ეძღვნება ხარაგაულელი გიორგი (გია) ლურსმანაშვილის ხსოვნას, რომელმაც 22 წლის ასაკში გმირულად დაასრულა სიცოცხლე აფხაზეთის მიწაზე.

გია 2018 წლის 6 მაისს 47 წლისა შესრულდებოდა…

ნაწარმოები შექმნილია ნამდვილ ამბებზე დაყრდნობით.

-ამას ვის ხედავს ჩემი თვალები, შენ ხარ, თუ მეჩვენება ნეტა, რახან ცოცხალს და საღსალამათს გხედავ, რაღა მიჭირს! – გულში იხუტებდა ლაშა აფხაზეთიდან დროებით ჩამოსულ მეომარ კლასელს.

– ისე, ომი მოგხდენია, ბიჭო, დავაჟკაცებულხარ. ჰაა, რა ქენი, მოასარგალე მტერი თუ დარჩა კიდე? -შეაჯანჯღარა და კიდევ უფრო მაგრად ჩაიკრა გულში მონატრებული მეგობარი.

– კაი, კაცო, ნუ გამგუდე, ამომასუნთქე! – თავის დახსნას ცდილობს გია.
– თქვენ რას შვრებით, რავა ხართ, რა ხდება აქეთ?

– რა ხდება და… მე ახლა გავიქცევი, სამწვადეს დავითრევ და კიდე რაღაცებს, ერთი მაგარი ადგილი ვიცი ბუნებაში, ჩავუჯდეთ, კოცონი დავანთოთ, მწვადი ავაშიშხინოთ, კარავი გავშალოთ, თითო გადავკრათ და იქ მოგიყვები აქაურ ამბებს!

– დამცინი ეტყობა შენ, ერთი წელია ტყეში და კოცონთან ვათენებ და ვაღამებ და შენ კიდე მანდ მეპატიჟები?! მწვანე ფერზე ალერგია მაქვს. ბუნება კი არა, სკამი და მაგიდა მაქვს მონატრებული; კარავი კი არა, სუფთა თეთრეული და საწოლი მენატრება. სადმე, სადაც გინდა, თუნდაც ყველაზე ცუდ სასადილოში წავიდეთ, ოღონდ სასადილოში!

– არის, შევასრულო თქვენი ბრძანება, არტილერისტო ლურსმანაშვილო! – „ჩესტი“ აუღო ლაშამ და უახლოესი სასადილოსაკენ გაუძღვა მონატრებულ მეგობარს.


– მოდი, ამ სასმისით, მშვიდობით შენს დაბრუნებას გაუმარჯოს. იმედია, ახლა მაინც მოუხმობ ჭკუას და აღარ წახვალ საომრად!

გიამ თავი ჩაღუნა და ჩაფიქრდა. სიგარეტს მოუკიდა, ლაშასაც შესთავაზა. სიჩუმე კარგა ხანს გაგრძელდა… მერე სასმისს ხელი დაავლო, სწრაფად გადახუხა და ლაშას გახედა.

– ორ დღეში უკან ვბრუნდები!

– სად უკან ბრუნდები, ბიჭო, გადაირიე?! გაანებე ამ ომობანას და გმირობანას თამაშს თავი. დედაშენი და შენი ძმები ნერვიულობისაგან აღარ არიან. ხო იომე აქამდე, გეყოფა აწი, გაიგე?! – ხმამაღალი საუბრით ცდილობდა გიას დაყოლიებას ლაშა.

…ისევ სიჩუმე ჩამოვარდა… გია დაელოდა კლასელის დაწყნარებას. მერე დინჯად თავი ასწია, მეგობარს თვალებში ჩახედა და…

– რას გეტყვი იცი, ჩემო ლაშა? მეგობრებს სამარგელში არ მიატოვებს კაცი და იქ, ომში, ახალი ძმები შევიძინე, ჩემთან ერთად ტყვიას უშვერენ მკერდს. რამდენჯერ სიკვდილსაც გადამარჩინეს. ზოგი მათგანი დაიღუპა და ახლა რას მეუბნები შენ, რომ ისინი მივატოვო და მე სახლში მშვიდად წამოვუწვე?…

უკვე მესამედ დადუმდნენ ბიჭები… კიდევ ერთხელ გაეხვივნენ სიგარეტის კვამლში. ამ თემაზე კიდევ რაიმეს თქმამ აზრი დაკარგა. ლაშას თითქოს შერცხვა კიდეც, მეგობარს დარჩენისაკენ რომ ექაჩებოდა და… ამ სირცხვილისა და უხერხულობის გამოსასწორებლად მოზრდილ სასმისს დაწვდა, პირამდე შეავსო და…

– ღმერთმა, ძმაო, სულ გამარჯვებული გატაროთ შენც და შენი ახალი მეგობრებიც!


– მოიცათ, ერთი წუთი… ასე არაფერი გამოვა. ყველა ერთად ნუ ყაყანებთ, ხმები დავაწყოთ, მე პირველს დავიწყებ, შენ და შენ იტყვით მეორეს, დანარჩებები კიდე ბანს, გასაგებია?

– გავიგეთ, ამან რომელი თქვას? – ხელი გაიშვირეს გიასკენ, რომელიც მებრძოლი მეგობრების სიმღერის გაკვეთილს ბოიკოტს უცხადებდა და ჯერ კიდევ უმწიფარ, მწვანე და მჟავე მანდარინს შეექცეოდა.

– მოკვდები, შე უბედურო. თუ სიკვდილი გინდა, ადექი და ტყვიას შეუშვირე თავი, რაღა ამ მჟავე მანდარინს აკვლევინებ თავს. რაც ომი დაიწყო, ათი ტონა მაინც გექნება შეჭმული. ომი რო დამთავრდება, მაგას დაგიანგარიშებენ, ძამია, და გაგაყიდიებენ სახლ-კარს!

– ამოკალული აქ, მე მგონი, კუჭი ამ კაცს!
– მიტო შეარქვა გელამ ციტრუსა, ზედგამოჭრილია მაგაზე!
– თქვენ სიმღერას მიხედეთ თქვენ! – აუღელვებლად გააგრძელა მანდარინის დაგემოვნება გიამ!
– ზაზა, ეს გია წითელი კვერცხია, რო არ მღერის?
– უთხარი, რო იმღეროს, თუ არა, მაშინ, არც ჩვენ ვიმღერებთ!

– რამდენჯერ გითხრათ, არ ვიცი-თქო, ვაა!
– სკოლაში სიმღერას სულ არ გასწავლიდნენ?
– კი ასწავლიდნენ, მარა ეტყობა ეს აცდენდა!
– მიდი, სცადე და გამოგივა, რა უნდა მაგას, შავლეეგ შენიი… შაავი ჩოხაა, შავლეგოოო… – არ ეშვებიან გიას.
– კაცო, შემეშვით, არ მაქ სმენა და მორჩა!

– ბიჭო, ოოო მაინც თქვი, ბანიც არ შეგიძლია?
– რას გადამეკიდეთ, კაცო, ცხოვრებაში არ მიმღერია და რაღა ამ ომის დროს უნდა ამამღეროთ?
– ეე, თუ ჩაგიგდეს ხელში აფხაზებმა, ნახავ როგორ ამღერდები!
– ფეხები არ მომჭამონ ძირში!

– არ დაგიჭირონ, თუ არა, ფეხებს კი არ მოგჭამენ, მაგ ფეხებით დაგკიდებენ!.. მაინც სად ისწავლა ამ უპატრონომ ასეთი სროლა, ტყვიას ტყვიაში აჯენს!

– სად ისწავლა და სოფელში, ჩიტებს დასდევდა თურმე ბავშვობაში ლაკარტკით! – ცდილობენ ააგდონ გია.
– კაცო, თქვენ ჩემს მეტი საღადავო ვერავინ ნახეთ?
– იმღერე ჩვენთან ერთად და შეგეშვებით!
– არ ვიცი ეს სიმღერა-თქო, ყრუ ვარ, უსმენო და უნიჭო, რამდენჯერ უნდა გითხრათ, ბიჭოს! – გაცხარდა გია.

– კაი, შევეშვათ, ჩვენ ვიმღეროთ და მაგას ქეც გასკდომია მუცელი მაგ მკვახე მანდარინის ჭამით, აპაა, როგორც ვთქვით, ერთი, ორი და სამი, წავიდა…

შავლეეგ, შენიი შავი ჩოხაა, ჩავლეგოოო…
სისხლშიი გაგიი – ხამებია… შავლეგოოო…


მეორე დღეა, რაც ბრძოლაში ჩართულმა მხარეებმა ათდღიანი შეთანხმება გამოაცხადეს ორმხრივად ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ცოტათი ამოისუნთქეს ბიჭებმა. სოფელ კინდღის მისადგომთან, ბოლნისის ბატალიონის თხუთმეტკაციანი ჯგუფია დაბანაკებული…

– აღარ შეიწვა კარტოფილი?! გახმა კუჭი!
– აცადე ცოტა, ახლა გაღვივდა ნაკვერჩხალი!

შორიახლოს სამხედრო მანქანის ხმა გაისმა. ბიჭებმა, ყოველი შემთხვევისთვის, იარაღი საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანეს და ჩასაფრდნენ…

– დაწყნარდით, ჩვენები არიან!
– ბიჭებს გაუმარჯოთ!
– გაგიმარჯოთ, საით ძმებო?
– სოფლის ბოლოს მივდივართ, იქ ჩვენი ბატალიონია და ცოტაოდენი ტყვია-წამალი მიგვაქვს!
– ჩამოდით ცოტა ხნით, შეისვენეთ, წაივახშმეთ ჩვენთან ერთად, მაგარი ჭაჭა გვაქვს!
– ვერა, ძმებო, ვერ დავლევთ!
– რატო კაცო, სიმთვრალეზე „პრავის“ ჩამორთმევის ხომ არ გეშინიათ?
– არა, კაცო, ეს დასაწვავი უკანა ბორბალი იშვებს და მისვლა უნდა მოვასწროთ!

ბიჭებმა თითქოს გადაამოწმეს მძღოლის ნათქვამი, უკანა საბურავს მიუახლოვდნენ და დააკვირდნენ, კახამ ყურიც მიადო, ჰაერის გამოსვლის ხმა თუ ისმისო…

– ცოტათი გამოდის, საგანგაშო არაფერია. ათი-თხუთმეტი წუთი არაფერს გიწყვიტავთ. ისეთი ორნახადი არაყი გვაქვს, თუ გაჭირდა, პირით დაგაბერინებთ მაგ ბორბალს!

– კაი, ვაჟა, ჩავიდეთ, ნუ ვაწყენინებთ, ოღონდ მარტო რამდენიმე ჭიქა! – დანებება ურჩია „ურალის“ ორმოც წელს გადაცილებულ მძღოლს კაბინაში გვერდით მჯდომმა თენგომ.


– აბა, ბიჭებო, ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს, ღმერთმა მშვიდობიანად დაგვაბრუნოს ოჯახებში!

– გაგვიმარჯოს, ძმებო. გია, შენ რატომ არ სვამ, კიდევ ცუდი სიზმარი ხომ არ დაგესიზმრა, ბიჭო? – ორმა ჭიქამ ცუღლუტობის ხასიათზე მოიყვანა გოჩა.

– კიდე რაო, ადრეც დაესიზმრა თუ?! – დაინტერესდა „ურალის“ ახლადგაცნობილი მძღოლი, რომელმაც  შემწვარი კარტოფილის გაფცქვნა დროებით შეაჩერა.

ირგვლივ მყოფებმა გაიცინეს… გიასაც გაეღიმა და გოჩას მუჯლუგუნი გაკრა.

– რამდენჯერ უნდა იღადავოთ ერთი და იგივე ამბავზე?

– რამდენჯერაც მოგვინდება, ციტრუს, იმდენჯერ მოვყვებით, – მოკლედ, – სიცილნარევი ხმით დაიწყო მოყოლა გოჩამ, – ერთი კვირის წინ, ჩვენს გიას შეშფოთებულს გამოეღვიძა და მეუბნება, – ცუდი სიზმარი ვნახე და სასწრაფოდ უნდა დამარეკინოთ დედასთანო. მე ვუთხარი, ხო არ გადაირიე, კაცო, რა დროს დედა და სიზმარია, შეტევაზე გადასვლის ბრძანებას ველოდებით წუთი-წუთზე-თქო… მოკლედ, დაიჟინა, – თუ არ წამომყვებით, მარტო წავალო.

რაღას ვიზამდით, მივატოვეთ პოსტი და ექვსი კაცი ბეტეერით წავყევით ტელეგრაფში. ტელეგრაფისტმა ორი საათი იწვალა და როგორც იქნა დაიძახა, – უპასუხეთ ვინმემო. მივარდა გია ყურმილს გიჟივით და… – ალო, დედა შენ ხარო? – კი, შვილო მე ვარო! – გვესმის იქედან, – ჩემი ცხენი რავა არისო, – კარგადო, უპასუხეს, – კაი მაშინო, უთხრა გიამ და გაუთიშა. ჩვენ, ექვსი კაცი მივშტერებივართ გაოგნებულები, თვითონ კიდე, ბედნიერი სახით, – მოვრჩი ბიჭებო, წავედითო!

– მოვრჩი და წავედითო?… ცხენი იკითხა მარტო?… – წამით კარტოფილის ჭამა შეაჩერა მძღოლმა და გიას გახედა. მერე, უცებ… გულიანად გადაიხარხარა, არც ბიჭები ჩამორჩნენ…

– ხოო, იცინეთ, იცინეთ და ის ჩემი ცხენი ბარეორს გჯობიათ თქვენ!

ხარხარმა იმატა… იცინოდა გიაც…
– მაგ კი არა, ამას წინათ, ორი დღით იყო წასული და არ გაინტერესებთ რა ჩაიტანა აქედან სახლში?
– რაა?
– რა და ცხენის უნაგირი! – ცრემლები სდის სიცილისაგან კახას.

– უნაგირი? აქედან უნაგირი ათრიე, ბიძია?.. რა ცხენი გყავს ასეთი, მაკედონელის ბუცეფალის შთამომავალია თუ კალიგულამ რომ სენატორად გამოაცხადა, იმისია რამე?! – ისტორიის ცოდნა გამოამჟღავნა „ურალის“ მძღოლმა და აქაოდა არ ეწყინოსო, შვილისტოლა გია გულში მაგრად ჩაიკრა.

– გაიხარე ბიძია, მაგარი კაცი ყოფილხარ შენ. თუ მშვიდობა იქნა, ომი რომ დამთავრდება, ჩამოგაკითხავ სოფელში და ერთ მანქანა ქერს ჩამოგიტან მაგ შენი „ბუცეფალისთვის“!

სიცილი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდა. იცინოდა ყველა. იცინოდა გიაც… საოცარი საღამო იყო…


– ჩვენი წასვლის დროა. მგონი, მეორე ბორბალიც იშვებს. იმედია, ამდენი სიცილი ცუდად არ აგვიხდება და დროზე მივაღწევთ ჩვენებამდე!

– აბა, მშვიდობით იმგზავრეთ, სოფელზე მაინც ნუ წახვალთ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. აი, ასე, ქვემოდან გადით, ეს ნეიტრალური ტერიტორიაა და ნაკლებად სახიფათოა!

– ვიცით, ძმებო, ბევრჯერ ვართ ამ გზებზე ნამყოფი!…
– მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა!


მეორე დღეს ბოლნისის ბატალიონის ბიჭებს შეტყობინება მოუვიდათ, – სოფელ კინდღის გზატკეცილზე, ცენტრიდან ოთხ-ხუთ კილომეტრში, ქართული ჯარის კუთვნილი საბურავებდაშვებული „ურალი“ იმყოფება, გევალებათ აღნიშნული ტექნიკის დაუყოვნებლივ უკან გამოყვანა!

– ნეტა რა მოხდა გუშინ, ვაჟას და თენგოს ხომ არაფერი შეემთხვათ? – გააცივა ტანში ფრიდონს და ჩაფიქრდა.

– კაი, დაწყნარდით, საბურავები აქავე ეშვებოდა იმ მანქანას, ეტყობა… – ისეთი არადამაჯერებელი ტონით თქვა ზაზამ, რომ ეტყობოდა, თვითონაც არ სჯეროდა ამ ვერსიის და იმედს ეჭიდებოდა.

– დროზე უნდა წავიდეთ, მოემზადეთ… კახა და გოჩა წინ წავლენ და ადგილს დაზვერავენ. მერე ჩვენ მივყვებით უკან და ბოლოს სერგო და გელა წამოვლენ ბეტეერით. ტროსი არ დაგავიწყდეთ… თუ მშვიდობა იქნა, საღამომდე უნდა მოვათრიოთ უკან „ურალი“. იარაღი და ტყვია-წამალია „კუზაოზე“ და აფხაზებმა არ უნდა მოგვასწრონ, …თუ უკვე არ მოგვასწრეს!

– „ურალიც“ და ტყვია-წამალიც წყალს წაუღია. ნეტა, ღმერთო, ვაჟა და თენგო იყვნენ ცოცხლები!


…სამასამდე მეტრით დაწინაურდნენ კახა და გოჩა… ფრთხილობენ… უჩუმრად გადაადგილდებიან… დანარჩენები უკან მიყვებიან იარაღმომარჯვებულები. დაახლოებით ორი საათი იარეს. ირგვლივ საეჭვო არაფერი ჩანს… ეს აღმართიც მორჩა და… დაბლა, ას-ასოც მეტრში ბორბლებდაშვებული მანქანაც გამოჩნდა. არემარე მოათვალიერეს… ჩავარდნილი ადგილია… ირგვლივ ორი მომცრო ბორცვის, რამოდენიმე ჩირგვისა და ერთი ნახევრადგამხმარი, ბებერი მუხის გარდა არაფერია. ჩამი-ჩუმი არ ისმის… ღრუბელი წამოვიდა და ჩამობნელდა, წვიმას აპირებს… წვიმაში უფრო გაჭირდება… უნდა ვიჩქაროთ… მზვერავები მანქანას უახლოვდებიან…

– დაშვებული ბორბლებით ამ აღმართის ამოვლა თუ შეძლო, ამ ვაკე გზაზე რა ჯანდაბა დაემართებოდა ნეტა, მახე არ იყოს! – ეჭვი შეეპარა აღმართის თავზე მდგარ გიას და ფრთხილად განაგრძო მიდამოს თვალიერება.

– რა მახე, დაგავიწყდა ცეცხლის შეწყვეტაზე რომ შეთანხმდნენ?
– ხოო, არ დაურღვევით ჯერ!
– რა გინდა, კაცო, ნუ „პანიკობ“, დაღუნე თავი და იარე ფრთხილად!

…მზვერავებმა ნიშანი მისცეს…
– მშვიდობა ჩანს!
– კიი, მშვიდობა უნდა იყოს… წამოვიდეს ბეტეერიც!

…ნელ-ნელა უახლოვდებიან დაზიანებულ მანქანას… მოშინაურდნენ… მანქანას კაპოტი ახადეს… ტროსი გაშალეს… ბეტეერიც მოახლოვდა…

– „ზადნით“ ჩავაბათ, უფრო ადვილად გავათრევთ… ეე, მასე… ცოტა კიდევ გადაუჭირე და ეყოფა… კარგია, ახლა მეორე მხარეს და მორჩა. ერთმა საჭეს მიხედოს, ვიჩქაროთ, თუ არა, წვიმდება…

…და ის იყო, ტროსის მეორე ბოლო „ურალის“ კაუჭს გამოსდეს, რომ ცამ დაიგრუხუნა და თითქოს ამ ნიშანს ელოდნენო, ოთხივე მხრიდან ცეცხლი გაიხსნა!

– ვახ, ამათი დედაც, ალყაში ვართ… დაწექით, შემოგვიტყუეს ამ ახვრებმა! – ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო კახამ, რომ ავტომატის ჯერმა გულ-მკერდი დაუფლითა ყმაწვილს…

– ბეტეერს, ბეტეერს ამოეფარეთ, ბიჭებო!… როგორღაც უნდა გავაღწიოთ… უკან დახევას ცდილობენ ბიჭები… კიდევ უფრო ჩამობნელდა, ელვამ ცა გაანათა, სადღაც მეხიც გავარდა. თუმცა გრუხუნი ხელყუმბარის აფეთქების ხმამ გადაფარა და ბეტეერი ცეცხლის ალში გახვია…

– იქნებ ერთი მხარე გავარღვიოთ! – ყვირის გოჩა… მომყევით… ფეხზე დგება და ცდილობს ავტომატის ჯერით ალყა გაარღვიოს… სამი ნაბიჯი და… ტყვია ფეხში მოხვდა… წაიმუხლა… წონასწორობის შეკავებას ცდილობს… კიდევ ერთი ნაბიჯი და… ამჯერად ცხელი ტყვია ყელში ხვდება და მიწაზე ანარცხებს…

