20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“ აღნიშნა. ამ ღონისძიების დროს, ტრადიციულად, „საპატიო ხარაგაულელები“ დაასახელეს და დააჯილდოეს.
ამ დილით საფრანგეთში მცხოვრებმა ხარაგაულელმა ნინო კიკნაძემ საკუთარი მოსაზრებები წერილობით გაგვიზიარა და ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნება გვთხოვა. ის ამბობს, რომ თუ რაიმე არ მოგვწონს, აუცილებელია, მოქალაქეებმა ჩვენი აზრი გამოვხატოთ, რომ იქნებ გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა სამომავლოდ გაითვალისწინონ.
„ხარაგაულობა“ მიმაჩნია დღესასწაულად იმ ხარაგაულელებისთვის, ვისაც დიდი ღვაწლი და შრომა აქვს გაწეული ჩვენი რაიონისთვის.
მინდა ჩემი მესიჯი გავუგზავნო ხარაგაულის მესვეურებს; იმ ადამიანებს, ვინც აარჩია „საპატიო ხარაგაულელის“ წოდებაზე წარსადგენი პიროვნებები.
ბატონებო და ქალბატონებო, საოცრად კარგი დღე დამკვიდრდა ხარაგაულში – „ხარაგაულობა“ – იმ ხარაგაულელებისთვის, ვისაც დიდი ღვაწლი და შრომა აქვს გაწეული ჩვენი რაიონისთვის. ასე გავიგე და ასე მესმის მე ეს დღესასწაული.
დღეს და უკვე სამი წელია, სულმოუთქმელად ველოდები იმ ადამიანების გამოჩენას ამ წოდების მისაღებად, ვინც დღესა და ღამეს ასწორებდა ხარაგაულელების ჯანმრთელობის სადარაჯოზე, ვინც კილომეტრებს გადიოდა ზოგჯერ ფეხით, რადგან მძიმე ავადმყოფი გადაერჩინა. არა მგონია, რაიმე წინააღმდეგობას და რთულ საქმეებს არიდებოდნენ, ისინი მუდამ ხარაგაულელების ჯანმრთელობის სადარაჯოზე იდგნენ.
დღეს სცენაზე ვხედავდი სხვა რაიონის წარმომადგენლებს, ვინც თავს იწონებდნენ „საპატიო ხარაგაულელის“ წოდების მინიჭებით. სირცხვილია და დიდი უპატივცემულობა იმ ექიმებისა, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელები დარჩნენ რაიონში.
ბატონი ალექსანდრე (ალეკო) ბარბაქაძე, რომელიც ერთგულად ემსახურა თავის ხარაგაულს, იყო, არის და მუდამ იქნება ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ბატონი გიზო მანჯავიძე, – რამდენი ახალშობილის სიცოცხლე გადაურჩენია სანთლის შუქზე, რამდენი უძილო ღამე გაუთენებია ჩვილის სიცოცხლის გადასარჩენად; ქალბატონი მანანა ტაბატაძე, – უსაყვარლესი პედიატრი, რომლის ხელშიც აღიზარდნენ თაობები.
მოკლედ, ძალიან გამიგრძელდა. ნუ გააუბრალოებთ ამ ძვირფას წოდებას, ღირსეულად და დამსახურებულად გადაეცით ხარაგაულელებს საპატიო ტიტული. როცა სამედიცინო დახმარება დაგჭირდებათ, საჩხერედან და ზესტაფონიდან არავინ მოვა ჩვენს დასახმარებლად. ისევ და ისევ ეს ადამიანები იქნებიან ხარაგაულელების ჯანმრთელობის სადარაჯოზე, ერთგულად და საიმედოდ. კიდევ ბევრი მინდა ვთქვა და დავწერო, მაგრამ აქ შევჩერდები.
ნინო კიკნაძე
პატივისცემით,
ხარაგაულზე შეყვარებული ხარაგაულელი
რედაქციისაგან:
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების მიხედვით, „საპატიო მოქალაქის“ წოდება ენიჭება პიროვნებას, მისივე წერილობითი თანხმობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისთვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ხარაგაულელთა ყველა თაობისათვის.
საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭებათ კონკრეტული დამსახურებისთვის. დაუშვებელია, საპატიო წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურები წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.
ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს: საქართველოს პარლამენტის წევრს; მხარის რწმუნებულს, გუბერნატორს; მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; საკრებულოს თავმჯდომარეს;
მუნიციპალიტეტის მერს; საზოგადოებრივ გაერთიანებას; საინიციატივო ჯგუფს (ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა).
საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს და სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარუდგინონ – კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტალური და სხვა სახის მასალები.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი