მადონა შველიძე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის სტუდენტია.

მუსიკით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული და სწავლობდა მუსიკალურ შვიდწლედში, რომელიც წითელ დიპლომზე დაამთავრა.

მადონამ ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 100%-იანი გრანტით გააგრძელა.

„მუსიკალურ ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები სწორედ ხარაგაულში გადავდგი, – ამბობს მადონა შველიძე, – მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც იმ პერიოდში გვერდით მედგნენ და ჩემ განვითარებაში წვლილი შეიტანეს.

ესენი არიან ქალბატონი ნანა ლურსმანაშვილი და ციური ბლუაშვილი. ასევე მინდა აღვნიშნო ჩემი კონსერვატორიის პედაგოგის, გულიკო კარიაულის, დამსახურება. ამ ადამიანებისგან მე დიდი სტიმული მივიღე“.

მადონასთვის კონკურსებში მონაწილეობა და გამარჯვების მოპოვება უცხო არ არის. ყველა კონკურსი მისთვის დასამახსოვრებელია, რადგან დიდი გამოცდილება შეიძინა.

ინგლისის ქალაქ ბირმინგემის სამეფო კონსერვატორიის მიერ გამოცხადებულ მიღებაზე ბევრი არ უფიქრია. სიმღერის ჩანაწერი და საჭირო საბუთები გააგზავნა. დიდი კონკურენციის მიუხედავად სწორედ მისი კანდიდატურა აღმოჩნდა მისაღები.

Erasmus+ პროგრამის წყალობით მადონამ სრული დაფინანსება მოიპოვა. ინგლისში სწავლა იანვარში დაიწყება და ექვსი თვე გაგრძელდება. ბირმინგემის სამეფო კონსერვატორია პრესტიჟულობით გამოირჩევა.

„ბედნიერი ვარ, რომ ბირმინგემის სამეფო კონსერვატორიის სტუდენტი გავხდები. ეს ჩემთვის დიდი პატივი და შესაძლებლობაა. გავეცნობი ამ ქვეყნის კულტურას. დარწმუნებული ვარ ეს უნივერსიტეტი ბევრ სიახლეს შემომთავაზებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემს ვოკალურ შესაძლებლობებში სიახლეებს შევიტან. გავეცნობი ახალ მეთოდებს, რაც მომავალი კარიერული წინსვლისთვის დამეხმარება“.

მადონა სამომავლო გეგმებზე საუბარს ერიდება, მაგრამ ზუსტად იცის, რომ გააგრძელებს კარიერულ წინსვლას. ის ახალი გამოწვევებისთვის ყოველთვის მზად იქნება.

ლიკა ხიჯაკაძე