წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორს, ეთერი პაპავას მიანიჭა.
რას ნიშნავს დღეს, იყო წარმატებული მასწავლებელი, რა გამოწვევების წინაშეა განათლების სისტემა და როგორ ახერხებს მათთან გამკლავებას, – ამ და სხვა საკითხებზე ეთერი პაპავას ვესაუბრეთ.
ოთხი ათეული წელია, ეთერი მასწავლებელი ჟურნალით ხელში აღებს საკლასო ოთახის კარს; როგორც თავად ამბობს, ცდილობს, მოსწავლეებს ქიმია და ბიოლოგია შეასწავლოს და შეაყვაროს. წარმატებული მასწავლებლობა მისთვის ნიშნავს ყოველდღიურ ზრუნვას საკუთარი თავის განვითარებასა და საგაკვეთილო პროცესში სიახლეების დანერგვაზე.
ეთერი პაპავამ, ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, პედაგოგიური საქმიანობა კიცხის საშუალო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად დაიწყო. 1983 წელს ხიდრის საშუალო სკოლის დირექტორად დაინიშნა. მისი არჩევანი, გამხდარიყო მასწავლებელი, იმანაც განსაზღვრა, რომ პედაგოგთა ოჯახში აღიზარდა. ეთერი პაპავას მშობლები და ძმა მასწავლებლები იყვნენ.
„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მოსწავლეებისთვის მისაბაძი და პატივსაცემი მასწავლებელი ვყოფილიყავი, – გვიამბობს ეთერი პაპავა, – თუ როგორ შევძელი, ამას ადასტურებს ჩემი ყოფილი მოსწავლეებისგან მოწერილი თბილი, ამაღელვებელი წერილები და სტატუსები, რომლებიც ჩემთვის საუკეთესო ჯილდოა. როგორ შევძელი? ალბათ, სამართლიანობით, გულახდილობით, ობიექტურობით.
მოსწავლეს ყოველთვის უნდა დაუსაბუთო, სწორი დრო შეურჩიო, მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრო. პრობლემა თუ აქვს, დაეხმარო როგორც უფროსი მეგობარი. მოზარდის ცხოვრების, მისი პიროვნების მიმართ გულწრფელი ინტერესი უნდა გქონდეს. ყოველდღე, საგნის სწავლების გარდა, ხუთი წუთი მაინც უნდა გამოძებნო და დაელაპარაკო. მოსწავლემ უნდა დაინახოს, რომ მასზე ზრუნავ, მისი კარგი გახარებს; მის პრობლემას კი, როგორც საკუთარს, ისე განიცდი“.
ეთერი პაპავა მიიჩნევს, რომ განათლების სისტემის წინაშე დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმაა. მისი თქმით, ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა აქვთ და პროექტებით სწავლება სასწავლო პროცესს მოსწავლეზე ორიენტირებულს ხდის.
რას შეცვლიდა, განათლების სისტემაში გადაწყვეტილების მიმღები რომ იყოს, – ეთერი პაპავამ ჩვენს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მიესალმება ყველა კარგ წამოწყებას, რომელიც საქართველოს განათლების სისტემას მოწინავეს გახდის.
ქიმია-ბიოლოგიის სწავლებასთან ერთად, ადვილი არაა სკოლის ხელმძღვანელობა. ეთერი პაპავა თითქმის ოთხი ათეული წელია, ხიდრის სკოლის დირექტორია. ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა თაობების მოსწავლეთა, მასწავლებლებისა და მშობლების ინტერესები იცვლებოდა. დღეს განსაკუთრებით რთულია სკოლის დირექტორისგან ყველასთვის მოსაწონი გადაწყვეტილებების მიღება.
„ჩვენს ირგვლივ ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, – ამბობს ეთერი პაპავა, – რთულ დროში ვცხოვრობთ. როგორ ვუმკლავდები? ყოველთვის ვფიქრობ და ვცდილობ, რომ თანადროულობას ფეხი ავუწყო; ვიყო ისეთი დირექტორი და მასწავლებელი, მოსწავლეებს, კოლეგებსა და მშობლებს რომ მოეწონებათ; არ ჩამოვრჩე დროს. ურთიერთობების პრობლემა თითქმის არასდროს მქონია. ასეთი დღე და დრო თუ დადგა, მაშინ სკოლაში არც ერთ პოზიციაზე აღარ ვიმუშავებ.
იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც სკოლაში მასწავლებლები, განათლების სისტემის წარმომადგენლები სახელმწიფო უწყებებისგან წნეხს განიცდიდა. ვცდილობდი, ჩემი პოზიცია დამეცვა და სხვისი გავლენის ქვეშ არ მოვქცეულიყავი. ასეთ დროს, საღი აზრის დაფიქსირებისას, სხვადასხვა ინსტანციის ხელმძღვანელებისგან პატივისცემას ვიმსახურებდი.
ვფიქრობ, დღეს სკოლა პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალია. არავინ აღარაფერს მაიძულებს. ჩვენი საქმე სასწავლო პროცესის სწორად წარმართვაა.
ოთხი ათეული წელი მივუძღვენი სკოლას, რომელიც ჩემი მეორე ოჯახია. მე და ჩემს მეუღლეს შვილი არ გვყავს, თუმცა ამ საკითხზე როცა ვფიქრობ, პოეტის სიტყვები მახსენდება – „მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“…
…მიჭირს შეგუება, რომ დადგება დრო, როცა სკოლას დავტოვებ. როგორ შევძლებ, არ ვიცი. მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, განათლების პროფკავშირს, რომ დაინახეს, აღიარეს ჩემი მრავალწლიანი შრომა და საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდებაზე წარმადგინეს.
გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება და ჯილდო მოსწავლეებისგან გამოხატული სიყვარულია“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი