საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი პარლამენტმა 2010 წელს მიიღო.

ეს კანონი 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. კანონის შექმნის მთავარი მიზანი იმ ზიანისა და ზარალის აღმოფხვრაა, რომელსაც თამბაქო ადამიანის ჯანმრთელობასა და შემდეგ უკვე ჯანდაცვის სისტემას აყენებს.

რა ძირითად აკრძალვებს ითვალისწინებს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი და რა ცვლილებები იგეგმება ამ კანონში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  თამბაქოს ჯგუფის იურისტი თამარ აბულაძე გვესაუბრება.

„სახელმწიფოს აქვს უფლება, ჩაერიოს პირთა მავნე ჩვევის კონტროლში, რადგან სახელმწიფოს თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება იმაზე მეტი უჯდება ვიდრე მისი კონტროლი, – ამბობს თამარ აბულაძე, –  ამასთან, არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენცია, თამბაქოს კონტროლის შესახებ, რომლის წევრიც საქართველო 2005 წლიდანაა.

ამის გამო საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო ვალდებულებაა, შექმნას სათანადო კონტროლი სახელმწიფოში თამბაქოს კუთხით. აღსანიშნავია, რომ ეს კანონი არ ერევა პირის არჩევანში, დაიწყოს თუ არა მოწევა.

2018 წლიდან კანონით მოწევა აიკრძალა სხვადასხვა დაწესებულებებში; მათ შორის საჯარო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მეტროში. თუმცა, დღემდე მოწევა დაშვებულია ტაქსში.

დაწესდა თამბაქოს ნაწარმში შემავალი ინგრედიენტების კონტროლი, რეგულაცია, შემოვიდა  თამბაქოს კოლოფების შეფუთვებისა და მარკირების კონტროლი და გამკაცრდა საგადასახადო ზომები თამბაქოზე მოთხოვნის შესამცირებლად. თუმცა, გაძვირება არ შეხებია ელექტრო სიგარეტებს.

ასევე აკრძალულია თამბაქოსა და მისი ნაწარმის პოპულარიზაცია და ყველა სახის რეკლამა, გარდა ინტერნეტ რეკლამებისა.

მზადდება კანონპროექტი, რომელიც არა მხოლოდ აკრძალავს თამბაქოს მოხმარებას სხვადასხვა ადგილებში, არამედ გაამკაცრებს კანონის აღსრულებას.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აიკრძალება თამბაქოს მოხმარება:

  • ტაქსებში;
  • იმ კერძო მანქანებში, რომლითაც გადაადგილდებიან არასრულწლოვანი პირები;

ასევე აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება ინტერნეტ სივრცეში;

იგეგმება ელექტრო სიგარეტის სითხეებზე აქციზის გადასახადის ზრდა.

აღნიშნული კანონპროექტი, ჯერჯერობით, შემუშავების ეტაპზეა და პარლამენტისთვის მისი  წარდგენა 2021 წლის ბოლოს იგეგმება“.

თამთა გოგოლაძე

ამავე თემაზე

საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლი ძლიერდება

როგორ ვთქვათ თამბაქოზე უარი

მწეველები, არამწეველებთან შედარებით, 10-15 წლით უფრო ადრე იღუპებიან

მოზარდებს უჭირთ იმის დაჯერება, რომ ნიკოტინი ნამდვილად მავნეა

რატომ არ უნდა მოვწიოთ – საქართველო თამბაქოს გარეშე