ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში პაციენტები მათთვის საჭირო ყველა მომსახურებას ვერ იღებენ. ამის მიზეზია ის, რომ საავადმყოფოს სპეციალისტები არ ჰყავს.
„ოთხი შვილი გავაჩინე, – ამბობს ხარაგაულში მცხოვრები მეგი ფერაძე, – გინეკოლოგთან წელიწადში სამ-ოთხჯერ ვიზიტი ჩემთვის აუცილებელია. თუმცა, ხარაგაულის საავადმყოფოში ორი წელია, გინეკოლოგი აღარ ჰყავთ. ამიტომ იძულებული ვარ, სხვა ქალაქში წავიდე“.
მეგი ამბობს, რომ სამედიცინო მომსახურება მისი ოჯახის წევრებსაც სჭირდებათ. მეგი ფერაძის მეუღლე ხის ხელოსანია. რამდენიმე ხნის წინ დაზგაზე ხელი დაიზიანა. ხარაგაულის საავადმყოფოში ქირურგი იმ დროს არ იმყოფებოდა, ამიტომ ზესტაფონში გაემგზავრნენ.
მეგის დედამთილს ვენები აწუხებს და ანგიოლოგთან ვიზიტი სისტემატურად სჭირდება. სამწუხაროდ, ხარაგაულის საავადმყოფოში არც ანგიოლოგის მომსახურებაა შესაძლებელი.
„ექოსკოპიის გადაღება დამჭირდა ამასწინათ, – ამბობს მეგი, – კვირაში ერთ დღეს არის ხარაგაულის საავადმყოფოში ექოსკოპისტი. იმ დღეს არ იყო. გამოდის, რომ ავადმყოფობა ექიმის ხარაგაულში ყოფნას უნდა დავამთხვიოთ. ხარაგაულის საავადმყოფოში, ვინც მუშაობს, უდავოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან – პედიატრის, თერაპევტის, კარდიოლოგის მომსახურებით კმაყოფილი ვარ. ხარაგაულის ლაბორატორიაში აღებული ანალიზების პასუხები უტყუარია“.
მეგი ფერაძე ამბობს, რომ სხვა მუნიციპალიტეტში სამედიცინო მომსახურებას საყოველთაო დაზღვევა არ უფინანსებს. ამიტომ თანხის სრულად გადახდა უწევს. მისი თქმით, ადგილზე ყველა სპეციალისტი რომ ხელმისაწვდომი იყოს, ხარაგაულის საავადმყოფოს ბევრი პაციენტი ეყოლება. რაც ყველაზე მთავარია, პაციენტები თავიანთ საცხოვრებელთან ახლოს მიიღებენ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას.
2016 წლის სექტემბერში ხარაგაულში 14-საწოლიანი, თანამედროვე აპარატურითა და ლაბორატორიით აღჭურვილი საავადმყოფო გაიხსნა. ჯანდაცვის სამინისტრო მაშინ გვპირდებოდა, რომ ხარაგაულის საავადმყოფოში მალე ყველა ის სპეციალისტი ეყოლებოდათ, რომლებიც პაციენტებს სჭირდებათ. თავდაპირველად აქ მართლაც კეთდებოდა გადაუდებელი და გეგმიური ქირურგიული ოპერაციები, ექოსკოპისტი და რეანიმატოლოგი ყოველდღე მუშაობდა. საავადმყოფოს მაშინდელი დირექტორი ამბობდა, რომ ექიმებისა და ექთნების გარეშე არ დარჩებოდნენ.
რომელი სპეციალისტები ჰყავთ ამჟამად ხარაგაულის საავადმყოფოში, რა გააკეთა სპეციალისტების მოსაზიდად და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, – ამ შეკითხვებით ხარაგაულის სააავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს დიმიტრი კოჩაძეს მივმართეთ.
ის თავად ხარაგაულის საავადმყოფოში ორ კვირაში ერთხელ ჩამოდის და ადგილზე პარასკევსა და ორშაბათს იმყოფება. დანარჩენ დღეებში დიმიტრი კოჩაძე რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში კლინიკური მართვის და ხარისხის სამსახურში უფროს სპეციალისტად მუშაობს.
„რეგიონებში სპეციალისტების ნაკლებობაა, – ამბობს დიმიტრი კოჩაძე, – ექიმებს ხარაგაულთან ყველაზე ახლოსმდებარე ზესტაფონის საავადმყოფოებიდანაც ვერ ვიწვევთ, რადგან ყველა მათგანი დატვირთულია. თბილისიდან რომ ჩამოვიყვანოთ ექიმები, მაღალ ანაზღაურებას ითხოვენ.
ყველაზე მეტად ხარაგაულში ტრავმატოლოგი და ქირურგი გვჭირდება. ძალიან ხშირად პაციენტები უროლოგს ითხოვენ. კლინიკაში აუცილებელია გინეკოლოგი და ენდოკრინოლოგი.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად ის გამოსავალი ვნახეთ, რომ ხარაგაულში პერიოდულად უფასო სამედიცინო აქციებს ვაწყობთ. ამ აქციებზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდის. აგვისტოში ბორითის კლინიკაში უფასო სამედიცინო კვლევები რომ ჩავატარეთ, 30 პაციენტი საოპერაციო აღმოჩნდა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ექიმების დანაკლისი ხარაგაულელებს ამ სამედიცინო აქციებით შევუვსოთ. კარგი იქნება, კვირაში ერთხელ ყველა სპეციალისტი ხელმისაწვდომი რომ იყოს, მაგრამ ამას ვერ ვახერხებთ.
ხარაგაულის საავადმყოფო კიბოს სკრინინგის პროგრამაშია ჩართული და ოჯახის ექიმი პაციენტს შესაბამის კლინიკაში აგზავნის. დეკემბერში ხარაგაულის საავადმყოფოში კიდევ ერთ უფასო სამედიცინიო აქციას ვგეგმავთ“.
დიმიტრი კოჩაძე ამბობს, რომ მისი დირექტორად დანიშვნის შემდეგ პაციენტთა მომართვიანობა გაიზარდა. 2022 წელს საავადმყოფო 1 300 პაციენტს მოემსახურა, 2024 წლის ათ თვეში – 2 500 პაციენტს.
„ხარაგაულში მოსახლეობის რაოდენობაც შემცირდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას პაციენტი უახლოეს მუნიციპალიტეტში გადაჰყავს, როცა ის საოპერაციოა ან სხვა ისეთი პრობლემა აწუხებს, რასაც ხარაგაულის საავადმყოფოში ვერ ვუმკურნალებთ. ხარაგაულის საავადმყოფოში პაციენტებს მხოლოდ გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას ვუწევთ. ჩვენთან ასევე მოქმედებს გეგმიური და გადაუდებელი იმუნიზაციის პროგრამები“.
გაგაცნობთ ხარაგაულის საავადმყოფოში დღეისათვის მომუშავე ექიმ–სპეციალისტთა მიღების დღეებს:
ნევროპათოლოგი, ექიმი ფთიზიატრი – ქეთევან აბრამიშვილი (სამუშაო დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი);
ენდოკრინოლოგი – მარიამ ნაცვლიშვილი (პაციენტებს იღებს თვეში ორჯერ, ხუთშაბათობით);
თერაპევტი, ოჯახის ექიმი – აზა ფურცელაძე (სამუშაო დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი);
პედიატრი – ნანი არევაძე (მუშაობს კვირაში სამი დღე, ცვლადი გრაფიკით);
ექიმი ნევროლოგი, ოფთალმოლოგი – ირინე ბიბიჩაძე (მუშაობს კვირაში სამი დღე, ცვლადი გრაფიკით).
ექიმები ნანი არევაძე და ირინე ბიბიჩაძე, პარალელურად, ხარაგაულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში და სოფლის ამბულატორიებში მუშაობენ. ამის გამო საავადმყოფოში მათი მუშაობის გრაფიკი ვერ ზუსტდება.
ქირურგი – ლევან კობახიძე (მუშაობს თვეში ორი დღე);
კარდიოლოგი – ვლადიმერ თხელიძე (პაციენტებს იღებს კვირის ყველა სამუშაო დღეს, შაბათ-კვირის გარდა)
ექიმი ოტორინოლარინგოლოგი – ვახტანგ მატარაძე (სამუშაო დღეები – ყოველი მეორე კვირის ოთხშაბათი);
პედიატრი – თამუნა რობაქიძე (პაციენტების მიღების დრო – ყოველი კვირის სამშაბათი);
ექოსკოპისტი – მუშაობს თვეში ოთხჯერ. მისი ხარაგაულში ჩამოსვლის დღე კვირის დასაწყისში ზუსტდება. ექოსკოპისტი 11:00 საათიდან 20:00 საათამდე მუშაობს;
ინფექციონისტი – დიმიტრი კოჩაძე (ყოველი მეორე კვირის პარასკევი და ორშაბათი).
ექიმების ხარაგაულის საავადმყოფოში მუშაობის ზუსტი დღეები ყოველი თვის დასაწისში დგინდება. ამიტომ შეგიძლიათ წინასწარ გაარკვიოთ ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 577 59 76 52.
რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობამ ხარისხიანი და დროული სამედიცინო მომსახურება მიიღოს, – ამ შეკითხვით მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორს თენგიზ ვერულავას მივმართეთ.
„პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ქვეყანაში ექიმების დეფიციტი არ არის, პირიქით, ჭარბი კადრებია. თუმცა, ეს სიჭარბე თბილისშია, – ამბობს თენგიზ ვერულავა, – ბევრ ქვეყანაში აპრობირებულია ასეთი მეთოდი – როცა სტუდენტი რეზიდენტურაში სწავლას იწყებს, სახელმწიფო მას მაქსიმალურად ხელს უწყობს – უხდის რეზიდენტურის გადასახადს იმ პირობით, რომ სამი-ხუთი წელი ისეთ საავადმყოფოში იმუშავებს, სადაც ის სპეციალისტი არ ჰყავთ. სახელმწიფო ასევე სხვა მუნიციპალიტეტიდან მისულ ექიმებს მაღალ ხელფასს აძლევს და ბინის ქირასაც უხდის. ეს აპრობირებული მეთოდია იმისთვის, რომ სამედიცინო პერსონალი ადგილზე შენარჩუნდეს და დაკავდეს.
სამწუხაროდ, ჩვენთან ჯანდაცვის სამინისტროს ამ მიმართულებით არანაირი პოლიტიკა არ აქვს. ყველაფერი თავისუფალი ბაზრის პრინციპზეა მიშვებული – ვინც იმუშავებს, იმუშავებს, თუ არადა, შეიძლება საავადმყოფო საერთოდ დაიხუროს. ევროპულ ქვეყნებში სახელმწიფო ერევა ჯანდაცვის სექტორში და ხელს უწყობს გარკვეული მიმართულებების განვითარებას იმ რეგიონებში, სადაც ამის საჭიროებაა“. ჯანდაცვის სამინისტროს, წლებია, სტუდენტებისთვის რეზიდენტურის გადასახადის დაფინანსებაზე საუბრობს. ჯერჯერობით ეს ისევ დაპირებად რჩება.
ნინო კაპანაძე
რედაქციისაგან:
ამ სტატიის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ ხარაგაულის სააავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა დიმიტრი კოჩაძემ გამოაქვეყნა ვრცელი ინფორმაცია, კომენტარის სახით.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია დიდ მადლობას უხდით ბატონ დიმიტრი კოჩაძეს და აქვე, ამ ინფორმაციასაც გთავაზობთ:
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში პაციენტები მათთვის საჭირო ყველა მომსახურებას ვერ იღებენ. ამის მიზეზია ის, რომ საავადმყოფოს სპეციალისტები არ […]
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი