ხარაგაულის ისტორიულმა მუზეუმმა მხატვართან და მოთხრობების სამი კრებულის ავტორთან, კახა დევდარიანთან შეხვედრა მოაწყო.
წლებია, კახა დევდარიანი ხარაგაულის მუზეუმის მეგობარი და შემომწირველია. თუმცა მისი შემოქმედებითი ნიჭი – მხატვრობა და მწერლობა, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო.
„თოვლში გამოჭრილი სარკმელი“, „გზა დიდ დროში“, „სევდა ჩვენი ბავშვობისა და სევდა მესაყვირისა“ – კახა დევდარიანის ამ კრებულებიდან წაიკითხეს ხარაგაულელმა მოსწავლეებმა მოთხრობები მუზეუმში შეკრებილთა წინაშე.
შთამბეჭდავია მისი ერთ-ერთი მოთხრობიდან – „შორს, ღამეში მინდვრები აგრძელებენ გაქცევას“ – მშობლიურ სოფელ ბაზალეთთან განშორების ეპიზოდი:
„…ვიხედები უკან, სადაც იდგა ძველი სახლი. მიწაზე ყრია დაფხვნილი ცარცი, მოდის თიხის სუნი. მამა თავზე ხელს გადაუსვამს თავის წყლის პირას დარჩენილ შვილს. ნიავმა დაუბერა, ამაბორიალა, კაკლის ხეების ფოთლებში მივყავარ. შეშინებული ვეძახი მამას, მაინც მიყვარს ვერცხლისფერი, ანთებული სიღრმე, ოდნავ შორეული.
დაბრუნდი. მეძახის სერებზე ამობრუნებული მიწა. თქვენსკენ მზე არის ნაკლები – საღამოს ქარი მთას მიმანარცხებს მსუბუქი ფეთებით… მამა და მეგობარი წასვლის წინ ტახტზე წვანან, გარეთ წვიმს. მამა იგონებს წარსულს. მზეს დავუცადოთ, იქნება კარგი დღეები. ვდგავართ რაიონის სადგურის ბაღში. ვიღებთ სურათს. მოითმინეთ, გვაყოვნებს ფოტოგრაფი…“
…„იწყება დიდი მინდვრები, გათავდა მთები, გავივლით გვირაბს და ახლობელი გემო მიწებისა ჩაეფარება ნაცნობ სიღრმეებს…“
„გავკადნიერდი და იქნებ შეგაწუხეთ კიდეც ჩემი შინაგანი მუხტის გადმოცემით, – მიმართა კახა დევდარიანმა მუზეუმში შეკრებილ ხარაგაულელებს, – მთავარია, ვილაპარაკოთ მართალი და ის, რაც ერს სტკივა.
სამწუხაროდ, დღეს, შემოქმედებითი ცხოვრება ზოგჯერ ეროვნულ საფუძვლებს მოკლებულია. ხარაგაულელებთან შეხვედრა იმიტომ ავირჩიე, რომ აქ ჩემი მამულია, აქ სხვა ძარღვი და სხვა სიყვარულია. თქვენ ჩემს სიტყვას სულთან და გულთან მიიტანთ.
კაცს ქება ახარებს, მაგრამ დღეს ცოტა სხვაგვარადაა საქმე – ერთმანეთის სულები და ერთმანეთი გვყავს გადასარჩენი. შესაძლოა, ბევრ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ სიწმინდეში, ადამიანობაში, მთავარ ღირებულებებსა და სამშობლოს სიყვარულში ერთნაირები უნდა ვიყოთ.
უფროსი თაობის დანიშნულებაც ესაა – ჯანსაღად განვითარების მაგალითი მისცეს ახალგაზრდობას. თუ ამას ვერ ახერხებ, მაშინ ცხოვრებას აზრი არ აქვს.
ამიტომ, რაც უნდა მძიმე იყოს რეალობა, მასთან ბრძოლაა სააჭირო. არშეგუება ყველაზე დიდი ბრძოლაა. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ სხეული მოკვდავია და მატერიალისტურია ყველაფერი, აღარავინ არაფრისთვის გადადებს თავს, ზნეობრივი გმირები აღარ გვეყოლებიან.
საკუთარ წუთიერ წარმატებაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ შეჭირვებული მოყვასის გადარჩენაზე. ამ დროს სიძნელეების გადალახვა უფრო ადვილია. ჩვენი არსებობა მარადიული უნდა გავხადოთ და ამქვეყნიდან გასვლის წინ უნდა გვიხაროდეს, რომ სწორად ვიცხოვრეთ. ეს არის თავისუფლება, რომელსაც საკუთარ თავს ჩვენვე ვანიჭებთ“.
კახა დევდარიანთან შეხვედრაზე მყოფმა ადამიანებმა, ვინც პირადად იცნობს მის ცხოვრებას, – ვარლამ ჭიპაშვილმა, ეკა შველიძემ, იუზა კელენჯერიძემ, ირინე ჩხეიძემ და მამა თომამ (ლაცაბიძე) აღნიშნეს, რომ იშვიათად უნახავთ მსგავსი თავმდაბალი, კეთილშობილი და მოაზროვნე ადამიანი.
„გიცნობდით როგორც ხარაგაულის კულტურის გულშემატკივარსა და ქომაგს, – აღნიშნა მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, – დღეს გაგიცანით როგორც მწერალი. თქვენი ღრმა შინაარსის მოთხრობები მარტომ უნდა წაიკითხო, რომ კარგად ჩასწვდე მის შინარსს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ თქვენს შემოქმედებაში იგრძნობა სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი, რაც დღეს ძალიან გვაკლია“.
ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მგალობელთა და მოსწავლეთა სახლის ანსამბლის წევრებმა სიმღერის მასწავლებლისა და რეგენტის, თორნიკე ბაკურაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება სიმღერებითა და საგალობლებით გაალამაზეს.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი კახა დევდარიანთან თანამშრომლობას მომავალშიც აპირებს.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი