კვლევებით დადგენილია, რომ საქართველოში ქალები, კაცებთან შედარებით, სამჯერ მეტ დროს უთმობენ აუნაზღაურებელ საშინაო და ზრუნვით შრომას. სოფლად ინფრასტრუქტურისა და სოციალური სერვისების ნაკლებობის, ასევე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში აქტიური ჩართულობით კიდევ უფრო იზრდება ზრუნვით შრომაზე დახარჯული დრო.

რა მიზეზები და შედეგები აქვს ქალთა მაღალ ჩართულობას აუნაზღაურებელ შრომაში, რა გამოწვევების წინაშე დგანან სოფლად მცხოვრები ქალები, – ამ თემაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი სალომე ქინქლაძე გვესაუბრება.

„ქალების აუნაზღაურებელი შრომა სოფლად არის მიზეზი და შედეგი გენდერული უთანასწორობისა, – ამბობს სალომე ქინქლაძე, – აუნაზღაურებელ შრომაში ქალთა მაღალი ჩართულობა და თავისუფალი დროის უქონლობა ქმნის პრობლემებს, გენდერული თანასწორობის მიმართულებით.

ამავე დროს, ქალებზე უარყოფითად მოქმედებს დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპები – როგორია წარმატებული ქალის სახე? მან აუცილებლად უნდა დააბალანსოს სახლისა და სამსახურის საქმე. ორივეგან უნდა იყოს იდეალური, ამასთან საკუთარ თავს უნდა უვლიდეს, კარგად გამოიყურებოდეს და ბედნიერიც უნდა იყოს, – შეიძლება ასეთ არანორმირებულ რეჟიმს ქალმა დიდხანს გაუძლოს, თუმცა დროთა განმავლობაში ის გამოიფიტება და ჯანმრთელობის პრობლემებიც იჩენს თავს.

ამიტომ აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს არა იმაზე, ვინ უფრო მეტი საქმის შესრულებას შეძლებს, არამედ ღირსეულ ცხოვრებაზე. ქალებს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. სოფლად ბავშვების, შშმ პირებისა და ხანდაზმულების ზრუნვის სერვისები უნდა არსებობდეს, რომ ქალს დარჩეს დრო საკუთარ თავსა და განვითარებაზე ზრუნვისათვის.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოში ჩაატარა კვლევა – როგორია ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი. კვლევის შედეგებში ჩანს, – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ და გვაქვს გენდერული თანასწორობის საბჭოები, – როგორც პარლამენტში ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში, – სამწუხაროდ, კვლავ რჩება პრობლემები სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით, ბიუჯეტის დაგეგვმასთან დაკავშირებით.

პროგრამები, რომლებიც არსებობს ეკონომიკური განვითარებისთვის, არ არის მორგებული ქალთა საჭიროებებზე. იმისათვის, რომ ქალები ჩაერთონ სოფლის მეურნეობის მიმართულებით რაიმე პროგრამაში, საჭიროა მას საკუთრებაში ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. მიწის მფლობელები კი საქართველოში, ძირითადად, კაცები არიან.

ასევე კვლევით დასტურდება, რომ საქართველოში შრომისუნარიანი ქალების მხოლოდ 40%-ია დასაქმებული ანაზღაურებად სამსახურებში. კვლავ აღინიშნება საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა, ყველაფერი ეს სისტემურ ცვლილებებს მოითხოვს ქვეყანაში.

სოფლად არსებობენ ქალები, რომლებიც ნაკლებად ერთვებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში და არც სვამენ კითხვას – რატომ?, რადგან ფიქრობენ, რომ მზრუნველის როლი ბუნებრივად მათ ენიჭებათ. ქალების 40%-ის დასაქმება ანაზღაურებად საქმიანობაში დაკავშირებულია ქალების აუნაზღაურებელ შრომასთან და ვალდებულებებთან. მათ დასაქმების დრო აღარ  რჩებათ, ამ ყოველივეს ქალთა გაღარიბებასთან მივყავართ.

შიდა ქართლში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ჩაატარა კვლევა, რომ გაგვეგო, როგორაა შრომა ოჯახებში განაწილებული. ყველგან ზრუნვის აქტივობები, – როგორიცაა ხანდაზმულებზე, შშმ პირებსა და ბავშვებზე ზრუნვის 90% ქალების მხრებზეა.

ქალები ზრუნვით შრომაში კვირაში დაახლოებით 45 საათს იხარჯებიან, ხოლო კაცები – 15 საათს. უნდა აღინიშნოს, რომ კაცების უმუშევრების შემთხვევაში ეს მონაცემები დიდად არ იცვლება.

აუნაზღაურებელი შრომის სხვა განზომილებაა სასოფლო-სამეურნეო აქტივობა. დაკვირვების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასოფლო-სამეურნეო აქტივობებში შრომა გენდერული ნიშნითაა დაყოფილი. მერძევეობისა და მეცხოველეობის მიმართულებით, უფრო მეტად, ქალები არიან დასაქმებულები, ხოლო მარცვლეული კულტურის მოყვანის თვალსაზრისით – კაცები.

მოსავლის აღების შემდეგ, უმეტესად, ქალებს უწევთ მისი დახარისხება, გადარჩევა და შენახვა.

ქალებისთვის შეზღუდულია საოჯახო მეურნეობაში გამოყენებულ იარაღებზე ხელმისაწვდომობა. რა თქმა უნდა, ოჯახში არსებული იარაღების გამოყენება არავის ეკრძალება, მაგრამ იქ ისეთი იარაღები და დანადგარებია, რომლებსაც, ძირითადად, მამაკაცების შესასრულებელი სამუშაოებისთვის გამოიყენება. ესაა, მაგალითად, მიწის დამუშავებისთვის საჭირო იარაღები.

მოსავლის დასახარისხებელი ან პირუტყვის მოსავლელი იარაღები ოჯახებში თითქმის არ არის. ამრიგად, მივდივართ დასკვნამდე, რომ ქალები სოფლად ასრულებენ იმ ტიპის საქმიანობებს, რომლებიც, ძირითადად, ხელით შესასრულებელია და დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია სოფლად მაშინ, როცა ბავშვები სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადადიან. ეს კი მშობლისთვის და განსაკუთრებით დედისთვის დამატებითი სტრესია. ზოგჯერ ინტერნეტის, შესაბამისი ტექნიკის პრობლემაა, რაც უმეტესად დედებმა უნდა მოაგვარონ და რაც მთავარია, სახლში მყოფ ბავშვებს კიდევ უფრო მეტი ყურადღება და ენერგია სჭირდებათ, რაც, რა თქმა უნდა, ქალის მხრებზე გადადის.

პანდემიის გავლენის გენდერული ანალიზის ჩასატარებლად ქალები და მამაკაცები გამოკითხეს. ქალების 31% და კაცების 23% აღნიშნავს, რომ პანდემიის დროს დასვენების დრო შეუმცირდათ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პანდემია უფრო მეტად გავლენას ქალთა აუნაზღაურებელ შრომაზე ახდენს.

რა უნდა გაკეთდეს ქალების აუნაზღაურებელი შრომის შესამსუბუქებლად სოფლად? – ამის კონკრეტული ფორმულირება რთულია. პირველ რიგში, ქალებს უნდა მიეცეთ განათლებისა და თვითგამოვლინების შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

აუცილებელია სოფლებში საბავშვო ბაღების, შშმ პირებისა და მოხუცებულთა ზრუნვის დაწესებულებებია ამოქმედება. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ცვლილება, რომ ზრუნვა, ვთქვათ ბავშვებზე, მხოლოდ ქალის მოვალეობაა არ არის. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სამთავრობო უწყებების მიერ უნდა შეიქმნას სპეციალური პროგრამები ქალებისთვის, რომელიც მათ ანაზღაურებელ დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული“.

თამთა გოგოლაძე

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

უმუშევრად დარჩენილი კაცები დაასაქმეს, ქალებს გვითხრეს ეტაპობრივად, რაღაცას მოგიხერხებთო“ 

ლია ფუტკარაძე ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი სამუშაო გარემო უნდა შეიქმნას

სექსუალური შევიწროება და სექსიზმი საქილიკო თემა არ არის

ქალებს დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეთ ანა არგანაშვილი

შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაცია ყველაზე ხშირად გენდერული ნიშნით ხდება