ჩვენს ქვეყანაში სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდა, უმეტესად, ქალებს აქვთ მინდობილი. იშვიათია, რომ ამ დარგს მამაკაცი ხელმძღვანელობდეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მეორე წელია, რაც სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას მამუკა ჭიპაშვილი უძღვება.

მამუკა ჭიპაშვილმა ხარაგაულში შრომითი საქმიანობა 1997 წელს გამგეობის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსობით დაიწყო. მას შემდეგ თხუთმეტჯერ შეიცვალა სამუშაო ადგილი და პოზიცია. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ხარაგაულის რაიონის გამგებლის მოადგილედ, გამგებლის მრჩევლად, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად, ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელად. ამ წლების განმავლობაში საკუთარი პროფესიით – საგზაო ინჟინერი – არსად უმუშავია. მამუკა ჭიპაშვილი ლექსებისა და მოთხრობების ორი კრებულის ავტორია. საკუთარი იდეით გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ის, რასაც ვერ მოშლი“.

…შიში იპყრობს, რომ გავა წლები და ხარაგაულში მხოლოდ მოხუცები დავრჩებით, თუმცა ამბობს, რომ მიგრაციის შეჩერების ფორმულა არ იცის. თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი მოულოდნელობის, წარმატებისა და მიზნების შესახებ მამუკა ჭიპაშვილი გვიამბობს.

ბატონო მამუკა, შარშან თქვენი კრებული „ყავაზე მისაყოლებელი ამბები“ გამოიცა. მომავალშიც ხომ არ გეგმავთ ახალი წიგნის შექმნას?

-„ყავაზე მისაყოლებელი ამბები“ სამ კვირაში შეიქმნა. ყოველდღე ორ-სამ ნაწარმოებს ვწერდი. მწერალი არ ვარ, მაგრამ დროდადრო წერის სურვილი მიჩნდება. შარშან სიგარეტის მოწევას დავანებე თავი. მოწევის სურვილი რომ გამექარვებია, წერა დავიწყე. სიგარეტის მოწევისა და წერის სურვილმა ერთდროულად გამიარა.

ლიტერატურულ კონკურს „ოდეონს“ რომ ატარებდა იზა ვეფხვაძე, აქტიურად ვმონაწილეობდი. ჩემს პირველ კრებულში შესული ათი ნაწარმოები სწორედ „ოდეონზე“ შეიქმნა. კრებულის გამოცემა თამამი გადაწყვეტილებაა და ცოტა უნდა გარისკო კიდეც. ორჯერ გავრისკე და გამომივიდა. ინტერნეტში გამოქვეყნებულ ჩემს ნამუშევრებს ჩემთვის უცნობი ადამიანები გულწრფელად იწონებენ. ეს მაძლიერებს და თავდაჯერებულობას მმატებს.

მოკლედ, რაღაც მიზეზი მინდა, რომ წერა დავიწყო. ბოლო ერთი წელია, ასეთი მიზეზი არ მომეცა.

-ორი კრებული გამოეცით, გადაიღეთ ფილმი. სოციალურ ქსელში ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და ფილმს „ის, რასაც ვერ მოშლი“ ათი ათასობით მნახველი და მკითხველი ჰყავს. როგორ ფიქრობთ, რატომ მოსწონთ თქვენი შემოქმედება?

-სტუდენტობის პერიოდში კონცერტების სცენარებს ვქმნიდი. ჩემი სცენარებით ფილარმონიაში კონცერტები იმართებოდა. თბილისში გამართული მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სცენარისტი ვიყავი. კრებულებში სერიოზულ თემებსაც შევეჭიდე და ეს ექსპერიმენტიც გამომივიდა. საკმაოდ ბევრ ადამიანს მოეწონა ჩემ თანაკლასელ გია ლურსმანაშვილზე დაწერილი მოთხრობა „გმირები“.

ერთი სიტყვით, შემოქმედებითი უნარები მაქვს. ჩემი კრებულები საკუთარი ნახატებით გავაფორმე. ხატვა ძალიან მიყვარს და თუ დრო მაქვს, შემიძლია, მთელი დღე ვხატო. პროფესიონალი მხატვარი არ ვარ და არც არსად მისწავლია, მაგრამ იმ დღეს ბედნიერი ვარ, როცა ვხატავ.

-ბევრჯერ შეიცვალეთ სამსახური. ყველაზე კომფორტულად თავს სად გრძნობდით?

-ყოველთვის სხვადასხვა გამოწვევების წინაშე ვიდექი. ტურიზმის სამსახურის უფროსობა რომ შემომთავაზეს, ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყეთ. ჩვენზე იყო დამოკიდებული, რა მიმართულება ექნებოდა ამ სამსახურს. ვერ ვიტყვი, რომ საოცრებები გავაკეთე, თუმცა,  იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში შექმნეს ანალოგიური სამსახური იმიტომ, რომ ჩვენი საქმიანობა მოეწონათ. ბევრი საინტერესო და სასარგებლო პროექტი განვახორციელეთ.

-სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად რომ ინიშნებოდით, რა მოლოდინები გქონდათ და რა დაგხვდათ?

-მშობლებმა საბავშვო ბაღში მხოლოდ რამდენიმე დღე მატარეს, რადგან არ გავჩერდი და ძალიან ვტიროდი… ცხოვრებაში ყველგან წარმომედგინა საკუთარი თავი, საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის გარდა.

სამსახურში ყოველდღე გაღიმებულ ბავშვებს ვხედავ. მართალია, ჩემი ფუნქცია გაერთიანების მართვაა, თუმცა ხშირად შევდივარ ჯგუფებში, – ხან ბავშვებთან ერთად ვხატავ, სხვადასხვა აქტივობებში ვერთვები. სიმართლე გითხრათ, აქ თავს ყველაზე კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობ. თუმცა, არც ეს არის ის ადგილი, სადაც დიდხანს უნდა ვიყო.

-სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად დანიშვნამდე ხომ არ ფიქრობდით, რომ ეს საქმე მაინცდამაინც ქალების იყო. რამდენად „საქალო საქმე“ გამოდგა?

-არ ვარ ისეთი მამა, რომელიც თვლის, რომ შვილებზე მხოლოდ დედამ უნდა იზრუნოს. მე და ჩემი მეუღლე თანაბრად ვინაწილებთ შვილებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ძალიან მომწონს, როცა საბავშვო ბაღში შვილები მამებს მოჰყავთ. ბავშვების აღზრდაში მამაკაცის როლი უნდა გაიზარდოს. ამას დრო სჭირდება. საბავშვო ბაღის აღმზრდელებს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ და მცირე ანაზღაურება აქვთ. ვფიქრობ, ალბათ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მამაკაცები საბავშვო ბაღში დასაქმებისგან თავს იკავებენ, დაბალი ხელფასებია. დარწმუნებული ვარ, ბევრი მამაკაცი ქალზე არანაკლები აღმზრდელი იქნება და პირნათლად გაართმევს თავს აღმზრდელის მოვალეობას.

-წლების განმავლობაში ხარაგაულში ახალგაზრდულ ფესტივალს ატარებდით. ამ ფესტივალით ბევრი ახალგაზრდა დაუახლოვდა ერთმანეთს. თაობებს დაუვიწყარი დღეები აჩუქეთ. რა არის საჭირო ამ ფესტივალის გასაახლებლად?

-იმ წლებში ელექტროენერგია ხშირად არ იყო. საწვავის ფულს ვაგროვებდით, რომ გენერატორი ჩაგვერთო და ღონისძიება შემდგარიყო. დარბაზში იმდენი მაყურებელი იკრიბებოდა, ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ რჩებოდა. ყველაფერს მე და ნიკოლოზ მაჭავარიანი ვაკეთებდით. 22-22 ლარი იყო ჩვენი ხელფასი. ფესტივალის ფარგლებში ყოველდღე სხვადასხვა ღონისძიებებს ვატარებდით. ხარისხიანი რომ გამოსულიყო, მონაწილეებს კიდეც ვამზადებდით. ამას მაყურებლისთვის ვაკეთებდით. ხარაგაულს ისედაც გონიერი და გემოვნებიანი მაყურებელი ჰყავს და ჩვენც გარკვეული წვლილი შევიტანეთ მათი გემოვნების დახვეწაში.

მაშინ სილამაზის კონკურსი საქართველოში არსად ტარდებოდა და ჩვენ ვატარებდით. სიმღერის ფესტივალი იმერეთის მასშტაბით გავმართეთ. ჟიურის წევრებად ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე და ქუთაისის ახალგაზრდული დეპარტამენტის მაშინდელი წარმომადგენლები მოვიწვიეთ. საკმაოდ მაღალხარისხიანი ღონისძიება გამოვიდა.

ახლა ხარაგაულში გაცილებით უკეთესი პირობებია და ბევრი ააიპ-ია, რომელთაც ასეთი ღონისძიებების ორგანიზება დებულებით ევალებათ. მონდომებაა საჭირო.

-გამგებლის მოადგილედ, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდით, საკრებულოში მაღალი თანამდებობა გეკავათ. რამდენად მოსალოდნელია, რომ ისევ პოლიტიკაში გიხილოთ?

-პოლიტიკის გარეშე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. ჩემი თავი პოლიტიკისგან შორს უფრო მომწონს, ვიდრე პოლიტიკაში. ასე მირჩევნია.

-ამ ეტაპისთვის რამდენად ვალმოხდილად თვლით თავს როგორც მამა შვილების წინაშე?

-ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდე ჩემი შვილების ყოველდღიური საქმიანობა. ვთვლი, რომ მათ კიდეც ვაკონტროლებ, ვემეგობრები, ვამეცადინებ, ვეხმარები. მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად ვარ ჩართული. არასდროს ვყოფილვარ მკაცრი მამა, ყოველთვის მეგობარი ვიყავი, ზოგჯერ – დედაზე მეტადაც. უფროსი შვილი დათო მაგისტრატურას ამთავრებს და თითქმის ყოველ საღამოს ვსაუბრობთ მომავალ დღეზე – რა უფრო უკეთესი იქნება. ხან ვარიგებ, თუმცა ზოგჯერ იმდენად აღარ მიჯერებს, როგორც ადრე. თუმცა, ჩემ აზრს ყოველთვის ვუზიარებ.

-თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი მოულოდნელობა რა იყო?

-ჩემი ძმის გამოჩენა იყო ყველაზე დიდი მოულოდნელობა. სულ მინდოდა, რომ ძმა მყოლოდა. 43 წლის ისე გავხდი, რომ მხოლოდ და მყავდა. მამას გარდაცვალებიდან ერთი წლისთავზე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ბელგიიდან დამიკავშირდა ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი ძმაა. კარგად ავაწყვეთ ურთიერთობა – ისე, როგორც ძმებს შეგვეფერება. ჩემი ძმა ბელგიაში ცხოვრობს და წელიწადში ერთხელ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას. ჩემი და მეუღლით ერთხელ უკვე ესტუმრა ბელგიაში. იმედია, მეც შევძლებ ჩასვლას. საოცრად კარგი ადამიანია. მამაჩემს ჩემზე მეტად ჰგავს. ჩემი ძმის გამოჩენა მართლა დიდი მოულოდნელობა იყო. ჩემს ცხოვრებას ახალი პოზიტივი შეემატა.

-ადამიანებთან ურთიერთობაში რა მიგაჩნიათ უმთავრესად?

-დღემდე ვურთიერთობ სტუდენტობის დროინდელ მეგობრებთან. თუმცა ისეთ ადამიანებთანაც მიწევს ურთიერთობა, რომლებთანაც შინაგანი თანხვედრა არ მაქვს. საკმაოდ მყარი ფსიქიკა და მშვიდი ნერვები მაქვს. ვიცი, რომ ყველა ადამიანს აქვს დადებითი თვისება და თუ კარგს დაინახავ, მერე ურთიერთობაც გაგიადვილდება. ისეთი მტერი არ მყავს, ვისთან ურთიერთობისაც შემეშინდება, არც ისეთი შეცდომა ჩაუდენია ჩემთან ვინმეს, რისი პატიებაც არ შეიძლება.

-ვინ ითამაშა თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი?

-დედამ, – საკმაოდ მკაცრი იყო, მამისგან განსხვავებით. მე და ჩემს დას გაკვეთილები ყოველ საღამოს უნდა ჩაგვებარებია. ბევრ რამეს ვუჯერებდი და ახლაც ვუჯერებ. 50 წელს მივუახლოვდი, მაგრამ დედას ჩემზე იმხელა გავლენა აქვს, რომ დღემდე მისი სიტყვა ჩემთვის კანონია. სხვაგვარადაც რომ ვფიქრობდე, მაინც ვეთანხმები.

-თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეები რა არის?

-თუ რამე მოვინდომე, არ არსებობს, რომ არ გავაკეთო. თუ რამეს არ ვაკეთებ, ჩემი ბრალია, ხანდახან შემოძახება მჭირდება. ვიცი, რომ რასაც მოვინდომებ და გავაკეთებ, ხარისხიანი იქნება. რაღაც მომენტში სიზარმაცე მძლევს ხოლმე. თითქმის ყველა სფეროში გამოვცადე საკუთარი შესაძლებლობები. ამას, შესაძლოა, ერთი მიმართულებით განვითარება ჯობდეს, თუმცა არც ექსპერიმენტებია უსარგებლო და გაუმართლებელი.

-ბავშვობის ოცნებები სრულად აისრულეთ?

-იმის მიუხედავად, რომ რაღაც ფორმით კულტურული ღონისძიებების დაგეგმვას ვახერხებ, მაინც ვფიქრობ, რომ შოუების მოწყობაში საკუთარი შესაძლებლობები არ ამომიწურავს. ვოდევილების სტილში სპექტაკლის დადგმის სურვილი მაქვს. მინდა ფილმის გადაღებაც. ამ ოცნებებს აუცილებლად ავისრულებ.

-ცხოვრებაში ყველაზე დიდ წარმატებად რა მიგაჩნიათ?

-შვილები. დათოს სამსახურში ყოველ წელს აწინაურებენ. ნინიკოც კარგად სწავლობს. ჯერ მუშაობის დაწყებაზე არ ფიქრობს, რომ უნივერსიტეტში სწავლაში ხელი არ შეეშალოს. თეოც ყოჩაღია. შვილების წარმატება ჩემი წარმატებაა.

-თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი მიზანი რა არის?

-ისე შევეჩვიე ხარაგაულში ცხოვრებას, აქედან წასვლა ვერ წარმომიდგენია. ახლა რომ ვუყურებ, როგორ იცლება ხარაგაული, შიში მიპყრობს, – რა იქნება ოცი წლის შემდეგ. ჩემი მიზანი და დიდი სურვილია, რომ ახალგაზრდები ხარაგაულში დაბრუნდნენ; თბილისსა და სხვა ქალაქებში წასული ოჯახები რეგიონებში ჩამოვიდნენ. გასული საუკუნის 90-იან წლებში მძიმე სოციალური პირობები გვქონდა და ხარაგაულში სიცოცხლე ჩქეფდა. დღეს სერიოზული პროგრესია იმასთან შედარებით, რაც იყო – საბავშვო ბაღები შენდება, გზები იგება. ამის პარალელურად კი სოფლები იცლება. შიში მიპყრობს, რომ გავა წლები და ვაითუ მხოლოდ მოხუცები დავრჩეთ ხარაგაულში, ახალგაზრდები კი მარტო დასასვენებლად ჩამოვიდნენ.

-როგორ უნდა შეჩერდეს მიგრაცია?

-მე რომ მაგის ფორმულა ვიცოდე… ხელისუფლება ინფრასტრუქტურას ყოველწლიურად აწესრიგებს, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ამით სოფელში ახალგაზრდას ვერ დააკავებ. ალბათ სხვა, გლობალური მიდგომაა საჭირო, მსოფლიოს სხვა ქვეყნების გამოცდილებიდანაც უნდა ვისწავლოთ. რეგიონებში დიდი საწარმოები უნდა გადმოიტანონ. ხელფასები აქ დასაქმებულებს უფრო მეტი უნდა ჰქონდეთ. ჯერჯერობით, მხოლოდ ჰაერი, ბუნება და გარემო გვაქვს კარგი. ოჯახის რჩენა რთულია. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გამოძებნოს სხვადასხვა გზები, რომ ახალგაზრდებისთვის ხარაგაულსა და მსგავს მუნიციპალიტეტებში ცხოვრება მიმზიდველი, პერსპექტიული და საინტერესო გახდეს.

ნინო კაპანაძე

გთავაზობთ ლექსს კრებულიდან „ყავაზე მისაყოლებელი ამბები“

ხვალ!
ამ ბოლო დროს ისეთია ირგვლივ განცდა,
თითქოს ერი დაიღალა, გაზარმაცდა,
რომ იჩენდა გმირობას და თავდადებას,
მიეჩვია ხვალისათვის გადადებას,

წახდენილზე რადგან გული ებზარება,
ხვალ მიხედავს, დღეს… რატომღაც ეზარება,
დღეს არა და ხვალ, იმდენად გამარჯვდება,
ციბრუტივით იტრიალებს, არც დაჯდება.

არ ეტევა ტანსაცმელი რადგან ტანზე,
დღეს არა და ხვალ დადგება დიეტაზე,
დღეს ბოლოჯერ ყლაპავს კვამლს და უძლებს რეტსაც,
ხვალიდან ხომ თავს ანებებს სიგარეტსაც!

ყანწს დაცლის და ხარივით რო ქაჩავს თვალებს,
დღეს ბოლოა, ხვალიდან წვეთს აღარ დალევს!
ასე დონდლო რომ არ აწყობს არც გვარს, არც ჯიშს,
დღეს რაღაა, ხვალ დილიდან იწყებს ვარჯიშს!

პირველივე, ღმერთის შექმნილს, უთქვამს ადამს,
– დღევანდელი კვერცხი სჯობსო ხვალის ქათამს!
შეელია ნეკნს და იმ დღეს, შექმნეს ევა,
რადგან „ხვალ“, „ზეგ“, მიზეზი არ დაელევა,

და რომ უფალს არ ეჩქარა ამისათვის,
ევას შექმნა გადაედო ხვალისათვის,
საქმეს თავს „ხვალ“ ახლებურად გაართმევდა,
ნეკნის გარდა სხვა რამესაც წაგვართმევდა!

ღმერთო, რადგან შეგვინდე და არ გაგვწირე,
გაბრწყინების კვლავ გვაქვს შანსი, მაგრამ მცირე,
ყველამ დღესვე მოვინდომოთ, თავი დავდოთ,
რომ ხვალისთვის არაფერი არ გადავდოთ!

ვინც ამ ლექსში თავი იცნო, ვამბობ მათთვის,
დღეს ეს იყოს… გავაგრძელებ ხვალისათვის!

მამუკა ჭიპაშვილი

ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ:
„ერთხელ, სუფრაზე“
„გმირები“
„დროა ასეთი“
„ისევ ჩამოვლენ“
„ყავაზე მისაყოლებელი ამბები“
„უღელი“