ქალაქ ჭიათურაში არსებულ მარგანეცის ორ სამთო გამამდიდრებელ ფაბრიკაში ქალები დისპეტჩერებად და მემანქანეებად მუშაობდნენ. ისინი დღეს სამსახურის გარეშე არიან.

44 წლის ელისო დეკანოიძე ცხრა წელი კონვეიერის მემანქანე იყო. „რატომ დაიხურა ჩვენი ფაბრიკა, მაგას ზუსტად „გრაკალის მკითხავი“ ვერ მიხვდება და მე, ელისო დეკანოიძეს, ვინ მეტყვის, – ამბობს სამსახურის გარეშე დარჩენილი მემანქანე, – 23 ივნისიდან უმუშევარი ვარ.

ახლა ჩვენთან ასეთი მდგომარეობაა – „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია იმ თანამშრომლებს, ვისაც დასაქმება ისევ ამ საწარმოში სურთ, ყოველთვიურად ანაზღაურებას, ხელფასის 60%-ს უხდის.

ამ შემოთავაზებაზე დავთანხმდი, სხვა რა გზა მაქვს. პენსიაში გასვლამდე 16 წელი მიკლია. სამი შვილი მყავს. მათგან ერთი აბიტურიენტია და ორი სტუდენტი.

ფაბრიკიდან გათავისუფლებული და უმუშევრად დარჩენილი კაცები დაასაქმეს. ქალებს გვითხრეს, ეტაპობრივად რაღაცას მოგიხერხებთო. იმედით ცოცხლობს კაცი“.

„ამ ორი ფაბრიკის დახურვის შემდეგ 300 დასაქმებული უმუშევარი დარჩა, – ამბობს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე, – მათგან 60-მდე ქალია. მამაკაცები მაღაროებში დაასაქმეს.

ამჟამად ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომ დასაქმებულებთან ევროპულ სტანდარტებზე მორგებული კოლექტიური ხელშეკრულება დავდოთ. ვმუშაობთ შინაგანაწესზე, რომელშიც მკაფიოდ გაიწერება დასაქმებულთა, მათ შორის, ქალთა უფლებები.

გამამდირებელი ფაბრიკის ყოფილ თანამშრომლებს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“  კომპენსაციები შესთავაზა. ჩვენ სამსახურის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს ვუთხარით, რომ თუ შემოთავაზებული წინადადებები არ მოსწონთ, მზად ვართ, მათი უფლებები დავიცავთ და სასამართლო დავებშიც დავეხმაროთ. ამ დრომდე პრეტენზია არავის გამოუთქვამს“.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისგან მოპოვებული ინფორმაციით, კომპანიის შეთავაზება ასეთია:

„ის პირები, რომლებსაც საერთოდ აღარ სურთ „ჯორჯიან მანგანეზში“ მუშაობა, ექვსი თვის განმავლობაში ხელფასის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ;

მეორე შეთავაზების თანახმად, პირები, რომლებსაც ისევ „ჯორჯიან მანგანეზში სურთ დასაქმება, გათავისუფლებიდან პირველი ორი თვის განმავლობაში კომპენსაციის სახით ხელფასის სრულ ოდენობას მიიღებენ, შემდეგი შვიდი თვის განმავლობაში – ხელფასის 60%-ს.

მემანქანე ქალების ყოველდღიური ანაზღაურება 64 ლარია.

ამ ცხრა თვის განმავლობაში კომპანია ყოფილ თანამშრომლებს დასაქმებას ჰპირდება.

გამამდიდრებელი ფაბრიკების დახურვის მიზეზი ისაა, რომ ტექნიკა და შენობები ძალიან მოძველებულია. 2021 წლის მაისში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ აქ მუშაობა, თანამშრომელთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აღარ შეიძლება.

ამის პარალელურად, ექსპლოატაციაში შევიდა ახალი, გერმანული ტექნოლოგებით აღჭურვილი გამამდიდრებელი ფაბრიკა. ამის გამო, თუ ძველ ფაბრიკებში 200 თანამშრომელი იყო საჭირო, ახალ ფაბრიკებში, ტექნოლოგიური ცვლილებების გამო, ამდენი აღარ დაგვჭირდება“.

„გათავისუფლებულ თანამშრომლებს თავიდან „ჯორჯიან მანგანეზი“ შედარებით დაბალ კომპენსაციებს – 2-დან 4 თვემდე პერიოდისთვის – სთავაზობდა, – ამბობს თამაზ დოლაბერიძე, – ჩვენი აქტიური ჩარევითა და კომპანიასთან თანამშრომლობით კომპენსაციების ოდენობა გაიზარდა. ახლა ყურადღებით ვაკვირდებით, რამდენად ასრულებს „ჯორჯიან მანგანეზი“ დადებულ პირობას“.

ნინო კაპანაძე

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაცია ყველაზე ხშირად გენდერული ნიშნით ხდება

ქალები ზრუნვით შრომაში, კაცებთან შედარებით, სამჯერ უფრო მეტ დროს ხარჯავენ 

ლია ფუტკარაძე ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი სამუშაო გარემო უნდა შეიქმნას

სექსუალური შევიწროება და სექსიზმი საქილიკო თემა არ არის

ქალებს დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეთ ანა არგანაშვილი