რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა. ადრე ძირულის გადმოსახვევიდან 12 კმ მანძილის გავლა იყო საკმარისი დაბა ხარაგაულამდე მოსასვლელად, ახლა ავტობანიდან უახლოესი ასასვლელ-ჩამოსასვლელი გაცილებით შორს – ბორითსა და შორაპანშია მოწყობილი.

ხარაგაულსა და მიმდებარე სოფლებში შემოსვლა გართულებულია იმ მგზავრებისთვის, რომლებსაც საკუთარი ტრანსპორტი არ ჰყავთ. დედაქალაქიდან მხოლოდ თბილისი-ხარაგაულის მიკროავტობუსით მგზავრობაა შესაძლებელი და ეს სვლაგეზი დღეში მხოლოდ სამჯერ სრულდება.

ძირულიდან ბორითის სკოლაში ყოველდღე დადის სპეცმასწავლბელი ანა კალანდაძე. ანასთვის მგზავრობა გაძნელდა. ის დილით ძირულიდან ბორითამდე ზესტაფონი-რუსთავის მიკროავტობუსს მიჰყვება, რომელიც ამჟამად ე.წ. „ძველ გზაზე“ მოძრაობს.

„სამსახურიდან დაბრუნება უფრო მიჭირს, – ამბობს ანა, ხშირად ბორითიდან ზესტაფონში ჩავდივარ და მერე ხარაგაულისკენ მომავალ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მოვყვები. ასე მირჩევნია, შორაპანში დგომასა და მანქანის ლოდინს. ამ ავტობანმა ხარაგაული სამყაროდან გარიყა“.

ხარაგაულში სამსახურში ვერტყვიჭალიდან ყოველდღე დადის არჩილ ბლიაძე. ის დილით ხუნევიდან ზესტაფონის მიმართულებით ძველ გზაზე მოძრავ მიკროავტობუსს ძირულამდე მოჰყვება, ძირულიდან ხარაგაულამდე – ზესტაფონიდან მომავალ ტრანსპორტს. მგზავრობა მასაც უჭირს. თუმცა, ასე ავეწყვეო, ამბობს.

ფიზიკის მასწავლებელი ლაურა მანაგაძე კვირაში ორჯერ ხარაგაულიდან ვერტყვიჭალაში დადის. ის ამბობს, რომ სამსახურიდან ხარაგაულში დაბრუნება მისთვის ძალიან რთულია.

„ვერ ვრისკავ, ზესტაფონისკენ მიმავალ ტრანსპორტს წავყვე, შორაპანში ჩავიდე და ხარაგაულისკენ მომავალ მანქანას დაველოდო, – ამბობს ლაურა მანაგაძე, – ამიტომ გაკვეთილების შემდეგ, დაახლოებით საათნახევარი თბილისიდან ხარაგაულისკენ მომავალ მიკროავტობუსს ველოდები. მძღოლს წინასწარ ვურეკავ. შესაძლოა, მას ვერტყვიჭალელი მგზავრი არ ჰყავდეს და ავტობანიდან ჩამოსვლა ბორითში ერჩიოს, მაგრამ ანგარიშს მიწევს და ვერტყვიჭალაში ჩემს წამოსაყვანად  ჩამოდის. ასე ვწვალობ“.

თბილისიდან ხარაგაულისკენ მგზავრობა გაძნელებულია მათთვის, ვისაც საკუთარი ტრანსპორტი არ ჰყავს. რამდენიმე ხნის წინ სტუდენტმა არმაზ შავიძემ ხარაგაულში აუცილებელ საქმეზე ჩამოსვლა ვერ შეძლო, რადგან პირდაპირ ხარაგაულში მომავალი ტრანსპორტი აღარ გამოდიოდა, საღამოს საათებში კი დასავლეთის მიმართულებით მომავალი სხვა ტრანსპორტით წამოსვლა ვერ გარისკა.

„ვზარალდებით იმის გამო, რომ ავტობანიდან ჩამოსასვლელი ხარაგაულს ძალიან დააშორეს, – ამბობს არმაზი, – ბორითსა და შორაპანში დგომა რთულია – არ ვიცით, ხარაგაულისკენ მომავალი ტრანსპორტი რა დროს გამოივლის. ვფიქრობ, მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინათ ხარაგაულელების მიმართ და მუნიციპალიტეტის ცენტრში მოხვედრა ასეთი რთული არ უნდა გამხდარიყო“.

გეგმავს თუ არა საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავტობანის ასასვლელ-ჩამოსასვლელის ისეთ ადგილას (მაგალითად, ძირულაში) მოწყობას, რომ დაბა ხარაგაულსა და მიმდებარე სოფლებში მომავალ მგზავრებს ტრანსპორტირება გაუადვილდეთ, – ამ შეკითხვით საავტომობილო გზების დეპარტამენტს 30 სექტემბერს მივმართეთ. ამ უწყებიდან პასუხი, ჩვენი შეხსენების შემდეგ, 18 ნოემბერს მოგვწერეს.

პასუხში ვკითხულობთ:

„საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალი (E-60) წარმოადგენს „ტრანსევროპული საგზაო ქსელის“ შემადგენელ კორიდორს. სწორად აღნიშნული კორიდორის შემადგენელი ნაწილია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთი, რომელზეც დადგენილია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მაღალი ნორმები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტომაგისტრალთან მიერთება დასაშვებია მხოლოდ სამშენებლო ნორმებისა და წესების СП 34.13330.2012-ის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც I კატეგორიის საავტომობილო გზებზე გადაკვეთების და შერწყმის ადგილების მოწყობა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, შეზღუდულია და კლასიკურ შემთხვევებში ეწყობა ყოველ 5 კმ-ში ერთი.

ზემოაღნიშნულ საავტომობილო გზაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რელიეფის სირთულის გათვალისწინებით, მოწყობილი იქნა ორი სატრანსპორტო კვანძი შემანელებელ-ამაჩქარებელი ზოლებით, რომელიც უზრუნველყოფს საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას და დაკავშირებას შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზასთან.

ამდენად, არსებული რთული რელიეფისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა შესაძლო ორი კვანძის მოწყობა და შესაბამისად დამატებითი კვანძების მოწყობა ვერ იქნება განხილული“.

ფოტოზე: ავტობანიდან ხარაგაულისკენ ჩამოსასვლელი, შორაპანში

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

რიკოთის ავტობანის მიღმა ჩიხში დარჩენილები…