2021 წლის „ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა“ ხარაგაულელი ნინო მაღრაძე გახდა.

მან მედიის განვითარების ფონდის მედიაწიგნიერების ფორუმზე ბლოგების კონკურსში გაიმარჯვა. ნინო საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა უფროსმა, ქეთრინ შვაიცერმა დააჯილდოვა.

ნინო ერთთვიან სტაჟირებას ფეისბუკის პარტნიორი ორგანიზაციის „მითების დეტექტორის“ რედაქციაში გაივლის.

ნინოს ბლოგი ჩვენს რეალობაში არსებულ ისეთ აქტუალურ საკითხს ეხებოდა, როგორიცაა დეზინფორმაცია. ის მკითხველს ყალბი ინფორმაციის ამოსაცნობად გარკვეულ ხერხებსაც სთავაზობს. აღნიშნული გამარჯვება ნინოსთვის მოტივაციაა მომავალი წარმატებებისთვის.

„კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობა ძალიან მიყვარს. ამ კონკურსის შესახებ როცა გავიგე, უკვე მასალების მიღება დასრულებული იყო.

შემდეგ დედლაინი გააგრძლეს და მეც ამით ვისარგებლე, – ამბობს ნინო მაღრაძე, – დღეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დეზინფორმაცია. ყალბი ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მაგალითად, ვაქცინაციაზე.

ჩემს ბლოგში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობას გავუსვი ხაზი. ჩამოვაყალიბე ის ძირითადი ხერხები, რომლებსაც თავად მივმართავ ხოლმე. მიხარია, რომ „მითების დეტექტორში“ ერთთვიან სტაჟირებას გავივლი.

ვფიქრობ, ჩემს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“.

ნინო მაღრაძემ 2019 წელს ვახანის საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლა თსუ-ს ISET-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. უნივერსიტეტში სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. ნინო აღნიშნავს, რომ მისი მოლოდინები გამართლდა. თავდაპირველად ენის ბარიერი თუ არსებობდა, ახლა მისთვის ის მთლიანად მოიხსნა.

„აქ მაღალ დონეზე მიმდინარეობს სწავლების პროცესი. ძალიან კარგი გარემო და აკადემიურად მაღალი ხარისხია- ამბობს ნინო, – საკმაოდ დატვირთულები ვართ. წინა წელს სტუდენტურ კლუბში ვიყავი ჩართული. ვეცნობოდი სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებს და დისკუსიებიც გვქონდა.

სხვა პროექტებშიც ვერთვები ხოლმე. ვცდილობ, აქტიური სტუდენტი ვიყო. მომავალშიც ბევრი გეგმა მაქვს. დაინტერესებული ვარ უცხოეთში სწავლის გაცვლითი პროგრამებით. იმედია, გამომივა”.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ნინო მაღრაძეს კარიერულ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.

ლიკა ხიჯაკაძე

ამავე თემაზე:

ხარაგაულელი ნინო მაღრაძე ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულია

ხარაგაულელმა ნინო მაღრაძემ კონკურსში გაიმარჯვა

 

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:

ხარაგაულელი ლაშა ღონღაძე 2021 წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგია

ხარაგაულელი მადონა შველიძე ბირმინგემის სამეფო კონსერვატორიაში ისწავლის 

უნგრეთში გატარებული დღეები საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა – ლიზა ბარბაქაძე

ხარაგაულელი ნინო ჭყოიძე პოლონეთში ისწავლის

„დღეს კიდევ 30 სტუდენტს გავაგებინე, რომ საქართველო ევროპაშია და რუსეთი ოკუპანტია“ – კესო ჩხიკვაძე  

გოგა კვინიკაძე – სულიერი სიმტკიცითაც უნდა აჯობო ავადმყოფობას!