გამგელდნენ ბიჭები… არ აპირებენ ასე ადვილად დანებებას…

ჯერ კიდევ მსუნთქავ, სისხლში ამოსვრილ გოჩას სხეულს ლადო ცალი ხელით ექაჩება. უნდა, რომ მანქანამდე მოახოხოს…

„ლიმონკა“ ორიოდ მეტრში ფეთქდება და… მიწა და ლადოს დაფლეთილი ნაწილები ჰაერში ერთმანეთს ერევიან…

– ზაზა, ტყვიები მელევა, ბიჭო, გადმომიგდე „რაჟოკი“, მასე… ხელი წაიღო გიამ ავტომატის მჭიდისაკენ, მაგრამ… სადღა მიჰყვება ხელი… მეორე ხელით სცადა. მეორეც მომსხვრეული აქვს… ზაზა, ზაზა, ოხ, ამათი… ხელებს ვეღარ ვგრძნობ, ბიჭო, ვაიმე დედა… ზაზა, არ დამტოვო, თუ ჩემი ძმა ხარ, მესროლე, მესროლე, დედას გაფიცებ. აქამდე სიკვდილის მეშინოდა და ახლა სიცოცხლის მეშინია. მესროლე, თუ გიყვარვარ, მესროლე, დედას გაფიცებ, ზაზა!

…ზაზას უკვე აღარ ესმოდა გიას ხვეწნა-მუდარა. ახლადგაჩენილ გუბეში გულაღმა გაწოლილიყო  გაუნძრევლად… გუბეში, რომელსაც ყველა მხრიდან, წვიმის ნაკადთან ერთად, ბიჭების დაღვრილი სისხლის ნაკადები უერთდებოდა…

სროლა მინელდა… გიამ მანქანის ქვემოდან გაიხედა. ძალა თითქმის გამოცლოდა. მთელი სხეული სისხლში ჰქონდა ამოვლებული. კიდევ ცოტა ხანი და მოვლენ… მოვლენ და… არა, არ უნდა ჩავბარდე… არა, უნდა ვეცადო… უნდა მოვინდომო… მთავარია, სროლა არ შეწყვიტონ… ვიცი, რომ გამომივა… ბოლო შანსი მაქვს, რომ გამომივიდეს… აკი, მეუბნებოდნენ ბიჭებიც, გამოგივაო… არ მომატყუებდნენ… გამომივა, აუცილებლად გამომივა… ძალა მოიკრიბა და…

– შავლეგ, შენი შავი ჩოხაა, შავლეგოოო… – საოცარი ხმით ამღერდა, ბიჭებსაც რომ შეშურდებოდათ, ისეთი ხმით… გათამამდა… თვალები მოხუჭა და…

– სისხლში გაგიხამებია, შავლეგოოოო… – კიდევ უფრო ხავერდოვნად და გულში ჩამწვდომად გამოუვიდა…

მაისის შხაპუნა წვიმას ტყვიების წვიმა შეუერთდა… ტკივილმა ხელებიდან ფეხებისაკენ გადაინაცვლა…

– ყაწიმები გიხდებოდა… შავლეგოოოო…

ტყვიამ მხარში გაიარა…
შავლეგ… შენიი… შავი ჩოხა… კიდევ ათამდე ტყვიამ მოძებნა გიას სხეული…

შავლეგ…


სამი დღე და ღამე იწვნენ სოფელ კინდღის შუაგულში ჩვენი ბიჭები. მხოლოდ მეოთხე დღეს მოხერხდა მათი ცხედრების გამოტანა და უახლოეს მორგში გადასვენება…

…კიდევ ორი დღის შემდეგ, მორგიდან ცხედრების გამოტანის დროს, ერთი სასწაული მოხდა, – ზაზას სხეული, რომელსაც ოცდაათამდე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, შეირხა!

P.S. ეს ამბავი 1993 წლის მაისში მოხდა. ზუსტად 25 წლის შემდეგ, 2018 წლის მარტში, გიორგი (გია) ლურსმანაშვილი ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ეს საამაყო ამბავი გიას ძმას ომის მეგობარმა, ზაზამ, აცნობა; იმ ზაზამ, სასწაულის წყალობით რომ გადაურჩა სიკვდილს. ეს ისტორიებიც მისი მონათხრობებიდან გავაცოცხლე…

მამუკა ჭიპაშვილი