დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროება ძალადობისა და დისკრიმინაციის ერთ-ერთ გავრცელებულ და, ამავე დროს, დაფარულ პრობლემას წარმოადგენს.
საქართველოში სექსუალური შევიწროება ტაბუდადებული თემაა. ქალებს ეშინიათ სამსახურის დაკარგვის, საზოგადოების აზრის, ამიტომ მოთმენასა და გაჩუმებას ამჯობინებენ. თვლიან, რომ ეს მხოლოდ მათ ეხებათ, მაგრამ ეს ასე არ არის. ამ თემაზე თუნდაც ერთი პიროვნების საუბარიც კი საწინდარია იმისა, რომ უფრო ნაკლები ქალი გახდება სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.
სექსუალური შევიწროების ფაქტები ხარაგაულშიც ფიქსირდება. საჯარო სამსახურში დასაქმებულმა ჩვენმა რესპონდენტმა გადაწყვიტა, – საზოგადოება რომ თვალს არიდებს, – ამ ძალიან დიდი პრობლემის დღის სინათლეზე გამოტანა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი, თურმე, ბევრმა ადამიანმა იცის, ამის მოყოლა ანონიმურად გადაწყვიტა. ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო.
„განქორწინებული ვარ. ხარაგაულში კი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ქალი, რომელიც მეუღლესთან არ ცხოვრობს, მსუბუქი ყოფაქცევისაა. ვფიქრობ, ეს გახდა ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი იმისა, რომ ჩემმა თანამშრომელმა მამაკაცმა სექსუალური კავშირი შემომთავაზა.
ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, მსგავსი რამ თუ დამემართებოდა. ვცდილობდი, მდგომარეობიდან არ გამოვსულიყავი. გაწონასწორებულად ვეუბნებოდი უარს, რასაც, მისი მხრიდან, აგრესიული დამოკიდებულება მოსდევდა ხოლმე. სამუშაო საათებში ხმამაღლა სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა.
ამას უსმენდნენ სხვა თანამშრომლებიც, მათ შორის ქალები. ველოდი მათი მხრიდან რაიმე სახის გამოსარჩლებას, მაგრამ ამაოდ. მათგან ვერანაირი მხარდაჭერა და თანადგომა ვერ ვიგრძენი. ხომ შესაძლებელია, რომ მსგავსი რამ მათ მიმართაც განმეორდეს?!“
მოძალადე თანამშრომელი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ამ ამბავს არ გაასაჯაროებდა და პოლიციას არ მიმართავდა. ერთი წლის განმავლობაში ეს მართლაც ასე იყო. თუმცა ბოლოს მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა და დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. პოლიციამ მოძალადეს გაფრთხილება მისცა.
„პოლიციას ვთხოვე გაეფრთხილებინა. დასჯა არ მომითხოვია. ვიფიქრე, გაფრთხილების შემდეგ ჩამომშორდებოდა. ამის შემდეგ ჩემთან სექსუალური კავშირის დამყარების მოთხონა შეწყვიტა. მსგავსი რამ კიდევ რომ განმეორდეს, აუცილებლად მის დაპატიმრებას მოვითხოვ. სიტყვიერი შურაცხყოფის მოყენებას კვლავ აგრძელებს.
მისი კაბინეტი ჩემი ოთახის გვერდითაა. გაიჯახუნებს ხოლმე კარს და მესმის შეურაცხმყოფელი სიტყვები, რომლის ადრესატიც მე ვარ. ყველანაირად ვერიდები. ქალებს ვურჩევ, ასეთ შემთხვევებში არ გაჩუმდნენ, ხმა ამოიღონ; თქვან, რომ მათ სექსუალურად ავიწროვებენ. არაფრის არ შეეშინდეთ. შეშინებული და დაუცველები დადუმებული მსხვერპლები უფრო არიან“.
განვმარტავთ, რომ სექსუალურ შევიწროებად ითვლება სექსუალური ხასიათის სიტყვა, მინიშნება, მიმართვა და სხვა ნებისმიერი სექსუალური მახასიათებლის შემცველი ქმედება. სექსუალური შევიწროებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთ წლამდე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი დარინა სალდაძე ამბობს, რომ მათ ორგანიზაციას აღრიცხული აქვს სამართლებრივ ნორმებში გამოკვეთილი სექსუალური შევიწროების ფაქტები. იგი აღნიშნავს, რომ მათ ხელთ არსებული ყველა ქეისი საქმის წარმოებაში სახალხო დამცველთან გადავიდა. სახელმწიფოში ამ საკითხის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი სწორედ სახალხო დამცველია.
„ჩვენს ორგანიზაციაში მოვიდა გოგონა. ერთ-ერთ კომპანიაში სტაჟიორი იყო. მან განაცხადა, რომ დირექტორი სექსუალურად ავიწროებდა. მიმართა ხელმძღვანელობას, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვა. ჩვენმა ორგანიზაციამ ამ საქმეზე სახალხო დამცველს მიმართვა გაუგზავნა. სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა; ამის შემდგომ კი რეკომენდაცია გამოსცა როგორც მოძალადის, ასევე კომპანიის მიმართ, რომელმაც ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვა“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოქალაქეებს უფასო იურიდიულ მომსახურებას უწევს. დარინა სალდაძე ამბობს, რომ სწორედ ასეთი კონსულტაციის დროს მასთან მივიდა გოგონა, რომელიც სექსუალურად შევიწროებულად თვლიდა თავს.
„გოგონამ თავისი ისტორია გვიამბო. თუმცა, ამ ფაქტის სახალხო დამცველის აპარატისადმი წარდგენაზე უარი განაცხადა. მოქალაქის თანხმობის გარეშე კი სახალხო დამცველს ვერ მივმართავდით. ამ გოგონას საზოგადოების აზრის ეშინოდა. ერჩივნა, სამსახურიდან წამოსულიყო, ვიდრე ეს საქმე გახმაურებულიყო. ღიაობის შიში უშლის ხელს, რომ ყველა ფაქტი დღის სინათლეზე გამოვიდეს და მოძალადეს შესაბამისი სასჯელი დაეკისროს“.
იმ ქმედებების მოთმენა, რომელიც ქალს შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ მდგომარეობაში აყენებს, გამოსავალი არ არის. პრობლემა ვერც სამსახურიდან წამოსვლით მოგვარდება. ერთადერთი გამოსავალი ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი და ტაბუს ახდაა. დარინა სალდაძე ქალებს ურჩევს, მიმართონ პოლიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს. ფაქტის გახმაურებით უხერხულ მდგომარეობაში თავად მოძალადე აღმოჩნდება.
„ჩვენს ქვეყანაში ნელ-ნელა ყალიბდება პრაქტიკა, რომ მსხვერპლი მოძალადის წინაშე მარტო აღარაა. ამ თემაზე რაც უფრო მეტი ქალი ისაუბრებს, მით უფრო ნაკლებს გაუჭირდება. ქალებს ვურჩევ, ილაპარაკონ სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე. ამით საკუთარ თავსაც და სხვებსაც დაეხმარებიან“.
ლიკა ხიჯაკაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი