ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში 18 ოქტომბერს, ამ სკოლის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ასტროფიზიკოსის, აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ბიბლიოთეკა გიმნაზიის ეზოში, იმ ადგილას აშენდა, სადაც გასულ საუკუნეში ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ფუნქციონირებდა.

ბიბლიოთეკის გახსნაზე მიწვეულ სტუმრებს აჩვენეს კადრები, თუ როგორი იყო გიმნაზია წლების განმავლობაში, როგორ რთულ პირობებში უხდებოდათ სწავლა მოსწავლეებს და მუშაობა აქ დასაქმებულ პედაგოგებს.

ხარაგაულის გიმნაზიის რექტორმა, მარგვეთისა და უბისის ეპოსკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ბიბლითეკის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული სოფლის- ფარცხნალის შესახებ ესაუბრა.

ეს არის სოფელი, საიდანაც უამრავი პროფესორი, აკადემიკოსი თუ გამოჩენილი პიროვნება იყო წარმოშობით, – ამბობს მეუფე მელქისედეკი, –  ამ სოფლის მკვიდრი გახლდათ აკადემიკოსი ევგენი ხარაძე. გადავწყვიტეთ, რომ ამ ბიბლიოთეკამ მისი სახელი ატაროს“.

ბიბლიოთეკა გიმნაზიის ტრადიციული ღონისძიების –  „შემოდგომის ზეიმი“ ფარგლებში გაიხსნა.