მთელი თვე ელოდები ხელფასს იმედით… მოვა და, სიხარულის ნაცვლად იწყებ ნერვიულობას… ანგარიშს, გადათვლას, გადმოთვლას… არ ყოფნის არც ვალებს და არც სხვა საქმეებს… ეძებ გამოსავალს და… ბოლოს, ეგუები… იმიტომ, რომ უმრავლესობა ასეა და ეგუება. უბრალოდ, დროა ასეთი!
- ქორწილსაც და ქელეხსაც, უკვე კარგა ხანია ერთნაირი ემოციით ხვდები… რა დროს ეს იყო ახლა… ჩაცმა გინდა… მისვლა… მოსვლა… მისატანი… გუნებაში დაიანგარიშებ და „იგრუზები“… თუმცა ბოლოს ეგუები… რას იზამ, დროა ასეთი!
- ერთი ნაცნობი მყავს, რომ შემხვდება, სულ მთავრობას ლანძღავს. სულ ამბობს, რომ ამათ დაგვაქციესო… არაფერი გვეშველება ამათ ხელშიო… არადა, სწორედ ამ მთავრობის ხელში შეიძინა ორი ბინა და ერთი აგარაკი… ერთიც ახალი მანქანა. ვერ ვხვდები, რითია უკმაყოფილო. ეტყობა, დროა ასეთი!
- ჩემი მეზობლის, თამაზიას ნახევრადდანგრეულ ქოხში, წყალი ბარე ათგან ჩამოდის. ისე უჭირთ, ნახევრად მშივრები არიან, მარა თამაზიას თავგაბუძგულ გოგოს, ორი წიგნი რო არა აქვს ცხოვრებაში წაკითხული, ხელში ათასლარიანი მობილური ტელეფონი უჭირავს და დღედაღამ შიგ ჩაშტერებია. მე თუ მკითხავ, რა ეტელეფონებათ, სახლში ორი ერთნაირი თეფში არ აქვთ, მარა… ეტყობა, დრო არის ასეთი!
- …რა მაგის პასუხია, და.. აგერ, გივიამ, სამსახურიდან ყოველ გადაცილებულ წუთზე რო ეჭვიანობდა მეუღლეზე და მარტოს მეზობელთანაც არ უშვებდა, ახლა ადგა და თურქეთში გაუშვა სამუშაოდ… ეჭვიანობითაც აღარ ეჭვიანობს. აპა, რა ქნას… ეგუება, დროა ასეთიო!
- ერთი თვის წინ ჩემი კლასელი დიდ თანამდებობაზე დანიშნეს. გამეხარდა… რაც მაგას ჩემიდან დავალება აქვს გადაწერილი, ვინ მოთვლის?… ჰოდა, ვიფიქრე, ვნახავ და რაცხაში მომეხმარება-თქო… თავიდან ვერ მიცნო… თავი რომ გავახსენე, საქმიანად ამომხედა და მითხრა, ახლა არ მცალია, ხვალ დამირეკეო. მას მერე ვრეკავ ყოველდღე… დღეში სამჯერაც… არ მპასუხობს… ეტყობა, დროა ასეთი!
- კლასელზე გამახსენდა, ჩემმა მეზობელმა, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, პოლიტიკოსობას მიჰყო ხელი და ახლა დეპუტატობისთვის ემზადება… დადის ხალხში და გაიძახის, ხალხო, თუ ამირჩევთ, უცხოეთიდან დიდი რაოდენობით ინვესტიციას შემოვიტანო. არადა, მე ხო ვიცი, უცხოეთიდან ინვესტიციების შემოტანა კი არა, ისეთი ზარმაცია, შიმშილით რო კვდებოდეს, მაღაზიიდან სახლში პურის ამომტანი არ არის… თუმცა, ვიცი, ხალხი მაინც მაგას აირჩევს… იმიტო, რო დროა ასეთი!
- ყოველდღე მომდის მობილურ ტელეფონზე მესიჯი, გილოცავთ, თქვენ დაგიმტკიცდათ სესხიო… გამოვიტანე… ვეღარ გადავიხადე… მეორე ბანკმა მიშველა.. გამოვიტანე მეორედან და პირველი ჩავფარე. ახლა მეორეში გავიჭედე… მესამემ შემომთავაზა… არ ვჯავრობ, ყველა ასეა. დროა ასეთი!
- გასულ კვირას შარვლის საყიდლად წავედი მაღაზიაში… დახეული ჯინსი ორჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მთელი… თან, რაც უფრო მეტად დახეული, დაფლეთილი და დაგლეჯილია, მით უფრო კარგია და ხარისხიანი თურმე… ვერ ვგებულობ ლოგიკას, მარა… ვეგუები… დროა ასეთი!
- გუშინ ჩემმა ბიჭმა დამირეკა, შეყვარებული ვარო!.. დავიძაბე… ცოლმა – ნეტა ნასწავლიაო?.. ნეტა ლამაზიაო?.. მე კიდე ვფიქრობ, ნეტა ხო გოგოა?.. რას იზამ, დროა ასეთი!
- კიდევ მინდა რაღაცის თქმა, მარა, მე მგონი, ჯობია ენას კბილები დავაჭირო, თუ არა, ვინ იცის… დროა ასეთი…
მამუკა ჭიპაშვილი
ახლადგამოცემული წიგნიდან „ყავაზე მისაყოლებელი ამბები“