ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 8 მილიონი ადამიანი თამბაქოსთან ასოცირებული დაავადებებით იღუპება.
აქედან 1.2 მილიონი პასიური მწეველია. თამბაქოს ყველა პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თამბაქოს კონტროლის ჯგუფის წევრი, ანა დეკანოსიძე მოსახლეობას ურჩევს, უარი თქვან თამბაქოზე, რათა საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს ზიანი არ მიაყენონ.
რას შეიცავს თამბაქო?
თამბაქოს პროდუქტები და მისი გამონაბოლქვი 7 ათასამდე განსხვავებულ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. აქედან 70 არის კარცენოგენი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და სხვადასხვა მძიმე დაავადებას, მათ შორის – სიმსივნეს იწვევს.
თამბაქოს შეფუთვაზე მითითებულია მხოლოდ ნიკოტინი, მხუთავი აირი და კუპრი, მაშინ როდესაც ის ისეთ ნივთიერებებსაც შეიცავს, როგორიცაა – მეთანი, ძმარმჟავა, ამიაკი, კადმიუმი და კიდევ მრავალი სხვ.
ამის შესახებ მომხმარებელს ინფორმაცია არ აქვს. თამბაქოს გამონაბოლქვი თითქმის თანაბრადაა საფრთხის შემცველი პასიური მწეველებისთვისაც. მეორადი გამონაბოლქვი 4 ათასამდე ნაერთს შეიცავს, მათ შორისაა 50 სიმსივნის გამომწვევი კარცენოგენი.
რა ზიანს აყენებს თამბაქო ადამიანის ჯანმრთელობას?
თამბაქოს გავლენა აქვს ადამიანის ყველა ორგანოზე. ის იწვევს არა მხოლოდ ფილტვის, არამედ ხახის, საყლაპავის, ბრონქების, კუჭის, პანკრეასის, ღვიძლის, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავისა და შარდის ბუშტის სიმსივნეებს.
გარდა ამისა, თამბაქო აპროვოცირებს ისეთ ქრონიკულ დაავადებებს, როგორებიცაა – ინსულტი, მხედველობის დაქვეითება, პერიოდონტიტი – პირის ღრუს დაავადება, დიაბეტი, პნევმონია, რევმატული ართრიტი და ექტოპიური ორსულობა ქალებში. სიგარეტის მოხმარება მენჯის ძვლის მოტეხილობის რისკ-ფაქტორს ზრდის.
ძალიან ხშირია ახალშობილის უეცარი სიკვდილის სინდრომი. ეს დაკავშირებულია მშობლების მწეველობასთან.
მწეველებში გულსისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკი 25-30 %-ით იზრდება, ხოლო მძიმე რესპირაციული დაავადებების – 50-100 %-ით.
ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია იმ ფონზე, როცა ჩვენს ყოველდღიურობაში ადამიანის სიცოცხლეს მრავალი რისკ-ფაქტორი უქმნის საფრთხეს – დაბინძურებული ჰაერი, არაჯანსაღი კვება, ნაკლები ფიზიკური აქტივობა. აქედან გამომდინარე, გარდაუვალი ხდება ცუდი გამოსავალი.
ადამიანი ფრთხილად უნდა იყოს, თავი აკონტროლოს და მოერიდოს ისეთ ქცევებს, რომელიც მასზეა დამოკიდებული. არამწეველებთან შედარებით, მწეველები 10-15 წლით უფრო ადრე იღუპებიან.
აღნიშნული დაავადებების გაჩენის რისკი პასიურ მწეველებშიც ისეთივე მაღალია, როგორც აქტიურ მწეველებში.
2017 წლის კვლევით, საქართველოში თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით 11 400 ადამიანი დაიღუპა. აქედან 2 100 პასიური მწეველია.
მწეველები და კორონავირუსი
კორონავირუსის სამიზნე ფილტვებია და ნებისმიერი ქცევა, რომელიც ფილტვებს ასუსტებს, ადამიანის ჯანმრთელობას დიდი რისკის ქვეშ აყენებს. ფილტვებზე თამბაქოს მოხმარების უარყოფითი გავლენა მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია.
კორონავირუსის შედეგები ბევრად უფრო მძიმეა მწეველებში, არამწეველებთან შედარებით. თამბაქო კორონავირუსით დაინფიცირებისა და რთულად განვითარების რისკს 50 %-ით ზრდის. დიდი შანსია, რომ მწეველებს დასჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია, ხელოვნული ვინტილაცია. მწეველებში ლეტალური გამოსავალი შედარებით მაღალია.
მწეველები უფრო ადვილად იმიტომ ინფიცირდებიან, რომ კორონავირუსი ადვილად აღწევს და ასუსტებს თამბაქოსგან დაზიანებულ ფილტვებს. გარდა ამისა, სიგარეტის მოწევა ხელის პირთან ხშირ მიტანას უკავშირდება.
ამ დროს შეიძლება ხელი დაბინძურებული იყოს, რაც ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შანსს ზრდის. თამბაქოს მოწევა სოციალური აქტია. ხშირად რამდენიმე ადამიანი ერთმანეთთან დისტანციის დაცვის გარეშე დგას და ეწევა.
საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნდა სხვადასხვა სტატია, რომლის მიხედვითაც მწეველებში კორონავირუსის განვითარების ნაკლები შანსია. შემდეგ ეს აზრი ფართოდ მუსირებდა საზოგადოებაში.
აღნიშნული სტატიები თამბაქოს ინდუსტრიის მიერ იყო დაფინანსებული. მათი სისწორე არავის გადაუმოწმებია. არ მოტყუვდეთ, მსგავს ინფორმაციას თუ გადააწყდებით!
თამბაქო და მასთან დაკავშირებული ფინანსურ–ეკონომიკური ტვირთი
საქართველო თამბაქოსთან ასოცირებულ საკითხებში ყოველწლიურად 825 მილიონ ლარამდე ხარჯავს. ეს ხარჯი ორ ძირითად ნაწილად იყოფა – საქართველოს მოქალაქე თამბაქოსთან ასოცირებული დაავადებით როდესაც ავადდება, სახელმწიფოს მის მკურნალობაში თანხის დახარჯვა უწევს. არაპირდაპირ ხარჯში ითვლება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების გამო გაცდენილი სამუშაო დრო.
კვლევებით მტკიცდება, რომ მწეველები ნაკლებად პროდუქტიულები არიან, ვიდრე არამწეველები. მწეველები მოსაწევ პაუზას ხშირად იღებენ, დაახლოებით საათში ერთხელ გადიან შესვენებაზე. ეს კი დაკარგულ დოვლათს ნიშნავს. მაგალითად, იაპონიაში არამწეველებს უფრო მაღალი ხელფასი აქვთ, მწეველებთან შედარებით.
ელექტრონული სიგარეტი და გახურებადი თამბაქო ჯანმრთელობისთვის უფრო მავნებელია
თამბაქოს ინდუსტრიამ ნახა, რომ მისი ბაზარი მამაკაცებში გაჯერდა. მაგალითად, საქართველოში მამაკაცების 50%-ზე მეტი ეწევა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს სამიზნე შეეცვალათ. ამჯერად აქცენტი ქალებსა და მოზარდებზე კეთდება.
ელექტრონული სიგარეტი სხვადასხვა არომატიზატორს შეიცავს და საინტერესო ვიზუალით გამოირჩევა, რაც მოზარდებს იზიდავს. რეალურად, ერთი ღერი სიგარეტი უფრო ნაკლებ ნიკოტინს შეიცავს, ვიდრე ერთი ღერი აიქოსი.
თამბაქოს მწარმოებლები ავრცელებენ აზრს, რომ ელექტრონული სიგარეტით შეიძლება, მოწევას თავი დაანებო. ეს სრული სიცრუეა.
მომხმარებელი გახურებად თამბაქოზე უფრო მეტად დამოკიდებული ხდება. თამბაქოს მწარმოებლები აგრესიულ კამპანიას აწარმოებენ იმისათვის, რომ ტრადიციული სიგარეტი ამით ჩაანაცვლონ. თვითონვე ავრცელებენ აზრს, რომ ელექტრონული სიგარეტის გამოყენებით შესაძლებელია მოწევისთვის თავის დანებება.
ელექტრონული სიგარეტი და გახურებადი თამბაქო ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტია. იმისათვის, რომ დადგინდეს, რას იწვევს ის გრძელვადიან პერიოდში, საჭიროა მინიმუმ ათწლიანი დაკვირვებაა საჭირო. ამჟამად კი, ელექტროსიგარეტის შემოღებიდან მხოლოდ 5-6 წელია გასული.
ეს კი მეცნიერებს არ აძლევს საშუალებას, მის მავნებლობაზე მტკიცებით ფორმაში ისაუბრონ. სანამ ელექტრონული სიგარეტისა და გახურებადი თამბაქოს მავნებლობა დამტკიცდება, მანამდე მას შეიძლება მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს.
საქართველოში ელექტრონული სიგარეტის კონტროლი არ ხდება. არავინ იცის, რა არომატიზატორებს შეიცავს და მასში შემავალი სითხე რამდენად კეთილსინდისიერად არის ნაწარმოები.ამიტომ, ადამიანები უნდა მოერიდონ ელექტრონული სიგარეტის გამოყენებას.
მითია ის, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის თუთუნი ნაკლებ საზიანოა
სიგარეტი უფრო მეტ დანამატს შეიცავს, ვიდრე თუთუნი. რეალურად ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუთუნიც იწვევს იმ დაავადებას, რასაც დამოკიდებულება ჰქვია. თუთუნის წვის დროს მრავალი მავნე და ტოქსიკური ნივთიერება გამოთავისუფლდება. თუთუნი როგორი სუფთაც უნდა იყოს, თუნდაც ჩვენი მოყვანილი, ის მაინც მავნეა. იგივე პრინციპი აქვს, რაც ფოთლების დაწვას.
რა ბერკეტები უნდა იქნას გამოყენებული საქართველოში მწეველთა რაოდენობის შესამცირებლად?
თამბაქოს კონტროლის რამდენიმე პირობა სრულყოფილად უნდა შესრულდეს. ესენია:
ეს ყველაფერი დღეს საქართველოში მოქმედებს, მაგრამ ხარვეზები მის აღსრულებაშია. კვლევებით დადგინდა, რომ ამ მოთხოვნებს თუ კარგად შევასრულებთ, 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს საქართველოს 53 100 მოქალაქის გარდაცვალებას და თამბაქოსთან ასოცირებული ფინანსური ხარჯები 3.6 მილიარდით შემცირდება.
ლიკა ხიჯაკაძე
ამავე თემაზე
რა ცვლილებები იგეგმება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში
საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლი ძლიერდება
მოზარდებს უჭირთ იმის დაჯერება, რომ ნიკოტინი ნამდვილად მავნეა
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების