მოწყდებიან გარე სამყაროს, როგორც ხუნევის თემის სოფლები.
– ხევსა და ხევის თემში მცხოვრებ ოჯახებს რა სარგებელი მოუტანა ავტობანის მშენებლობამ?
– ამჟამად ხევის თემის თითქმის ყველა მოსახლე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულია. თუმცა, ეს დასაქმება დროებითია. ზოგადად, ხევში ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს, სულ ფუტკარივით ფუსფუსებენ. ბავშვები ზაფხულში სოკოს აგროვებენ და ჰყიდიან, შემოდგომაზე – წაბლს, მერე – ჟოლოს. მოზარდები ოჯახს რომ ეხმარებიან, თავიანთი ფული სულ აქვთ. შრომა არ ეთაკილებათ.
ავტობანი რომ გაივლის, აქაურები თავიანთი პროდუქციის გაყიდვას როგორ და სად შეძლებენ, ვერ გეტყვით. ადრე თქვეს, რომ ხევის ტერიტორიაზე, შესაძლოა, აგრარული ბაზარი მოეწყოს.
– ქალბატონო გვანცა, გვიამბეთ თქვენს ოჯახზე.
– ანდაზა – „სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო“, – ჩემზეა ზედგამოჭრილი. ოჯახი ხეველ პავლე ტაბატაძესთან შევქმენი. მე და ჩემი მეუღლე სამ შვილს ვზრდით. უფროსი ქეთევანი შვიდი წლისაა, მომდევნო ნინიკო – ექვსი წლის, ნიკოლოზი – ხუთი წლის. ჩემი დედამთილი, ნინო ხუციშვილი, ჩემი კოლეგა გახლდათ – ხევის სკოლაში გეოგრაფიას ასწავლიდა. ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. შვიდი წელი ერთად ისე ვიცხოვრეთ, არ გვიკამათია. მე და ჩემს მეუღლეს თავიდანვე გვითხრა, თქვენ როგორც გინდათ, ისე იცხოვრეთო. ასაკის მიუხედავად, ძალიან ახალგაზრდული შეხედულებები ჰქონდა, მომავლის გეგმებს აწყობდა. სამწუხაროდ, ერთი წლის წინ, კორონავირუსისგან მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ ფაქტთან შეგუება ძალიან გვიჭირს.
– რა და როგორ უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხევში ახალგაზრდა ოჯახებისთვის ცხოვრება უფრო სასურველი და მიმზიდველი გახდეს?
– 13 წლის წინ, მე რომ აქ მუშაობა დავიწყე, ხევის სკოლაში 170 მოსწავლე გვყავდა, ახლა – 123 მოსწავლეა. მოსწავლეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. ახლა ავტობანის მშენებლობაა და უმრავლესობა დასაქმებულია. მერე ვერ გეტყვით, რა იქნება. რაც აქ ვცხოვრობ, არ მინახავს, რომ ქალაქში წასული და უმაღლესდამთავრებული აქ ჩამოვიდეს და იმუშაოს. რატომღაც, ქალაქში მაღაზიაში კონსულტანტობა ურჩევნიათ.
სოფელი, ჯერჯერობით, ცოცხალია – სკოლის გარდა ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, საბავშვო ბაღი, საპატრულო პოლიცია. ახალგაზრდა ოჯახებისთვის საცხოვრებლად სასურველი გარემო რომ შეიქმნას, ალბათ, აქ დამატებითი სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
„მოსწავლე გენდობა, თუ იგრძნობს, რომ მისი პრობლემა გაითავისე“
საგნის სწავლებაზე მნიშვნელოვანი ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდაა – ცისნარი შველიძე
„ყველაზე დიდი წარმატება და ჯილდო მოსწავლეებისგან გამოხატული სიყვარულია“ – ეთერი პაპავა
ფოტოების გადაღებისას ჩემთვის სამყარო ჩერდება – ლიკა ხიჯაკაძე
„ხარაგაული ჩემი მამულია, აქ სხვა ძარღვი და სხვა სიყვარულია“
„არასდროს შეუშლია ხელი იმას, რომ სოფლის სკოლაში ვისწავლე“
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი