თამბაქოს მოწევა იმ მავნე ჩვევების ჩამონათვალში შედის, რომელზე უარის თქმაც, სურვილის მიუხედავად, ბევრი ადამიანისთვის ძალიან რთულია.

ამ მავნე ჩვევის დასავიწყებლად ძლიერი მოტივაცია დაგჭირდებათ. მოტივაციის გარდა, არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომელიც თამბაქოზე უარის თქმას ამსუბუქებს. ამ საშუალებებზე საუბრობს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ვერა გეგენავა.

-რატომ იწყებენ ადამიანები თამბაქოს მოხმარებას?

-ეს განპირობებულია სოციალური, ინტერპერსონალური და პერსონალური ზეგავლენით. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ადამიანები მოწევას იწყებენ ოჯახის წევრების, მეგობრებისა და პოპულარული ადამიანების მიმბაძველობით.

ადამიანებს თამბაქოს მავნებლობის შესახებ სრულყოფილი ცოდნა არ აქვთ. მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაბალი თვითშეფასება, რეკლამა და გასაღების სტიმულირება.

-რატომ აგრძელებენ მოწევას?

-ნიკოტინი არის ალკალოიდი, მცენარეული წარმოშობის შხამი. ის დამოკიდებულების ჩამოყალიბებას იწვევს. დამოკიდებულება რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ფიზიკურ-ფსიქოლოგიური, ემოციურ-ფსიქოლოგიური, ჩვევითი და სოციალური კავშირი.

ნიკოტინზე დამოკიდებულება ქრონიკულ დაავადებათა რიგში შედის. მას დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორში მინიჭბული აქვს თავის კოდი- F17.

-რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როდესაც ის ეწევა?

-ნიკოტინი ვაზოპრესორული ნივთიერებაა, რომელიც სისხლძარღვებს ავიწროებს. შევიწროებულ სისხლძარღვში რომ სისხლმა გაიაროს, საჭიროა მაღალი წნევა. გული იძულებულია, მაღალი დატვირთვით იმუშაოს და სისხლის ნაკადის გადასარტყოცნად რაც შეიძლება მაღალი წნევა წარმოქმნას. ეს ტაქიკარდიას იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ გული წნევას ზრდის, ის პერიფერიაზე მყოფი სისხლძარღვების უზრუნველყოფას მაინც ვერ ახერხებს. მწეველის სისხლის მიმოქცევა არ არის ისეთი, როგორიც საჭიროა.

ნიკოტინი ორგანიზმში მოხვედრისას დოფამინს, ანუ სიამოვნების ჰორმონებს გამოიმუშავებს. ადამიანი რაც უფრო მეტ სიგარეტს მოწევს, მით უფრო მეტი დოფამინი გამომუშავდება. რეცეპტორები ნიკოტინით ჯერდება და კიდევ უფრო მეტს ითხოვს. ასე იკვრება მანკიერი წრე.

აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანი თამბაქოზე უარის თქმას ცდილობს, გარკვეული აღკვეთის სინდრომები აქვს. ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, ხველა, მადის მომატება, ხასიათის ცვლილება და კიდევ მრავალი სხვა.

მწვავე აღკვეთის სიმპტომები პირველი ხუთი დღის განმავლობაში ვლინდება, შემდეგ კი თანდათან მცირდება. ოთხი კვირის შემდეგ კი საბოლოოდ ქრება.

ადამიანი ნიკოტინზე დამოკიდებულებისგან, როგორც ქრონიკული დაავადებისგან, განკურნებულად მაშინ ითვლება, თუ ექვსი თვის განმავლობაში არ მოუწევია.

-რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისათვის, რომ თამბაქოზე უარი თქვას?

-მწეველმა, პირველ რიგში, უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც მას ტესტს გააკეთებინებს. ტესტის დახმარებით ის გაიგებს დამოკიდებულების ხარისხს. შემდეგ კი მასზე მორგებულ მკურნალობის სისტემას შესთავაზებს.

მწეველებისთვის, რომელთაც უფრო რთულად გამოხატული დამოკიდებულება აქვთ, ფარმაკოლოგიური საშუალებები არსებობს. ისინი ექიმის რეკომენდაციით ინიშნება.

მედიკამენტების გარდა, მიღებულია ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპია. სიგარეტისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში სუფთა თამბაქო გამოიყენება. ის ყოველგვარი დანამატის გარეშეა. გარდა ამისა, მისი დოზირება ხდება და ეტაპობრივად მცირდება. ეს რეცეპტორების რაოდენობის კლების პროპორციულია. რეცეპტორები რომ მცირდება, მოწევის სურვილიც ქრება.

ეს თერაპია რვა კვირის განმავლობაში გრძელდება. მედიკამენტების დამატების შემთხვევაში უკეთესი შედეგი აქვს.

თამბაქოზე თავის დანებების საშუალებებია – დასაკრობი პლასტირი, საღეჭი რეზინი, საწუწნი აბები, ინჰალატორი და ცხვირის სპრეი. ეს ყველაფერი სხვადასხვა პერიოდით ინიშნება და თავის სპეციფიური გამოყენების წესი აქვს.

საქართველოში მოქმედებს ცხელი ხაზი – 116 000, რმელსაც ორი ძირითადი მიმართულება აქვს – ერთი მხრივ მომხმარებელთა ინფორმირება, მეორეს მხრივ, ოპერატორები სიგარეტზე თავის დანებების რეკომენდაციებს გასცემენ.

ისინი მუშაობენ ადამიანებზე იმ კუთხით, რომ მოწევისთვის თავის დანებების მოტივაცია აუმაღლონ. ეს ოპერატორები გადამზადებული, კომპეტენტური ფსიქოლოგები არიან. ზარი უფასოა.

თავს ვანებებ“ – ეს არის უფასო მობილური აპლიკაცია.

ასევე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს ფეისბუქგვერდი- თამბაქოს მოხმარების პრევენცია

აქ ქვეყნდება ინფორმაცია სხვადასხვა ღონისძიების შესახებ. ასევე საინტერესო კვლევის შედეგები.

-რა ხდება როდესაც მოწევას თავს ვანებებთ?

-თამბაქოზე თავის დანებების გადაწყვეტილების შემთხვევაში, ცვლილებები მალევე იწყება. 24 საათის განმავლობაში გემოს შეგრძნება ბრუნდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ორი კვირიდან ორ თვემდე გულის შეტევის რისკი მცირდება.

თამბაქოზე თავის დანებებისას ხველა მატულობს. ეს დამცველობითი რეაქციაა. ნახველთან ერთად სასუნთქი გზებიდან დალექილი მავნე ნივთიერებების ამოღება ხდება. ამით სასუნთქი გზები თავისუფლდება.

ხუთ წელიწადში ინსულტისა და კორონალური დაავადებების რისკი მცირდება. სისხლი ნორმალიზდება. დამახასიათებელია ენერგიის მოზღვავება. ამასთანავე ადამიანი ფინანსურ შეღავათსაც ნახულობს.

ლიკა ხიჯაკაძე

ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ

რა ცვლილებები იგეგმება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში

საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლი ძლიერდება

მწეველები, არამწეველებთან შედარებით, 10-15 წლით უფრო ადრე იღუპებიან

მოზარდებს უჭირთ იმის დაჯერება, რომ ნიკოტინი ნამდვილად მავნეა

რატომ არ უნდა მოვწიოთ – საქართველო თამბაქოს გარეშე