62 წლის რამაზ კალანდაძემ, როგორც თავად იხსენებს, თამბაქოს მოწევა 15-16 წლის ასაკში დაიწყო. 45 წლის განმავლობაში ათჯერ მაინც სცადა თამბაქოსთვის თავის დანებება. სიგარეტის გარეშე მხოლოდ ერთი თვე ძლებდა. ხშირად წნევა, უმადობა და მოთენთილობა აწუხებდა და ამიტომ მოწევას ერთი თვის შემდეგ ხელახლა იწყებდა.

ექვსი წლის წინ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მოწევისთვის თავი დაენებებინა და ეს მავნე ჩვევა სამუდამოდ მოეშორებინა. თავიდან ძალიან გაუჭირდა. თუმცა ახლა თავს უკეთ გრძნობს, მარტივად გადაადგილდება და სუნთქვის პრობლემებიც აღარ აწუხებს.

გაეროს კალენდრის მიხედვით, 31 მაისს  თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს დევიზით – „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ – არასამთავრობო ორგანიზაციები და სამედიცინო ცენტრების წარმომადგენლები ერთი იდეის ირგვლივ ერთიანდებიან, – საზოგადოებას აუხსნან, რომ მოწევა ადამიანების ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

რამდენიმე კვირის წინ ჯანმომ (WHO) მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შემსწავლელი ბოლო გლობალური კვლევა გამოაქვეყნა. კვლევაში აღნიშნულია, რომ მოზარდებში ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება შემცირებულია, თუმცა ამჟამინდელი მოხმარების მაჩვენებელი 15 წლის მოზარდებში კვლავ მაღალია.

საქართველოში გამოკითხული 15 წლის მოზარდებიდან ბიჭების 23%, ხოლო გოგონების 9% ამბობს, რომ სიგარეტი ერთხელ მაინც მოუწევიათ.

საინტერესო კვლევა გამოაქვეყნა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა. ამ კვლევით 2017 წელს შინამეურნეობების ასაკობრივ ჯგუფში მწეველების წილი განსაზღვრა. როგორც ირკვევა, 18-დან 24 წლამდე ასაკის ბავშვებში ეს ნიშნული 13,1%-ს აღწევს.

წლებია, რაც ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი, მოზარდებში ნიკოტინის მიმართ ცნობიერების ასამაღლებლად, ღონისძიებებს ატარებს.

გასულ წლებში სკოლების მოსწავლეებთან პერიოდულად მართავდნენ შეხვედრებს, ტრენინგებსა და სახალისო აქტივობებს. წამოიწყეს კამპანია „თამბაქო და სპორტი შეუთავსებელია“. ატარებდნენ სპორტულ შეჯიბრებებსა და წახალისების მიზნით სიმბოლური საჩუქრებიც ჰქონდათ. თუმცა წელს პანდემიის გამო ამ ყველაფრის განხორციელებაში ხელი შეეშალათ.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსის, თათია ბლუაშვლის თქმით, 4 წლის წინ ხარაგაულის სკოლების მოსწავლეთა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთა 18% თამბაქოს მოიხმარდა. თათია განმარტავს, რომ კვლევა კონფიდენციალური იყო. თუმცა ეს მაჩვენებელი, დიდი ალბათობით, რეალობასთან მიახლოებულია.

„მოზარდებს გარდატეხის ასაკში არამდგრადი ფსიქიკა აქვთ. ზოგისთვის მოწევა უფრო მამაკაცურ ჟესტთან შეიძლება ასოცირდებოდეს ან, შესაძლოა, ასე ცდილობდეს საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას, – ამბობს თათია ბლუაშვილი, – ზოგი ინტერესის მიზნით სინჯავს და ფიქრობს, რომ თავს დაანებებს, მაგრამ ტყუვდებიან. აქედან იწყება ნიკოტინზე მათი დამოკიდებულებაც. მოზარდობის ასაკში თამბაქო ხელს უშლის ორგანიზმის ნორმალურ განვითარებას. ამიტომ აუცილებელია, რომ ბავშვებში ამ კუთხით განათლება ავამაღლოთ“.

თათია ბლუაშვილი წუხს, რომ მოზარდები ნიკოტინის მავნე გავლენას სკეპტიკურად უყურებენ და ამის საპირწონედ თავიანთი ოჯახის მწეველი წევრების მაგალითები მოჰყავთ, – „თქვენ ამბობთ, რომ მწეველები ადრე კვდებიან, მაგრამ ჩემი მწეველი ბაბუა 80 წლისაა“, – ამბობენ ბავშვები შეხვედრებზე და უჭირთ იმის დაჯერება, რომ ნიკოტინი ნამდვილად მავნეა.

გამონაბლოქვის კვამლი აზიანებს თავად მწეველსაც და გარშემომყოფებსაც, რომლებიც ამ კვამლს ჩაისუნთქავენ. ბევრი ადამიანი ნიკოტინდამოკიდებულებას სხვადასხვა მიზეზით ხსნის, – ზოგი აბობს, რომ ფიქრში ეხმარება, მშვიდდება და ა.შ., თუმცა ეს მხოლოდ მითია. ნიკოტინი შინაგან ორგანოებს აზიანებს და, შესაძლოა, ფილტვის კიბოს, ხორხის კიბოს ან სხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზი გახდეს.

სახელმწიფო, თამბაქოს წინააღმდეგ საბრძოლველად, სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს. თუმცა, როგორც თათია ბლუაშვილი ამბობს, ამ მცდელობების მიუხედავად, სამწუხაროდ, თამბაქოს მოხმარების ნიშნული მაინც იზრდება.

თამარ ჩხიკვაძე

ამავე თემაზე

როგორ ვთქვათ თამბაქოზე უარი

მწეველები, არამწეველებთან შედარებით, 10-15 წლით უფრო ადრე იღუპებიან

რატომ არ უნდა მოვწიოთ – საქართველო თამბაქოს გარეშე

რა ცვლილებები იგეგმება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში

საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლი ძლიერდება