კრებულში შესულია ავტორის პოეტური, პროზაული ნაწარმოებები და გაფორმებულია მისივე ნახატებით.

შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ ავტორს და გთავაზობთ ლექსს მამუკა ჭიპაშვილის ახალგამოცემული წიგნიდან.

უღელი
თიხის სასმისები ბოლომდე დაილია,
ღვინის „ლომკაცებმა“ სუფრა გაახურეს,
მერე ყველაფერი ნელ-ნელა აირია,
უცხო ქალბატონიც თვალებს აფახურებს.

მისი შემოხედვა სამჯერ დავიჭირე,
როცა მის მზერაში „მაცდურიც“ გაერია,
ბეჭდიან თითზე ხელი დავიჭირე
ეტყობა, საქმეში ღვინოც ჩაერია… და…

მერე… სილამაზე თანდათან მაოცებდა,
რაც აქამდე იყო, მინდა არ მახსოვდეს,
ლექსი მივუძღვენი, ხელზე ვაკოცე და
ისე ავცუნდრუკდი, როგორც არასოდეს.

…მერე ისევ ღვინო, ლექსები, სანთელი,
შევყურებ მის სახეს ლამაზს და ვნებიანს,
მერე ტყუილების კორიანტელი, –
რომ ასე ქალი არ შემყვარებია.

ბოლოს მარტო დავრჩით, გონება დამებინდა,
მოსაფიქრებლად დრო აღარ მრჩება,
ხელებს ჩემსკენ იწვდის ღია კარებიდან,
წამიც და კარის ზღურბლიც უკან დამრჩება.

ფეხი წინ გადავდგი, წელში გავიმართე,
უცებ წავბორძიკდი, ღვინო მაქიანებს,
თითქოს კარებს შუა უღლით გავიხლართე, –
…მეუღლის ზარია, – წუხს, რომ ვაგვიანებ.

ბევრი არ დალიო, მოგკლავს გოდებაო,
რით ვეღარ ისწავლეთ, თავს რომ უშველოთო,
ბავშვს არ ეძინება, შენ გელოდებაო,
არ დააგვიანო, გვიჭირს უშენოდო.

თითქოს ურო ჩამცხეს… მოვფხიზლდი იმწამსვე,
ვხარობ, თუმც ვერ ვხდები, რა მიხარია,
სასწრაფოდ დავეშვი დედამიწაზე
პარაშუტიც კი არ მიხმარია.

რამ ამაცუნდრუკა, – ჩემს თავს გავუწყერი,
მერე გამოსავალს ვეძებ ფიქრებიდან,
„ლაბასაც“ ედგა კეფაზე უღელი,
მაგრამ ყოველ ღამით ახსნიდნენ კისრიდან.

…ოთახში შევედი, არავის ეძინა,
მე მელოდებოდნენ დალოცვილები,
ნასვამი მოხვედიო, – ცოტათი ეწყინათ,
გულში ჩავიკარი ცოლი და შვილები.

ცრემლები მომადგა, აზრებსაც ვერ ვაბამ,
მსურს სევდა გულში დამახრჩობია,
ჩემი უღელი შენსაზე „ლაბავ“,
მძიმეა, თუმცა ყველას სჯობია.

2009 წ.
შექმნილია ლიტერატურულ კონკურსზე „ოდეონი“

is,-rasac-ver-mochli