გენდერული თანასწორობის განმტკიცების კუთხით ბოლო წლებში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

მიუხედავად ამისა, კვლავ დაბალია საზოგადოების ცნობიერება სექსიზმისა და სექსუალური შევიწროების ფენომენთან დაკავშირებით.

სექსიზმი და სექსუალური შევიწროება გენდერული უთანასწორობის გამოხატულებაა. იგი საუკუნეების განმავლობაში სოციალურ და კულტურულ შრეებში გაბატონებული მასკულინურ – პატრიარქალური კულტურის გამოძახილია. სექსიზმი და სექსუალური შევიწროება არ არის ტრივიალური, უმნიშვნელო და საქილიკო მოვლენა.

მან შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. გამოიწვიოს პოსტრამვული ნერვული აშლილობა, დემოტივაცია, დეპრესია, უსუსურობის განცდა, შრომისუნარიანობის დაქვეითება და სამსახურის დატოვება. ეს კი მის ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება.

საერთაშორისო შრომითი სოლიდარობის ამერიკის ცენტრის იურიდიული ასისტენტი, ნათია გველესიანი აღნიშნავს, რომ სექსიზმი და სექსუალური შევიწროება სათავეს გენდერული როლებიდან იღებს; იმ ქცევებიდან და საქმიანობიდან, რომლებსაც საზოგადოება ქალისა და მამაკაცის შესაფერისად მიიჩნევს.

არსებობს უარყოფითი გენდერული სტერეოტიპი იმის თაობაზე, რომ ქალის მთავარი მისია არის მზრუნველობითი, უხილავი და აუნაზღაურებელი შრომა. მამაკაცის კი საზოგადოებრივ არენაზე ლიდერობა, დომინანტობა და ოჯახის უფროსობა. ეს, რა თქმა უნდა, მანკიერი პრაქტიკაა.

„შრომით სფეროში სექსზმი და სექსუალური შევიწროება ძირს უთხრის თანაბარუფლებიანობას. სექსიზმი და სექსუალური შევიწროება ერთდროულად ორი ძირითადი უფლების – ღირსებისა და თანასწორობის დარღვევას იწვევს. ამასთანავე, ის გენდერული ნიშნით ძალადობის გამომხატველი ფორმებია“, – ამბობს ნათია გველესიანი.

სექსიზმი არის ნებისმიერი ქმედება, ჟესტი, ვიზუალური გამოხატულება, წერილობითი და ზეპირი სიტყვა, რომელიც რომელიმე სქესის არასრულფასოვნების წარმოჩენას ისახავს მიზნად და ღირსების შელახვას იწვევს; ასევე – გენდერული სტერეოტიპების შენარჩუნებასა და გაძლიერებას.

„საკანონმდებლო ბადეში ვერ იპოვით ტერმინ სექსიზმს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში ის რეგულირებული არ არის. 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, – ამბობს ნათია გველესიანი, – ანტიდისკრიმინაციულ ორგანოდ სახალხო დამცველი განისაზღვრა.

მისი მანდატი სექსიზმის წინააღმდეგ მოიცავს რეკომენდაციის გამოცემას კონკრეტული ადრესატის მითითებით. სახალხო დამცველის პრაქტიკა ამ კუთხით თითზე ჩამოსათვლელია.

იმისათვის, რომ უფრო ნათელი გახდეს, რა არის სექსიზმი, მაგალითს განვიხილავთ. ტელეკომპანია „ტაბულამ“ კულინარიული შოუს რეკლამირების მიზნით ქალის შიშველი სხეული საკვების განთავსების ობიექტად გამოიყენა.

ქალის სხეული დეკორატიულ საგნად აქციეს. მისი პიროვნების გაუფასურება და ღირსების შელახვა მოხდა. ვიდეორგოლი სახალხო დამცველმა სექსისტურ რეკლამად მიიჩნია. მამაკაცის სხეული რომ ყოფილიყო ამ რეკლამაში გამოყენებული, რა თქმა უნდა, ისიც სექსისტური იქნებოდა“.

სექსუალურ შევიწროებას რაც შეეხება, ეს არის გენდერული ნიშნით სექსუალური ძალადობის სახე. იგი შეიძლება იყოს არასასურველი სექსუალური ხასიათის ვერბალური და არავერბალური ქცევა.

სექსუალური შევიწროება იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის მტრულ, დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ გარემოს. სექსუალური შევიწროება ხდება დასაქმების ადგილას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მისი მსხვერპლი შეიძლება კაციც გახდეს და ქალიც.

სექსუალური შევიწროება შეიძლება იყოს:

  • სექსუალური ურთიერთობის შეთავაზება;
  • სექსუალიზებული ენა – კომენტარები, მათ შორის, გარეგნობის, ასაკის, პირადი ცხოვრების, ჩაცმულობის, სხეულის ნაწილების შესახებ;
  • სექსუალური ხასიათის კომენტარები, ამბები ან/და ხუმრობები;
  • განმეორებითი დაპატიჟებები;
  • მფარველობითი ან პატერნალისტული (მამობრივი) შენიშვნები;
  • კნინობით-ალერსობითი მეტსახელებით მიმართვა;
  • კითხვები სექსუალურ ფანტაზიებზე, უპირატესობებზე, ისტორიაზე, სექსუალურ ცხოვრებაზე;
  • სექსუალური ცხოვრების შესახებ ჭორების გავრცელება.

ყველა ეს ქცევა იმ შემთხვევაშია სექსუალური შევიწროება, თუკი ის ერთ-ერთი პირისათვის არასასურველია.

„ქალებსა და მამაკაცებს სექსუალური შევიწროების შესახებ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, – აღნიშნავს ნათია გველესიანი, – მაგალითად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარდა კვლევა სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების შესახებ. ამის საფუძველზე გამოვლინდა, რომ მამაკაცებთან შედარებით არასასურველ მზერას ქალები სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევენ.

იმის გამო, რომ სექსუალური შევიწროება ფარულად მიმდინარეობს, მტკიცებულება შეიძლება იყოს მიმოწერა; ასევე მესამე პირი, ვინც აღნიშნულის შესახებ იცის.

ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერის გაკეთება კანონით არ შეიძლება, მაგრამ თუ ის ერთადერთი მტკიცებულებაა, სასამართლო ამას დაუშვებს. ამის პრეცენდენტი არსებობს. საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებაზე აღსრულების ეროვნულ მექანიზმად შინაგან საქმეთა სამინისტრო განისაზღვრა.

სექსუალური შევიწროება ხელწამოსაკრავი საკითხი არ არის. მას ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოვუცხადოთ. საჭიროა საგანმანათლებლო კუთხით ინტერვენციების ჩადება“.

ლიკა ხიჯაკაძე

ამავე თემაზე – „ქალების სექსუალური შევიწროება – პრობლემა, რომელზეც ხმამაღლა არ საუბრობენ“

ქალებს დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეთ ანა არგანაშვილი

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაცია ყველაზე ხშირად გენდერული ნიშნით ხდება

უმუშევრად დარჩენილი კაცები დაასაქმეს, ქალებს გვითხრეს ეტაპობრივად, რაღაცას მოგიხერხებთო“ 

ქალები ზრუნვით შრომაში, კაცებთან შედარებით, სამჯერ უფრო მეტ დროს ხარჯავენ 

ლია ფუტკარაძე ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი სამუშაო გარემო უნდა შეიქმნას