ბავშვობის ოცნება აიხდინა ხიდარში მცხოვრებმა ცისნარი შველიძემ, როცა პროფესიად მასწავლებლობა აირჩია.
მოხუც ბაბუასაც კი მასწავლებლობანას ეთამაშებოდა. პედაგოგ ნატალია ბუჩუკურის გავლენით, ბიოლოგობა სურდა. თუმცა, შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და დაწყებითი კლასების მასწავლებელი გახდა.
ცისნარი მასწავლებელი ამბობს, რომ ამქვეყნად ყველაზე ძალიან თავისი მოსწავლეები უყვარს. საკუთარი ძალა, ენერგია, უნარი, მასწავლებლობას შესწირა. ხშირად სკოლას გვიან ღამემდე ვერ ტოვებდა. ამ საქმეში ოჯახიც ხელს უწყობდა. 45 წელია, ის ხიდრის დაწყებით სკოლაში ასწავლის.
„განათლების სისტემაში რევოლუციური რეფორმები გატარდა, – ამბობს ცისნარი შველიძე, – დოგმატური აზროვნება თავისუფალი მიდგომებით შეიცვალა. თუმცა, ყოველთვის ვცდილობდი, ჩარჩოებს გავცდენოდი.
ამაში ხელი შემიწყო მაშინდელი განათლების განყოფილების მეთოდკაბინეტის ხელმძღვანელმა, აწ გარდაცვლილმა მზია კახნიაშვილმა. მან მეთოდისტების ორკვირიან კურსებზე გამაგზავნა. თბილისში კლასიკურ გიმნაზიასა და ამონაშვილის სკოლაში გაკვეთილებს ვესწრებოდი.
იმ ორ კვირაში იმხელა გამოცდილება და ცოდნა მივიღე, მეგონა, უნივერსიტეტი მეორედ დავამთავრე. სიახლეები ჩემს სკოლაში დავნერგე. ბევრი აქტივობა განვახორციელე ბავშვების გონებრივი განვითარებისთვის; იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის სწავლა შემეყვარებინა“.
სწავლა და სწავლება რომ მოსაწყენი არ იყოს, ცისნარი მასწავლებელმა სხვადასხვა აქტივობები თავად შეიმუშავა. სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე ხშირად ჰყავს. ასეთ ბავშვებთან თამაშებზე დამყარებულ სწავლების მეთოდებს იყენებს და შედეგსაც იღებს.
ცისნარი შველიძე, 45 წელია, გაკვეთილებს კლასკომპლექტში ატარებს. ეს ურთულესი პროცესია. ერთი კლასის მოსწავლეს რომ წასაკითხ მასალას აძლევს, მეორე კლასისას წერითი დავალება უნდა შეასრულებინოს.
დრო სწორად უნდა გაანაწილოს. ცისნარი მასწავლებელი სიამაყით იხსენებს იმ დღეს, როცა განათლების სამინისტროდან დაწყებითი განათლების ინსპექტორმა შოთა მამალაძემ მის გაკვეთილზე დასწრების შემდეგ აღნიშნა – ცისნარი შველიძის სახით გენიოსი გყავთ სკოლაშიო.
ერთხელაც, დაწყებითი კლასების მეთოდისტი მანანა ნადირაძე გაკვეთილებზე მოულოდნელად დაესწრო. დღის ბოლოს ცისნარი მასწავლებელს უთხრა, ასპირანტურაში ჩააბარე და ყველანაირად ხელს შეგიწყობთო. მაშინ ქალბატონ ცისნარის მამა ჰყოლია ავად და ოჯახს მისი ასპირანტურაში სწავლისთვის ხელშეწყობა არ შეეძლო.
ცისნარი მასწავლებელს პროფესიული წინსვლით გამოწვეული სიხარული ბევრჯერ განუცდია – მაშინ, როცა უფროსი მასწავლებლის წოდება მიიღო, შემდეგ – მასწავლებელ-მეთოდისტის, უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის, რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის.
2008 წელს ცისნარი შველიძე პრეზიდენტის სტიპენდიანტი გახდა. წარმატებული მასწავლებელი ამაყობს, რომ კოლეგებთან ყოველთვის გამართული ურთიერთობები აქვს.
მოსწავლებს, წერა-კითხვასთან ერთად, ცხოვრება უნდა ასწავლოს. ცისნარი მასწავლებლის სურვილია, რომ მისმა მოსწავლეებმა მეტი დრო დაუთმონ წიგნის კითხვას და ნაკლები – ინტერნეტში თამაშებს.
„მადლობა უფალს, რომ ადამიანების უსაზღვრო სიყვარული შემიძლია, – ამბობს ცისნარი შველიძე, – ამას ვუნერგავ ჩემს მოსწავლეებს. წერა-კითხვისა და კონკრეტული საგნის სწავლებაზე მნიშვნელოვანი, პიროვნების ღირსეულ მოქალაქედ აღზრდაა. ეს ურთულესი საქმეა, რომელიც ყოველთვის გამომდიოდა და მადლობა უფალს ამისთვის.
ხარაგაული უსაზღვროდ მიყვარს. აქ სხვანაირი გულიანი ხალხი ცხოვრობს. ყველაფერი კარგად იქნება, თუ ერთმანეთი გვეყვარება, თუ არ ვიქნებით დაპირისპირებულები და ჩასაფრებულები.
2023 წელს სიხარული, სიყვარული, ხვავი და ბარაქა დაგვბედებოდეს.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას წარმატებებსა და გამარჯვებებს გისურვებთ. ისეთი ამბები გაგეშუქებინოთ, გულს რომ გაგვიხარებს და გაგვაბედნიერებს“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი