ხარაგაულელი ლიზა ბარბაქაძე 4-დან 14 დეკემბრამდე „ერასმუს+“ -ის გაცვლითი პროგრამით უნგრეთში იმყოფებოდა.

ამ პროგრამის მიზანია, ახალგაზრდა ლიდერების გაძლიერება, მათთვი მოტივაციის ამაღლება და მოხალისეობრივ სფეროში გამოცდილების გაზიარება. ლიზა აღნიშნავს, რომ უნგრეთში გატარებულმა დღეებმა ნაყოფიერად ჩაიარა.

„მოხალისეობრივი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას გვასწავლიდნენ, – ამბობს ლიზა, – აქ სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ წარმომადგენლები. ყველა თავის გამოცდილებაზე საუბრობდა.

მოხალისეობრივი სფერო ფართო არეალს მოიცავს. აქ ყურადღება გარემოს დაცვით საკითხებსა და სამოქალაქო აქტივიზმზე გაკეთდა.

უნგრეთში გატარებული დღეები საკმაოდ შრომატევადი და ნაყოფიერი აღმოჩნდა. აღვნიშნავ ხოლმე, რომ ცუდ პერიოდში მომიწია სტუდენტობამ. პანდემიის გამო საერთაშორისო გამოცდილების მიღება ცოტა გაჭირდა. ამ კუთხით ეს პროგრამა ჩემთვის ძალიან კარგი საშუალება იყო. გავიცანი ბევრი ადამიანი, რომლებიც ჩემთან ბევრ საერთო ინტერესს იზიარებდნენ“.

ლიზა თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტეზე სწავლობს. ის მეორე კურსის სტუდენტია.

თავისი ცხოვრება სამომავლოდ უკვე დაგეგმილი აქვს – მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება ამერიკის ან საფრანგეთის რომელიმე უნივერსიტეტში სურს. შემდეგ თავის სამშობლოში დაბრუნდება და უცხოურ გამოცდილებას აქ გამოიყენებს.

„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მინდა დიპლომატი გავხე და ჩემი სამომავლო საქმიანობა ამ სფეროში გავაგრძელო.

რამდენიმე დღეში ახალი წელი დადგება. მინდა ის ყველას მივულოცო, განსაკუთრებით ხარაგაულელებს. ბედნიერებას, ჯანმრთელობას, კარიერულ წინსვლასა და უკეთეს მომავალს გისურვებთ“.

ლიკა ხიჯაკაძე

ფოტოზე: ლიზა ბარბაქაძე მარჯვნიდან მესამე უნგრეთში „ერასმუს+“ -ის პროგრამის მონაწილეებთან ერთად