მოსწავლეებისთვის კლასის დამრიგებელი, სხვა მასწავლებლებთან შედარებით, უფრო მეტად მათი ინტერესების დამცველი და ქომაგია. კლასის ხელმძღვანელობა გაცილებით რთული, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, ვიდრე კონკრეტული საგნის სწავლება.
თანამედროვე სკოლაში კლასის დამრიგებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ბორის სკოლის ქიმიის მასწავლებელს, ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის ხელმძღვანელს, ქეთევან პავლაძეს ვესაუბრეთ.
ქეთევანი 2007 წლიდან ბორის სკოლაში ქიმიას ასწავლის. „შვიდი წლის წინ მეხუთეკლასელები რომ ჩამაბარეს, ცოტა ვღელავდი, – ამბობს ქეთევან პავლაძე, – ეს ჩემი პირველი სადამრიგებლო კლასია.
კლასის დამრიგებელი თითოეული მოსწავლის შესახებ ინფორმაციას უნდა ფლობდე. უნდა გრძნობდე მოსწავლის ფსქილოგიურ, ემოციურ მდგომარეობას; კარგად უნდა იცოდე მისი პიროვნული თვისებები, ფიზიკური განვითარება, ოჯახური მდგომარეობა. მოსწავლესთან უნდა იმეგობრო და მისი ყოველგვარი მდგომარეობა გაიზიარო“.
ქეთევანი გვიამბობს, რომ წლების განმავლობაში მოსწავლეთა მშობლებთან უშუალო და აქტიური ურთიერთობები აქვს. კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი შეცვალა – მშობლებთან პირადი შეხვედრები ტელეფონმა და მესენჯერ-ჩათმა შეცვალა.
– ქეთევან, რა ხერხებსა და მეთოდებს იყენებთ, რომ მოსწავლისთვის „მოსაწყენი“ გაკვეთილი მიმზიდველ პროცესად იქცეს.
– პირველ რიგში, მოსწავლეებთან კომუნიკაცია უნდა იყოს მეგობრული, გახსნილი, პოზიტიურ იუმორზე დამყარებული. ვცდილობ, გაკვეთილზე აქტივობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დავგეგმო. ძალიან მიყვარს, როცა მოსწავლეები გაკვეთილზე გარკვეულ პროდუქტს ქმნიან – იქნება ეს პოსტერები, პლაკატები თუ სხვ.
მოსწავლეებს მოსწონთ, როცა პრეზენტაციებს ამზადებენ, კლასის წინაშე წარადგენენ და შემდეგ მათი ნამუშევარი, გარკვეული დროით, კლასშია გამოკრული. ეს მათთვის დიდი მოტივაციაა.
ქიმია ცდების ჩატარებას საჭიროებს. შევიძინეთ რეაქტივები, განვაახლეთ ქიმიური ხელსაწყოები. შესაძლოა, ქიმიური ცდები ყველა მოსწავლეს ინდივიდუალურად ვერ ჩავატარებინო, თუმცა კლასში საჩვენებლად ყოველთვის ვაკეთებ. ეს გაკვეთილს სახალისოს და საინტერესოს ხდის, მოსწავლეებს კვლევით უნარ-ჩვევებს უვითარებს.
ჩემს მოსწავლეებს ხშირად ექსკურსიებზე ვატარებ იმ საწარმოებში, სადაც ქიმიურ პროცესებს აკვირდებიან. ვიყავით მინის, ფეროშენადნობთა, კოკა-კოლას, ზედაზენის ქარხნებში, ქუთაისის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში.
ჩემი სადამრიგებლო კლასი გეოგრაფიის სწავლების კუთხითაც ჩავრთე კულტურული მემკვიდრეობის პროექტში. მოსწავლეებს არაფორმალური აქტივობები კონკრეტული საგნის შესწავლის მიმართ ინტერესს უძლიერებს.
გარდა ამისა, ვიწვევთ სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს, რომლებიც ამა თუ იმ სფეროს შესახებ ინფორმაციას გვიზიარებენ და ამით მოსწავლეთა თვალსაწიერი ფართოვდება.
ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემს საგანში მიღებული ცოდნა მოსწავლეებმა ცხოვრებაში პრაქტიკულად გამოიყენონ. მეექვსე კლასში ნივთიერებებს ვასწავლი. ყოფითი და პრაქტიკული მაგალითებით ისწავლეს ბავშვებმა, სახლში რა ნივთიერებები აქვთ და რომლის გამოყენებაა სახიფათო.
– ქეთევან, კლასის დამრიგებლობას როგორ ართმევთ თავს. ალბათ გიხდებათ, მოსწავლეებს მათთვის რთულ სიტუაციებში დაეხმაროთ მასწავლებლებთან, თანატოლებთან ურთიერთობებში.
– ჩემს პრაქტიკაში რაიმე განსაკუთრებულად რთულ შემთხვევებს ვერ ვიხსენებ. მოსწავლეებთან აქცენტს უფრო პრევენციაზე ვაკეთებ. „კლასის საათი“ ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ერთად შევარჩიოთ თემები, რომელთა განხილვაც მოსწავლეებს სურთ.
მოსწავლეებს წინასწარ ვაწვდი ინფორმაციას, სკოლაში დისციპლინის დარღვევას რა მოჰყვება. ვესაუბრები ბულინგსა და კონფლიქტების მართვაზე.
ადამიანი როცა ინფორმირებულია, გარკვეულ ცოდნასა და უნარებს ფლობს, ურთიერთობები არ მწვავდება. გარდა ამისა, მოსწავლეებს ინდივიდუალურადაც ვხვდები და ვესაუბრები. ძალიან გულწრფელად მიყვებიან თავიანთ პრობლემებს. მე საკუთარ ხედვებსა და მოსაზრებებს ვუზიარებ.
მუდმივად საქმის კურსში ვარ და ვაკონტროლებ ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების სწავლის ხარისხს. კოლეგებს ყოველთვის ვთხოვ, რომ თითოეული მოსწავლის დახასიათება დამიწერონ. ამით ახალგაზრდების უნარ-ჩვევებს უკეთ ვსწავლობ და ვაკვირდები.
– უფლებები და პასუხისმგებლობები – რამდენად იცავენ თანამედროვე მოსწავლეები მათ შორის ბალანსს?
– უფლებების შესახებ ყველა მოსწავლემ იცის, გადაჭარბებულადაც კი. მოვალეობები ნაკლებად უყვართ. ვცდილობ, ორივეს თანაბრად იცავდნენ. მიჭირს შეფასება, როგორი დამრიგებელი ვარ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა – პრობლემის შემთხვევაში მოსწავლესთან ინდივიდუალური ურთიერთობა და მისი მდგომარეობის გაზიარება საუკეთესო გამოსავალია. მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მისი პრობლემა გაითავისე და გენდობა.
ბორის სკოლის მეთორმეტე კლასელი გიორგი ქათამაძე ამბობს, რომ ქეთევან მასწავლებელი თავისი საგნის პროფესიონალია. „ჩვენი კლასის ხელმძღვანელი ყველა მოსწავლის მიმართ მეგობრული, თბილი და გვერდში მდგომია, – ამიტომ ძალიან გვიყვარს და ვაფასებთ, – ამბობს გიორგი.
„ნამდვილი დამრიგებელია, – ყურადღებიანი და იმედის მომცემი, – ასე ახასიათებს ქეთევან პავლაძეს ნინი სარალიძე, – სკოლას რომ დავამთავრებთ, ყველა მასწავლებელი მოგვენატრება, მაგრამ ყველაზე ძალიან – ჩვენი ქეთინო მასწავლებელი“.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი