„ყავაზე მისაყოლებელი ამბები“ – ასე უწოდა მამუკა ჭიპაშვილმა ახალ, რიგით მეორე კრებულს, რომლის პრეზენტაციაც ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა. კრებულში შესულია ნოველები, მოთხრობები, ავტორის კარიკატურებით გაფორმებული საბავშვო და იუმორისტული ლექსები, ფელეტონები.
პრეზენტაციაზე ირინე ჩხეიძემ, ბათუ კიკნაძემ, ნიკო მაჭავარიანმა, ვალერი გოგნაძემ, ლუიზა კიკნაძემ და დათო ჩადუნელმა მამუკა ჭიპაშვილის ნაწარმოებები წაიკითხეს. შეკრებილთა წინაშე მისივე საბავშვო ლექსით ანამარია კურტანიძე წარდგა. ნიკო წიკლაურმა ახალგამოცემული კრებულის ავტორს ექსპრომტად ლექსი მიუძღვნა.
-მამუკამ გამაფრთხილა, არ შემაქოთო, – ამცნო შეკრებილთ შეხვედრის ორგანიზატორმა, ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, – ამიტომ უბრალოდ ვიტყვი – ის ჩემი მეგობარია. ჩემს ყოველ რეჟისორულ ჩანაფიქრსა და სცენარს პირველად მამუკას ვაცნობ. ძალიან ნიჭიერია, წლების განმავლობაში ხარაგაულის ახალგაზრდობას ლიდერობდა. არაერთი სიახლე დანერგა და ხარაგაულში დღესაც ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს.
-მამუკა ჭიპაშვილის ნაწარმოებებში მხოლოდ სატირა და იუმორი კი არა, ბევრი სიბრძნე და ჩასაფიქრებელი აზრია. ვიქტორ ჰიუგო ამბობს – ზოგი იმის გამოა დასაფასებელი, რომ კარგად წერს და ზოგი იმის გამო, რომ საერთოდ არ წერსო. მამუკამ ძალიან ბევრი უნდა წეროს. ეს ყავაზე კი არა, ხშირად წასაკითხი ნაწარმოებებია, – აღნიშნა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ.
ნიკო წიკლაური: -მამუკა ჭიპაშვილმა რამდენიმე სამსახური გამოიცვალა და თავი არსად შეურცხვენია. მისმა განვლილმა გზამ ამ ექსპრომტის შექმნა მიკარნახა:
მრავალ სფეროში ნაღვაწი
კაცი ხარ უნიკალური,
ბევრჯერ იწვნიე შენს თავზე
ცვლილება რადიკალური.
არ დაგიკარგავს იმედი,
არ დაგიყრია ფარ-ხმალი,
მშვიდად დაძლიე ბოროტი,
რადგან ხარ ალალმართალი.
მარტო ის, „რასაც ვერ მოშლი“
შენი კაცობის სარკეა,
ყავაზე მისაყოლებლად ამბები
სიბრძნით სავსეა.
ღმერთმა მართალ გზით გატაროს
ასეთი ნიჭის მფლობელი,
ლამაზ ცხოვრებით გეცხოვროს,
ჯილდოდ მიგეღოს ნობელი.
-საოცრად პოზიტიური ადამიანია. ერთი შეხედვით რთულ საკითხებს მარტივად და კრეატიულად წყვეტს. მისგან სასარგებლო და პრაქტიკულ რჩევებს გაიზიარებ. მამუკასთან შეხვედრა და ურთიერთობა სიხარულს გვანიჭებს. ასეთ ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ, – აღნიშნა შეხვედრაზე ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ თავმჯდომარე ხათუნა მანჯავიძემ.
-საოცრად მახვილი თვალი აქვს და კარგი კარიკატურისტია. მახსოვს, გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ ერთ-ერთი საახალწლო ნომრის პირველი გვერდზე – „საახალწლო ნაძვის ხე ხარაგაულში“ – როგორ ნიჭიერად და მიგნებულად დახატა. მისგან შექმნილი ასეთი არა ერთი და ორი გვიხილავს. საუკეთესო თვისებით, თავმდაბლობით გამოირჩევა, – ბრძანა შეხვედრაზე ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა ეკა შველიძემ.
„შესანიშნავი ნაწარმოებები იბეჭდება თქვენს გაზეთში. მიხარია, დიდი მგოსნის, ვაჟა-ფშაველას, მიმდევრები რომ გამოჩნდებიან ხოლმე სამწერლო ასპარეზზე – უსულო საგნებს რომ სულს ჩაბერავენ – მეგრულ აჯიკას, ტორტს, კახურ ღვინოს… დაუთმეთ გზა ახალ პროზაიკოსებს,“ – გოგი ჯღამაძის რედაქციისადმი მოწერილი ეს ბარათი, რომელშიც მამუკა ჭიპაშვილის ნოველა „ერთხელ სუფრაზეა“ საუბარი, შეკრებილთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორმა ლაურა გოგოლაძემ გააცნო და „რადიო თავისუფლების“ ათი წლის წინანდელი პროექტი „რეგიონული მედიის მიმოხილვა“ გაიხსენა. ერთ-ერთ ასეთ მიმოხილვაში ჟურნალისტმა ია ანთაძემ რადიოს მსმენელთა ყურადღება სამაჩაბლოს კონფლიქტზე მამუკა ჭიპაშვილისგან შექმნილ ნოველაზე „ერთი სისხლი“ გაამახვილა; მიუხედავად იმისა, რომ „რადიო თავისუფლების“ ეს პროექტი არა ლიტერატურული ნაწარმოებების, არამედ საქართველოს რეგიონების მნიშვნელოვანი ახალი ამბების გაშუქებას ეძღვნებოდა.
ვიდრე საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრებდა, მამუკა ჭიპაშვილმა ბავშვობის მეგობრის, ტრაგიკულად დაღუპული ვეფხვია ღონღაძის ლექსზე თამარ ავალიშვილისგან შექმნილი სიმღერის პრემიერა წარუდგინა ხარაგაულელებს ვასილ კიკნაძის, ირინე ჩხეიძის, ნიკო მაჭავარიანისა და დათო კვირიკაშვილის შესრულებით.
მამუკა საბავშვო ბაღის ასაკიდან ხატავს, განსხვავებულად წერის უნარი კი მერვე კლასში ქართული ენის გამოცდაზე თავისუფალი თემის წერისას გამოავლინა. გამოცდაზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, პედაგოგი ნელი შარიქაძე კი შემდგომ წლებში მოსწავლეებს მამუკას თემას სანიმუშოდ აჩვენებდა. მამუკამ ლიტერატურულ კონკურსზე „ოდეონი“ ზედიზედ ექვსჯერ გაიმარჯვა.
კრებული „ყავაზე მისაყოლებელი ამბები“ ოცდახუთ დღეში შექმნა, როცა სიგარეტის მოწევაზე თავი დანებების სანაცვლოდ, ლექსებისა და მოთხრობების წერის გადაწყვეტილება მიიღო.
მკითხველი მის შემოქმედებაში უეჭველად აღმოაჩენს საკუთარ თავს თუ არა, ნაცნობ და ახლობელ გარემოებებს მაინც. საზოგადოება მისგან მომავალშიც გამორჩეულ პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებს ელოდება.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე იხილეთ:
გამოიცა მამუკა ჭიპაშვილის კრებული „ის, რასაც ვერ მოშლი“
ერთხელ სუფრაზე (რაღაც სხვანაირი იუმორი)
გმირები
დროა ასეთი
ისევ ჩამოვლენ
ყავაზე მისაყოლებელი ამბები
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი