საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავდა. 

ამ საკითხთან დაკავშირებით, 15 ნოემბერს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემდგომი გაძლიერების თაობაზე შემუშავებული ხედვა შეკრებილთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააცნო.

მან განაცხადა, რომ „მოქმედ კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებები იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი თამბაქოს კონტროლის გაძლიერებასთან მიმართებაში“.

საკანონმდებლო ცვლილებების ძირითად პრინციპებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თამბაქოს კონტროლის ჯგუფის იურისტმა თამარ აბულაძემ ისაუბრა. მან ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილა, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებას.

გათვალისწინებულია ცვლილებების შეტანა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებში.

თამბაქოს კონტროლის გასაძლიერებლად საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ერთი თვის წინ გაგვაცნეს.

კანონპროექტის მიხედვით, არა მხოლოდ სხვადასხვა ადგილებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალება, არამედ გაამკაცრდება კანონის აღსრულება.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აიკრძალება თამბაქოს მოხმარება:

  • ტაქსებში;
  • იმ კერძო მანქანებში, რომლითაც გადაადგილდებიან არასრულწლოვანი პირები;

ასევე აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება ინტერნეტ სივრცეში;

იგეგმება ელექტრო სიგარეტის სითხეებზე აქციზის გადასახადის ზრდა.

საკანონმდებლო ინიციატივა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობითა და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა.

საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.

ამავე თემაზე

რა ცვლილებები იგეგმება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში

როგორ ვთქვათ თამბაქოზე უარი

მწეველები, არამწეველებთან შედარებით, 10-15 წლით უფრო ადრე იღუპებიან

მოზარდებს უჭირთ იმის დაჯერება, რომ ნიკოტინი ნამდვილად მავნეა

რატომ არ უნდა მოვწიოთ – საქართველო თამბაქოს გარეშე