ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ფოტომოყვარულის, ქართული ფილოლოგიის დოქტორანტის, ლიკა ხიჯაკაძის პერსონალური ფოტოგამოფენა მოეწყო.
გამოფენის ინიციატორი ამ მუზეუმის თანამშრომელი შორენა კავილაძეა. მისი იდეა, რომ მუზეუმს ლიკას ფოტოების გამოფენა მოემზადებინა, მუზეუმის დირექტორმა ნინო დიდიძემ და მთელმა კოლექტივმა გაიზიარა.
„ლიკას მიერ შემოდგომის თემაზე გადაღებული ფოტოები შევარჩიეთ და გამოფენას „შემოდგომის ფერები“ დავარქვით, – ამბობს ნინო დიდიძე, – წელს ტრადიციული ღონისძიება „შემოდგომა იმერეთში“, რომელსაც 2016 წლიდან აღვნიშნავთ, ლიკას ფოტოგამოფენით აღვნიშნეთ. ის ძალიან ნიჭირია და ასეთ ახალგაზრდებს ყოველთვის მხარს დავუჭერთ“.
ლიკა ხიჯაკაძის ფოტოგამოფენის გახსნის ღონისძიებას ხარაგაულის საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრენ.
„დიდი ხანია, რაც სოციალურ ქსელში ლიკას ფოტოებს თვალს ვადევნებ და აღფრთოვანებული ვარ, – ამბობს ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, – ჩემში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს ის, რომ ლიკა ჩემი დედულეთიდან, კიცხიდანაა და ამ სოფლის პეიზაჟები მის ფოტოობიექტივში ხშირად ხვდება.
ლიკა ორი წლის წინ გავიცანი, როგორც მედიაორგანიზაცია „ჩემი ხარაგაულის“ ნიჭიერი ჟურნალისტი. წარმატებებს ვუსურვებ მას“.
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მამუკა ჭიპაშვილის თქმით, ლიკას ფოტოებში თვალნათლივ ჩანს, რომ მის ავტორს განსაკუთრებული ხედვა აქვს. „დარწმუნებული ვარ, მომავალში ვიამაყებთ, რომ ლიკა ხიჯაკაძის პირველი პერსონალური ფოტოგამოფენა ხარაგაულში შედგა“, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.
ლიკა ხიჯაკაძე 2020-2021 წლებში მედიაორგანიზაცია „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი გახლდათ. ამ გამოცემის რედაქტორმა ლაურა გოგოლაძემ გაიხსენა, თუ როგორ მიიქცია მისი ყურადღება ლიკასგან სოციალურ ქსელში 2019 წელს გამოქვეყნებულმა ჩანახატმა.
„იმ დროს აქტიურად ვაშუქებდით პირველადი ჯანდაცვისა საკითხებს, – ამბობს ლაურა გოგოლაძე, – სოციალურ ქსელში გავეცანი ჩანახატს – „მადუღარა ზესტაფონის კლინიკაში“, სადაც ავტორი აღწერდა კლინიკაში არსებულ მდგომარეობას. ის წერილი მხატვრული დონით, კვალიფიციურობითა და საქმიანი სტილით გამოირჩეოდა.
დავიწყე ლიკას ძებნა და ის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის წარჩინებული სტუდენტი აღმოჩნდა. პანდემიის პერიოდში, როცა ლიკა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა და ხარაგაულში ჩამოვიდა, „ჩემი ხარაგაულის“ გუნდის წევრი გახდა. ლიკა გამორჩეული სტილის ჟურნალისტურ ნამუშევრებს ქმნის; მისგან მომზადებულ ფოტორეპორტაჟებს კი ტექსტი, ფაქტობრივად, არც კი სჭირდება, – თავად ფოტოები ჰყვებიან ამბავს.
ახლა, როცა სწავლა აუდიტორიებში განახლდა, ლიკაც თბილისში დაბრუნდა. სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრ კარგ და ნიჭიერ ახალგაზრდას ხარაგაულში ცხოვრებისა და საქმიანობის პირობებს ვერ ვუქმნით. თუმცა, ლიკასთან ჩვენი ურთიერთობა გრძელდება“.
რეჟისორი და მკვლევარი რამაზ ბლუაშვილი ამბობს, რომ პირველი პერსონალური გამოფენა ლიკასთვის დიდი სტიმული და შთაგონების წყარო გახდება უკეთესი ფოტოების გადასაღებად.
„ძალიან მიხარია, ხარაგაულში ჩამოსულს ასეთი მაღალი დონის ღონისძიებები რომ მხვდება, – ამბობს რამაზ ბლუაშვილი, – ლიკა ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ შესაძლოა, ხარაგაულიდან წახვიდე, მაგრამ აქ უნდა დაიტოვო ფესვი და შეეცადო ხარაგაული მსოფლიოს გააცნო.
– თამამად შეიძლება გიწოდოთ ფოტოხელოვანი, – ასე შეაფასა მუზეუმის თანამშრომელმა ნიკო დეკანოსიძემ ლიკას მიერ გადაღებული ფოტოები და შემოქმედებით გზაზე წარმატებები უსურვა.
„ბავშვობიდან მაინტერესებს ფოტოგრაფია, – ამბობს ლიკა ხიჯაკაძე, – ტელეფონით ფოტოებს სულ ვიღებ, ძირითადად, პეიზაჟებს და იმას, რაც ჩემს გარშემო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. სტუდენტობისას ფოტოხელოვნებისადმი ინტერესი უფრო გამიმძაფრდა. ჩემი ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ ყველასგან დადებითი ემოცია მოდის, რაც მოტივაციას მიძლიერებს, რომ ეს საქმე პროფესიონალურად შევისწავლო.
ფოტოების გადაღებას რომ ვიწყებ, ჩემთვის სამყარო ჩერდება და მხოლოდ კამერის ობიექტივიდან ვიხედები. ეს ფოტოები ჩემი სულის, ბუნების გამოხატულებაა. ვცდილობ, რომ ფოტოზე ბევრი ხალისიანი, ხასხასა, მკვეთრი და ღია ფერები ჩანდეს.
მუზეუმიდან შორენა კავილაძე რომ დამიკავშირდა, შევფიქრიანდი, ვიყავი თუ არა მზად ასეთი სერიოზული ნაბიჯისთვის. მიხარია, რომ გამოფენა შედგა. დიდ მადლობას ვუხდი ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ყველა თანამშრომელს დაფასებისა და თანადგომისთვის“.
ლიკა ხიჯაკაძის ფოტოგამოფენა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ორ კვირას გასტანს.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.