ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, სამი წელია, ფუნქციონირებს.
მისი მიზანია, ადამიანები ისეთი განათლებით აღჭურვოს, რაც მათ დასაქმებაში დაეხმარება. 2019 წლის მონაცემებით, ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დასრულების შემდეგ ცხრა ადამიანი დასაქმდა და მათი უმრავლესობა ქალია. ამის შემდგომ პანდემია დაიწყო, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ცენტრის ფუნქციონირებასა და ზოგადად, დასაქმების საკითხზე.
საერთო ჯამში, ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი (დირექტორი გიორგი მუხურაძე) 521 ადამიანმა დაასრულა. ცენტრის ოფისმენეჯერი, მანანა ტაბაშიძე აღნიშნავს, რომ მათი 90% ქალია. ქალები აქტიურობით გამოირჩევიან და დასაქმებულთა დიდი წილიც სწორედ მათზე მოდის.
„ძალიან აქტიურად ფუნქციონირებს მეფუტკრეობის კურსი, – ამბობს მანანა ტაბაშიძე,- აქ როგორც მოყვარული, ასევე პროფესიონალი მეფუტკრეები თანამედროვე მიდგომებს სწავლობენ. ეს მათი ამ კუთხით განვითარებას უწყობს ხელს.
ბევრი ისეთი შემთხვევაც გვაქვს, როდესაც ჩვენი კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად იწყებენ საქმეს. ჩვენ მათ ისეთი პროფესიების შესწავლას ვთავაზობთ, რასაც ცხოვრებაში პრაქტიკულად გამოიყენებენ.
გვაქვს ქართული სამზარეულოს კურსები, რომელსაც მაღალპროფესიონალი პედაგოგი უძღვება. ამ კურსის დასრულების შემდეგ ორი ქალი საბავშვო ბაღში, ხოლო ორიც კაფეში დასაქმდა.
ჭრა-კერვის კურსდამთავრებულმა, რომელიც ქალია, ხარაგაულის სამკერვალოში დაიწყო მუშაობა. ბევრი ისეთი კურსდამთავრებულიც გვყავს, რომლებმაც საკერავი მანქანები შეიძინეს შეკვეთების მისაღებად. ეს მათ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ზრდასრულთა განათლების ცენტრში სწავლის მსურველი ბევრია, მაგრამ ამას ტრანსპორტირების პრობლემის გამო ვერ ახერხებს.
ადგილობრივი ხელისუფლება თუ ასეთი ადამიანების მგზავრობას უზრუნველყოფს, ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, მათთვის შესაბამისი კურსები გაიხსნება.
„კიცხი, მაგალითად, ძალიან დიდი სოფელია. აქ პატარა სამკერვალოც კი არაა. ადამიანებს ამისთვის ზესტაფონსა და ხარაგაულში უწევთ წასვლა.
ძალიან კარგი იქნება, ხელისუფლება ამ სოფლიდან, ზრდასრულთა განათლების ცენტრში სწავლის მსურველი რამდენიმე ქალის ტრანსპორტირებას თუ უზრუნველყოფს.
ჩვენ ვითანამშრომლებდით და სპეციალურად მათთვის გავხსნიდით კურსებს. ამით ეს ქალებიც დასაქმდებიან და ადგილობრივებისთვისაც შეღავათი იქნება.
ზოგადად, დასაქმების პრობლემა ჩვენ ქვეყანაში ძალიან მწვავედ დგას. ამისთვის ძირეული ცვლილებებია საჭირო“.
პანდემიის გამო ამა თუ იმ კურსზე მხოლოდ 5-6 ადამიანს იღებენ. ამიტომ პედაგოგს დაყოფილ ჯგუფებში ორჯერ უწევს გაკვეთილის ჩატარება.
ამჟამად ზრდასრულთა განათლების ცენტრში თექის, ჭრა-კერვის, ხის დამუშავების, მეფუტკრეობის, ქართული სიმღერის, კომპიუტერისა და მართვის მოწმობის შემსწავლელი კურსებია გახსნილი.
აქ 22 ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს ფინანსების შემსწავლელი კურსი. ის, ძირითადად, მერიის სამსახურებში დასაქმებულთათვის იქნება განკუთვნილი.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში არაერთი პროფესიის შემსწავლელი კურსის გაგრძელება პანდემიის გამო ვეღარ ხერხდება.
„გვსურდა, რომ ყველა სპეციალობისთვის შესაბამისი სოციალური საწარმო გაგვეხსნა. ეს კანონმდებლობით მიუღებელია. საჭიროა მისი შპს-დ დარეგისტრირება. სოციალური საწარმოს გახსნა უკანონო რატომ უნდა იყოს?!
ჩვენ ახლა ავტომობილების შეკეთებისა და კომპიუტერული დიაგნოსტიკის ცენტრის გახსნა გვინდა. ის თავდაპირველად სოციალური საწარმო უნდა ყოფილიყო, მაგრამ შპს-დ დავარეგისტრირეთ.
ეს ნამდვილად კარგი იქნება, რადგან ხარაგაულში მცხოვრებს, ამ მომსახურებისთვის ზესტაფონში წასვლა აღარ მოუწევს. ეს ჩვენი კურსდამთავრებულებისთვისაც ძალიან კარგი იქნება“.
მანანა ტაბაშიძე ამბობს, რომ სურთ ხარაგაულელებს მეღვინეობისა და აგროქიმიის შესწავლის საშუალება მისცენ. გარკვეული პრობლემების გამო, მათ შორის პანდემიის, ამის სისრულეში მოყვანა, ამ დრომდე, ვერ ხერხდება.
იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.
ლიკა ხიჯაკაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი